თარიღი: 4/3/2019
ნომერი: 6698/2/201
მუხლი: საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადება,
კატეგორია: პროცედურა, უზრუნველყოფის ღონისძიებები,
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
 

№6698/2/2018

3.04.2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

მომჩივანი: შპს „ლ...ა“ (ს/ნ ...)
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი/ანალიტიკური დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, ლ. ბარნაბიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბარათაშვილის, დ. გაბლიშვილის, დ. გახარიას, გ. ეპიტაშვილის, გ. თინიკაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 3.04.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ლ...ს“ 17.09.2018 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
1. საჩივრის განუხილველად დატოვება გასულია საჩივრის წარდგენის ვადა
2. ქონებაზე ყადაღის დადება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.06.2018 წლის №14403 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 11.06.2018 წლის №007-153 საგადასახადო მოთხოვნა;
3. ანალიტიკური დეპარტამენტის 7.08.2018 წლის №011-1428 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება;
4. შემოსავლების სამსახურის 12.09.2018 წლის №25205 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 150026 ლარი;
დღგ - (-5840 ლარი);
მოგების გადასახადი - 32633 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - 44090 ლარი;
ქონების გადასახადი - (-250 ლარი);
ჯარიმა - 51876 ლარი;
საურავი - 27517 ლარი.

პროცედურული გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა ხორცპროდუქტებით და შერეული საქონლით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2014 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 7.12.2017 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 12.12.2017 წლის №33305 ბრძანება და ამავე თარიღის №007-423 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 10.01.2018 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.02.2018 წლის №2459 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადამხდელს მიეცა წინადადება სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები/არგუმენტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე განეხორციელებინა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.02.2018 წლის №2459 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 4.06.2018 წლის დასკვნა, 11.06.2018 წლის №14403 ბრძანება და 11.06.2018 წლის №007-153 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 15.07.2018 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.07.2018 წლის №19467 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი, საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის გამო.
ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ 7.08.2018 წელს გამოიცა №011-1428 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება, რომელიც 9.08.2018 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 12.09.2018 წლის №25205 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

1. საჩივრის განუხილველად დატოვება გასულია საჩივრის წარდგენის ვადა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის 6.02.2018 წლის №2459 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 4.06.2018 წლის დასკვნა, 11.06.2018 წლის №14403 ბრძანება და 11.06.2018 წლის №007-153 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 15.07.2018 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და რომლის 26.07.2018 წლის №19467 ბრძანებით საჩივარი სსკ-ის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის გამო, დარჩა განუხილველი.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად,
1. საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
3. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 11.06.2018 წლის №14403 ბრძანების და ამავე თარიღის №007-153 საგადასახადო მოთხოვნის მისთვის ჩაბარების/გაცნობის თარიღს და შესაბამისად არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 26.07.2018 წლის №19467 ბრძანებით, აღნიშნულ აქტებზე წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვებას ვადის გასვლის გამო.
საჩივრის თანახმად, 2018 წლის 26 ივლისის (№19467) ბრძანება გასაჩივრებულია, რაც იმას ნიშნავს რომ დავა ფინანსთა სამინისტრის სისტემაში არ დასრულებულა ე.ი. გადაწყვეტილება რომლითაც აუდიტის დეპარტამენტმა ფაქტიურად უარი თქვა 2018 წლის 6 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული ბრძანების აღსრულებაზე ჯერ ძალაში არ არის შესული, რაც ნიშნავს რომ დავის საგანთან დაკავშირებით (გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების საკითხი) საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს ე.ი. არ არსებობს აღიარებული საგადასახადო დავალიანება (ვალდებულება).
გადამხდელის მიერ სადავო აქტებზე (აუდიტის დეპარტამენტის 11.06.2018 წლის №14403 ბრძანება, 11.06.2018 წლის №007-153 საგადასახადო მოთხოვნა; ანალიტიკური დეპარტამენტის 7.08.2018 წლის №011-1428 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება) გამოიცა შემოსავლების სამსახურის 26.07.2018 წლის №19467 და 12.09.2018 წლის №25205 ბრძანებები.
შემოსავლების სამსახურის 7.12.2018 წლის №136055-21-04 წერილის თანახმად,
ა) 6.02.2018 წლის №2459 ბრძანება გადამხდელს ელექტრონულ პორტალზე გაეგზავნა 6.02.2018 წელს და გადამხდელი გაეცნო 9.02.2018 წელს.
ბ) 26.07.2018 წლის №19467 ბრძანება გადამხდელს ელექტრონულ პორტალზე გაეგზავნა 26.07.2018 წელს და გადამხდელი გაეცნო 7.08.2018 წელს.
გადამხდელი განმარტავს რომ ხსენებული ბრძანება გასაჩივრებულია, თუმცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში საჩივარი გადამხდელს არ წარმოუდგენია ასევე, შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 11.10.2018 წლის №114001-21-04 წერილის თანახმად სარჩელი სასამართლში აღნიშნულ ბრძანებაზე არ შესულა.
ამდენად, დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 26.07.2018 წლის №19467 ბრძანებას, გადამხდელი გაეცნო 7.08.2018 წელს, მისი გასაჩივრების 20 დღიანი ვადა ამოიწურა 27.08.2018 წელს და საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 17.09.2018 და 21.11.2018 წელს.
ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში საჩივრდება დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში და გადამხდელს საჩივარი არ წარუდგენია ამ ორგანოებში, ხოლო 17.09.2018 წლის და მის დასაზუსტებლად წარმოდგენილი 21.11.2018 წლის საჩივრებით დარღვეულია, შემოსავლების სამსახურის 26.07.2018 წლის №19467 ბრძანების, გასაჩივრების 20 დღიანი ვადა (27.08.2018წ.), საჩივარი ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი.

2. ქონებაზე ყადაღის დადება
ფაქტების აღწერა
ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ანალიტიკური დეპარტამენტის 7.08.2018 წლის №011-1428 ბრძანებით, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად ყადაღა დაედო შპს „ლ...ს“ საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე (დანართი №2) აისახება დამატებით დარიცხული საგადასახადო და არასაგადასახადო (რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო) ვალდებულები, რომელიც არ არის აღიარებული (მიმდინარეობს დავა) და საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლის თანხები.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად „თუ მიღებული გადაწყვეტილებით საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველი, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დროებითი ბარათიდან სადავო თანხები ავტომატურ რეჟიმში გადატანილი უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. ამასთან, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სადავო თანხები დარჩება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საბოლოო გადაწყვეტილების (კანონიერ ძალაში შესული) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის/შემოსავლების სამსახურისათვის ჩაბარებამდე. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო გადაწყვეტილებით დადგინდება საქათველოს ფინანსთა სამინისტროს/შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვა, სადავო თანხები გადაიტანება ავტომატურ რეჟიმში კვლავ დროებით ბარათზე.
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით შპს „ლ...ს“ 2018 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება ძირითადი გადასახადის სახით 64568.94 ლარი, ჯარიმა 53276 ლარი, საურავი 36651.7 ლარი. აღნიშნულზე ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ სსკ-ის 241-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელის მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების 2018 წლის 7 აგვისტოს №011-1428 ბრძანება, რომლითაც გადამხდელის ქონებას დაედო ყადაღა.
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოქმედი საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია, აგრეთვე ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის დასკვნის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგება;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გადამხდელის ბარათზე ირიცხება თანხები, რომლებიც სსკ-ის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ითვლება აღიარებულად გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 7 აგვისტოს №011-1428 ბრძანება კი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტზე და განმარტავს რომ კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება (შემოწმების აქტთან და საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად) შემოსავლების სამსახურში ე.ი. დაიწყო საგადასახადო დავა.
2018 წლის 6 თებერვალს გამოიცა ბრძანება რომლითაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ეს ბრძანება არ გაუსაჩივრებია რადგან აუდიტის დეპარტამენტს ფაქტიურად დაევალა ახალი აქტის გამოცემა (საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლა და დარიცხული თანხების კორექტირება).
საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
2018 წლის 12 სექტემბრის გასაჩივრებული ბრძანების თანახმად შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 თებერვლის ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 2018 წლის 4 ივნისის დასკვნა შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე და მის შესაბამისად გამოიცა 11 ივნისის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა რომლითაც დარიცხული თანხები არ შემცირდა (მაშინ როცა აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სადავო საკითხების შესწავალა-გამოკვლევა).
აუდიტის დეპარტამენტმა არ აღიარა კანონიერ ძალაში შესული დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება, არ შეისწავლა და არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, თავისი უკანონო გადაწყვეტილება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა წინააღმდეგ „დააფუძნა“ შეუსწავლელ და გამოუკვლეველ მასალებს. 2018 წლის 9 აგვისტოს ითხოვდა, როგორც კანონიერ ძალაში შესული 2018 წლის 6 თებერვლის ბრძანების აღსრულებას, ისე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას. იმ მოტივით, რომ არ არის გადაწყვეტილი გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების საკითხი და არ არსებობს აღარებული საგადასახადო მოთხოვნა.
2018 წლის 12 სექტემბრის ბრძანებაში მითითებულია რომ 2018 წლის 11 ივნისის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა (რომლითაც არ შემცირდა თანხები) გაეგზავნა ელექტრონულად, რომელსაც თითქოს საწარმოს ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი გაეცნო 13 ივნისს. ეს აქტი გასაჩივრდა 2018 წლის 15 ივლისს და 2018 წლის 26 ივლისის ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის გამო.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
მეწარმეთა შესახებ კანონის თანახმად შპს-ს წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირია დირექტორი. ის რომ საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელს გაეგზავნა ელექტრონულად ავტორიზებულ გვერდზე, შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე არ ნიშნავს იმას, რომ საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს 2018 წლის 13 ივნისს ჩაბარდა სამართლებრივი აქტი, შესაბამისად დაიწყო საჩივრის წარდგენისათვის განკუთვნილი ვადის ათვლა.
საჩივრის ვებ გვერდზე განთავსება არ არის საკმარისი საფუძველი იმისათვის რომ უფლებამოსილმა პირმა იცოდა აქტის არსებობის შესახებ, რომ მას ჩაბარდა ეს აქტი და ა.შ.
გარდა აღნიშნულისა, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მოხდა მისგან დამოუკიდებლად.
ადმინისტრაციული საქმის მასალებში არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შპს-ს დირექტორს ჩაბარდა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტი 2018 წლის 13 ივნისს. შესაბამისად არაფრით დასტურდება, რომ 2018 წლის 15 ივლისს, საჩივრის წარდგენის დროს გასული იყო გასაჩივრების ვადა.
თუ ამ დროისათვის მართლაც გასული იყო ეს ვადა (რომლის ათვლაც არასწორად დაიწყო 14 ივნისიდან) შპს-ს დირექტორი რომელსაც არ ჩაბარებია გასაჩივრებული ბრძანება არ შეიძლება სცოდნოდა რომ მისი გასაჩივრების ვადა გადიოდა 2018 წლის 13 ივნისს.
დავის განმხილველი ორგანოსათვის ცნობილი იყო რომ შპს სადაოდ ხდიდა თანხების დარიცხვის მართლზომიერების საკითხს, დავის განმხილველი ორგანოების გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში, შესაბამისად დავის განმხილველი ორგანოსათვის ცნობილი იყო რომ გადასახადის გადამხდელი აგრძელებდა დავას.
მოხელეებისათვს ცნობილია რომ მას უსაფუძვლოდ აქვს დარიცხული მაღალი თანხა, საჩივრის არ არსებობის პირობებშიც კი გადასახადის გადამხდელის უფლებების დაცვის მიზნით მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულია გააკონტროლოს გადასახადის გაანგარიშების სისწორე, გადასახადის გადამხდელს დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხები.
2018 წლის 26 ივლისის ბრძანება გასაჩივრებულია, რაც იმას ნიშნავს რომ დავა ფინანსთა სამინისტრის სისტემაში არ დასრულებულა ე.ი. გადაწყვეტილება რომლითაც აუდიტის დეპარტამენტმა ფაქტიურად უარი თქვა 2018 წლის 6 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული ბრძანების აღსრულებაზე ჯერ ძალაში არ არის შესული.
აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება ნიშნავს რომ დავის საგანთან დაკავშირებით (გადასახადის დარიცხვის მართლზომიერების საკითხი) საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს ე.ი. არ არსებობს აღიარებული საგადასახადო დავალიანება (ვალდებულება).
სსკ-ის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია აღიარებული საგადასახადო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში. რადგან არ არსებობს აღიარებული საგადასახადო ვალდებულება არ არსებობს უზრუნველყოფის გამოყენების საფუძველი.
აღნიშნული გათვალისწინებით ითხოვს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების ბათილობას და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სწორად დადგენა და ამ გარემოების სწორი სამართლებრივი შეფასება (იმის გაკეთება რაც ევალება ადმინისტრაციულ ორგანოს).
საჩივრის დასაზუსტებლად წარმოდგენილი 21.11.2018 წლის საჩივრის თანახმად, აგრეთვე მისი მოთხოვნაა შემოსავლების სამსახურის 6.02.2018 წლის №2459 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლა და არასწორად დარიცხული თანხების კორექტირება.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება, თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისი №13446 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების მე-13 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად,
1. გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე (დანართი №2) აისახება დამატებით დარიცხული საგადასახადო და არასაგადასახადო (რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო) ვალდებულები, რომელიც არ არის აღიარებული (მიმდინარეობს დავა) და საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლის თანხები.
7. იმ შემხვევაში, თუ საგადასახადო მოთხოვნა ან საგადასახადო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და დავების განმხილველმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჩაბარდა გადასახადის გადამხდელს: ე ) თუ მიღებული გადაწყვეტილებით საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველი, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დროებითი ბარათიდან სადავო თანხები ავტომატურ რეჟიმში გადატანილი უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. ამასთან, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სადავო თანხები დარჩება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საბოლოო გადაწყვეტილების (კანონიერ ძალაში შესული) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის/შემოსავლების სამსახურისათვის ჩაბარებამდე. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო გადაწყვეტილებით დადგინდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს/შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვა, სადავო თანხები გადაიტანება ავტომატურ რეჟიმში კვლავ დროებით ბარათზე.
ანალიტიკური დეპარტამენტის 15.10.2018 წლის №115407-21-05 წერილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით შპს „ლ...ს“ 2018 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება: ძირითადი გადასახადის სახით 64568.94 ლარი, ჯარიმა 53276 ლარი, საურავი 36651.7 ლარი (დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული შესაბამის გრაფაში არ ფიქსირდება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელის მიმართ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გამოცემა მართლზომიერია.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

ლერი ბარნაბიშვილი

სხდომის თავმჯდომარე