თარიღი: 4/5/2019
ნომერი: 6484/2/201
მუხლი: დღგ-ს დარიცხვის მართლზომიერება, მოგების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება,
კატეგორია: დღგ, მოგების გადასახადი,
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
 

№6484/2/2018 5.04.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს B
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის(სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბარათაშვილის, დ. გახარიას, გ. თინიკაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 5.04.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს B-ის 15.08.2018 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
1. გადაანგარიშების შედეგების მართლზომიერება:
1.1. სახელმწიფოსათვის გაწეული მომსახურების სასყიდლიან მომსახურებად განხილვა და მისი დაბეგვრა (დღგ, მოგება);
1.2. მშენებარე ფართების რეალიზაციის (დეკლარირებული ნაწილის) დღგ-ით და მოგების გადასახადით დაბეგვრა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2018 წლის №081-115 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.08.2018 წლის №21862 ბრძანება;

დარიცხული თანხა: (-672028) ლარი
მათ შორის:
დღგ - (-468018) ლარი.
ჯარიმა - (-204010) ლარი.

პროცედურული გარემოებები
შპს „ბ“ სადავო თანხები დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების 3.12.2014 წლის აქტის საფუძველზე. შემოწმებამ მოიცვა 01.01.2008 წლიდან 01.05.2013 წლამდე პერიოდი. აღნიშნულის თაობაზე გამოიცა, აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2014 წლის №50598 ბრძანება და №081-92 „საგადასახადო მოთხოვნა“.
სადავო საკითხი განიხილება შემოსავლების სამსახურმა, რომლის 25.05.2015 წლის №17979 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი.
შპს „ბ“ 28.05.2015 წელს წარმოადგინა საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 მაისის №17979 ბრძანების ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით. აღნიშნული საჩივრით წარმოდგენილი იყო სამი სადავო საკითხი (1. სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების ნაწილში თანხების კორექტირება; 2. მშენებარე საცხოვრებელ სახლში ბინების რეალიზაციის დაბეგვრა დღგ-ით და მოგების გადასახადით; 3. არარეზიდენტ კომპანიასთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს და პროცენტის წყაროსთან დაბეგვრა), ხოლო 14.08.2015 წლის განცხადებით, რომელიც წარმოადგინა საბჭოს სხდომაზე, დააზუსტა საჩივარი და წარმოადგინა არგუმენტები დამატებით სადავო საკითხზე (4. სალაროს ნაშთის უპროცენტო სესხად განხილვის გამო დარიცხული თანხები).
საბჭოს 14.08.2015 წლის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ბ“ 28.05.2015 წელს წარმოდგენილი საჩივარი.
შპს „ბ“ 2.10.2015 წელს წარმოადგინა განცხადება საბჭოს 14.08.2015 წლის გადაწყვეტილების აღუსრულებლობის თაობაზე.
აუდიტის დეპარტამენტმა წარმოადგინა 15.10.2015 წლის (№146684-21-14) განცხადება, რომლითაც ითხოვდა საბჭოს 14.08.2015 წლის გადაწყვეტილების განმარტებას.
საბჭოს 4.12.2015 წლის გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს განემარტა, რომ საბჭოს 14.08.2015 წლის გადაწყვეტილება არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს და არ საჭიროებს განმარტებას.
აუდიტის დეპარტამენტმა წარმოადგინა 28.03.2016 წლის (№35226-21-14) სამსახურებრივი ბარათი, რომლითაც ითხოვდა საბჭოს 14.08.2015 წლის გადაწყვეტილების განმარტებას.
საბჭოს 21.04.2016 წლის გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს მიეცა შესაბამისი განმარტება, კერძოდ: საჯარო რეესტრში მშენებარე ბინების საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და ხელშეკრულების შედგენის თარიღის მომენტში, ვინაიდან შეუძლებელია ამ მომენტისათვის ფაქტობრივი ღირებულების ზუსტი განსაზღვრა, გარიგების საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს სახელშეკრულებო ღირებულებიდან, მთლიან საპროექტო ღირებულებაში ხელშეკრულების შედგენის მომენტისათვის ფაქტიურად გაწეული ხარჯების ხვედრითი წილის პროპორციულად. ამასთან, შესაბამისი წლის დეკემბრის თვეში, ხელშეკრულების შედგენის თარიღებიდან საანგარიშო პერიოდის ბოლომდე გაწეული ხარჯების მთლიან საპროექტო ღირებულებაში ხვედრითი წილის პროპორციულად უნდა მოხდეს მიწოდებული სამშენებლო მომსახურების შესაბამისი ღირებულების დაბეგვრა (გრძელვადიანი კონტრაქტების პრინციპებიდან გამომდინარე).
აღნიშნული განმარტების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა „საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე“ 15.07.2016 წლის დასკვნა, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.10.2016 წლის №28224 ბრძანება და №081-184 „საგადასახადო მოთხოვნა“.
აღსრულების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.11.2016 წლის №30633 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 4.11.2016 წლის №30633 ბრძანების აღსრულების მიზნით შედგა აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2016 წლის დასკვნა, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2016 წლის №36357 ბრძანება და 19.12.2016 წლის №081-278 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის თანახმად საზოგადოებას დარიცხვა შეუმცირდა 262118 ლარის ოდენობით.
დავა გაგრძელდა სასამართლო სისტემაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის №3/1100-16 გადაწყვეტილებით:
1. შპს „B“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. ბათილად იყო ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 მაისის №17979 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „B“-ის საჩივარი სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების ნაწილში თანხების კორექტირებაზე და მშენებარე საცხოვრებელ სახლში ბინების რეალიზაციის დაბეგვრაზე დღგ-ით და მოგების გადასახადით.
3. ბათილად იყოს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „B-ის საჩივარი სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების ნაწილში თანხების კორექტირებაზე და მშენებარე საცხოვრებელ სახლში ბინების რეალიზაციის დაბეგვრაზე დღგ-ით და მოგების გადასახადით.
4. სადავო საკითხი გადაუწყვეტლად ბათილად იყო ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის №081-92 „საგადასახადო მოთხოვნა“ და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოების გათვალისწინებით გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2017 წლის №3/ბ-124-17 განჩინებით უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.01.2018 წლის №ბს-710-706(2კ-17) განჩინების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იყო დაუშვებლად, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის განჩინება.
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შედგა აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2018 წლის დასკვნა, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2018 წლის №17254 ბრძანება და №081-115 „საგადასახადო მოთხოვნა“.
აღსრულების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.08.2018 წლის №21862 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
შპს „ბ“ 1.04.2019წ. განცხადების (რეგ. №64313/01) თანახმად, მომჩივანი ითხოვს 15.08.2018 წლის №6484/2/2018 საჩივრის თაობაზე წარმოების შეწყვეტას.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე.
შესაბამისად, ვინაიდან მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 305-ე მუხლით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 


დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე