თარიღი: 4/5/2019
ნომერი: 7687/2/201
მუხლი: საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო,
კატეგორია: პროცედურა,
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
 

№7687/2/2019 5.04.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „მ…“ (ს/ნ 431170868)
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბარათაშვილის, დ. გახარიას, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის, გ. თინიკაშვილის შემადგენლობით, 5.04.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „მ.-ის“ 26.02.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების მართლზომიერება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 1 ოქტომბრის №049-14 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 14 დეკემბრის №36017 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 104 511 ლარი
მათ შორის:
დღგ - 26 699 ლარი
მოგების გადასახადი - 65 ლარი
საშემოსავლო გადასახადი - 19 963 ლარი
ჯარიმა - 55 379 ლარი
საურავი - 2 405 ლარი

ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 12 იანვრის №346 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საზოგადოების საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 19 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2018 წლის 1 ოქტომბრის №27613 ბრძანება და №049-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა 104 511 ლარი. მათ შორის, ძირითადი - 46 727 ლარი, ჯარიმა - 55 379 ლარი და საურავი - 2 405 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2018 წლის 31 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 14 დეკემბრის №36017 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 1 ოქტომბრის №049-14 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა 104 511 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2018 წლის 31 ოქტომბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 14 დეკემბრის №36017 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის გადაწყვეტილებების მონიტორინგის განყოფილების 18.03.2019 წლის №26376-21-04 წერილის და ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების შესაბამისად დგინდება და მომჩივანიც ადასტურებს წარმოდგენილ საჩივარში, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2019 წლის 5 თებერვალს. მისი გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2019 წლის 25 თებერვალს (ორშაბათი), ხოლო საჩივარი აღნიშნული აქტის გაუქმების მოთხოვნით დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 2019 წლის 26 თებერვალს. შესაბამისად, დარღვეულია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.
მომჩივანი არ გამოცხადდა დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე და არ წარმოადგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე