თარიღი: 1/30/2019
ნომერი: 7388/2/201
მუხლი: საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება,
კატეგორია: საგადასახადო სანქცია,
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
 

 №7388/2/2018 30.01.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „ბ…“
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბარათაშვილის, გ. ეპიტაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. თინიკაშვილის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 30.01.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ბ.-ის“ 28.12.2018 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
დარიცხული ჯარიმა/საურავი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 აპრილის №8934 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის №094-367 საგადასახადო მოთხოვნა.

დარიცხული თანხა: 91 947 ლარი
მათ შორის:
დღგ - 8 167 ლარი
მოგების გადასახადი - - 20 190 ლარი
საშემოსავლო გადასახადი - 42 646 ლარი
ქონების გადასახადი - - 1 481 ლარი
ჯარიმა - 54 406 ლარი
საურავი - 8 399 ლარი

ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 23 მაისის №13687 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საზოგადოების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2017 წლის 18 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2017 წლის 19 დეკემბრის №34441 ბრძანება და №094-367 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც საზოგადოების საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა 91 947 ლარის ოდენობით. მათ შორის, ძირითადი - 29 142 ლარი, ჯარიმა - 54 406 ლარი და საურავი - 8 399 ლარი. დარიცხული ჯარიმა/საურავის გაუქმების მოთხოვნით 2017 წლის 20 დეკემბერს გადასახადის გადამხდელმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 2018 წლის 18 აპრილის №8934 ბრძანებით არ დააკმაყოფილა წარდგენილი საჩივარი. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და სადავო საგადასახადო მოთხოვნა 2018 წლის 18 აპრილს გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2018 წლის 14 ნოემბრის №5698/2/2018 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის №094-367 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმა/საურავის გაუქმების მოთხოვნით 2017 წლის 20 დეკემბერს მომჩივანმა მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 2018 წლის 18 აპრილის №8934 ბრძანებით არ დააკმაყოფილა წარდგენილი საჩივარი. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და სადავო საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა/საურავი 2018 წლის 18 აპრილს გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2018 წლის 14 ნოემბრის №5698/2/2018 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 28.12.2018 წლის №147140-21-04 წერილით დავების განხილვის საბჭოში კუთვნილებისამებრ გამოგზავნილია 2018 წლის 26 დეკემბრის საჩივარი, სადაც მომჩივანი კვლავ ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 19 დეკემბრის №094-367 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა/საურავის გაუქმებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭომ მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე