თარიღი: 11/6/2020
ნომერი: 10227
მუხლი: საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება,
კატეგორია: საგადასახადო სანქცია,
შემმოწმებელი: მომსახურების დეპარტამენტი
 

საჩივარი №10227/2/15                                                                                                                                                                                                                     06.11.2015

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

მომჩივანი: შპს „ა--- ფ--“ (ს/ნ ---)
შემმოწმებელი: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, ლ. ხუციშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბარათაშვილის, დ. გაბლიშვილის, ზ. კორძაიას, გ. მალძიგაშვილის, გ. ფერაძის, ნ. ფოდიაშვილის, ზ. ჭუნაშვილის შემადგენლობით, 06.11.2015 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ა-- ფ--“ 14.05.2015 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის დაკისრებული ჯარიმა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახური 23.04.2015 წლის №13188 ბრძანება.

სადავო თანხა: 1385 ლარი (ჯარიმა)

პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ, სსკ-ის 161-ე მუხლის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე, შპს „ა-- ფ--“ მიმართ შედგა 23.01.2015 წლის №AA459374 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
სამართალდარღვევის ოქმის განხილვის შედეგად და კომპიუტერული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით საზოგადოებას დღგ-ში დაერიცხა სულ 4156 ლარი, მათ შორის: ძირითადი თანხა 2770.67 ლარი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე 1385.33 ლარი, რაზეც გამოიცა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 26.01.2015 წლის №1503 ბრძანება და 28.01.2015 წლის №SM459374 (002-22) „საგადასახადო მოთხოვნა“.
მომჩივანმა დარიცხული თანხების გაუქმების მოთხოვნით 25.02.2015 წელს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 23.04.2015 წლის №13188 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სადავო საკითხები:
ფაქტების აღწერა
მომსახურების დეპარტამენტის მიერ დადგინდა, რომ შპს „ა-- ფ--“ 2012 წლის მარტის თვის დღგ-ს დეკლარაციით შემცირებული ჰქონდა დღგ-ს გადასახდელი თანხა.
მიჩნეული იქნა, რომ საზოგადოების მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მოთხოვნები, რისთვისაც დაერიცხა თანხები დღგ-ის სახით 2770.67 ლარის ოდენობით და დაეკისრა ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 1385.33 ლარის ოდენობით.
თანხების დარიცხვის შემდგომ საზოგადოებამ წარადგინა 2012 წლის მარტის თვის დაზუსტებული დეკლარაცია. აღნიშნულის საფუძვეზე, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2015 წლის 3 აპრილის №10724 ბრძანებით საზოგადოებას შეუმცირდა დარიცხული ძირითადი თანხა (2770.67 ლარი), გამოიცა ამავე დეპარტამენტის 07.04.2015 წლის №SM490191 (002-22) „საგადასახადო მოთხოვნა“, ხოლო სანქცია არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას, რადგან გადამხდელის მიერ არ მოხდა დაზუსტებული დეკლარაციით ჩასათვლელი თანხის ცვლილება.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ მომსახურების დეპარტამენტში შპს „ა-- ფ--“ მიმართ 2015 წლის 23 იანვარს შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №AA459374, შპს „ა-- ფ--“ მიერ 2012 წლის მარტის თვეში დღგ-ს დეკლარაციით შემცირებული ჰქონდა დღგ-ს გადასახდელი თანხა 2770.67 ლარით. №AA459374 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმზე 2015 წლის 26 იანვარს გამოცემულია №1503 ბრძანება. აღნიშნული ბრძანებით შპს „ა-- ფ--“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა გადასახადის თანხა შემდეგი ოდენობით:
- დღგ (ძირითადი გადასახადი) 2770.67 ლარი - 2012 წლის 16 აპრილის სავადოთი;
- ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით 1385.33 (2770.67*50%) ლარის ოდენობით;
გადამხდელმა მომსახურების დეპარტამენტის მიერ, თანხის დარიცხვის შემდგომ 2015 წლის 31 მარტს წარმოადგინა 2012 წლის მარტის თვის დაზუსტებული დღგ-ს დეკლარაცია და 2012 წლის მარტის თვეში დაირიცხა 8500.77 ლარი, ხოლო ვინაიდან არ მოხდა დაზუსტებული დეკლარაციით ჩასათვლელი თანხის ცვლილება, სანქცია გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
2015 წლის 03 აპრილის №10724 ბრძანებით შპს „ა-- ფ--“ შეუმცირდა შემოსავლების სამსახურის 26.01.2015 წლის №1503 ბრძანებით დარიცხული თანხა:
- დღგ (ძირითადი გადასახადი) 2770.67 ლარი - 2012 წლის 16 აპრილის სავადოთი.
სსკ-ის 161-ე მუხლი განსაზღვრავს დასაბეგრ ოპერაციას, ოპერაციის თანხას და დროს. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია: „ა) საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც: ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად „ბიუჯეტში შესატანი დღგ მოიცავს დასაბეგრი ბრუნვიდან ბიუჯეტში შესატან დღგ-ის თანხას, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა დასაბეგრ ბრუნვაზე დარიცხულ დღგ-ის თანხასა და ჩასათვლელ დღგ-ის თანხებს შორის“.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად „1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, −იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეზე არსებული მასალებით დასტურდება შპს „ა-- ფ--“ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, არ არსებობს დარჩენილი ჯარიმისგან განთავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები.

მომჩივნის არგუმენტაცია
2012 წლის მარტის თვეში დღგ-ის გადასახდელი თანხის შემცირება გამოწვეულია ტექნიკური შეცდომით. მითითებულ პერიოდში ჩასათვლელი თანხა შეადგენს 11638.71 ლარს. ამდენად მათ ინტერესში არ შედიოდა დღგ-ის გადასახდელი თანხის შემცირება.
ითხოვს დაშვებული ტექნიკური შეცდომის პატიებას და ჯარიმის 1385.33 ლარის მოხსნას, რადან შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. 2014 წლის მარტში ჩამოწერეს 23578.39 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,
1. საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მომჩივანს დაუდგინდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ 2012 წლის მარტის თვის დეკლარაციით კუთვნილი გადასახადის შემცირება. გამოვლენილ სამართალდარღვევაზე მომჩივანს დაერიცხა დღგ-ის ძირითადი თანხა 2770.67 ლარის ოდენობით და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე 1385.33 ლარი. ასევე ირკვევა, რომ ხსენებული თანხების დარიცხვის შემდგომ, მომჩივანმა წარადგინა 2012 წლის მარტის თვის დაზუსტებული დეკლარაცია და დაირიცხა დღგ-ის თანხები 8500.77 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ამავე დაზუსტებული დეკლარაციით მომჩივანს ჩასათვლელი თანხის ცვლილება არ მოუხდენია, დარიცხული ჯარიმა არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას, ხოლო დარიცხული დღგ-ის ძირითადი თანხა გაუქმდა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2012 წლის მარტის თვეში დღგ-ის თანხების შემცირება გამოწვეული ტექნიკური შეცდომით, მისი ინტერესი არ ყოფილა გადასახდელი თანხის შემცირება და ითხოვს დარიცხული ჯარიმის გაუქმებას.
საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მომჩივანს დაუდგინდა კუთვნილი გადასახადის შემცირება, ხოლო საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

ლაშა ხუციშვილი
სხდომის თავმჯდომარე