თარიღი: 5/8/2019
ნომერი: 42355/1/20
მუხლი: დღგ-ს დარიცხვის მართლზომიერება,
კატეგორია: დღგ,
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
 

საჩივარი №42355/1/2019 8.05.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს D
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, ლ. ბარნაბიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბარათაშვილის, დ. გაბლიშვილის, დ. გახარიას, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. თინიკაშვილის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 8.05.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს D-ის 12.04.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.
დავის საგანი:
დღგ-ის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მართლზომიერება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.12.2018 წლის №039-24 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.02.2019 წლის №2513 ბრძანება;

დარიცხული თანხა: 717739.24 ლარი
მათ შორის:
დღგ - 370695 ლარი.
ჯარიმა - 185347 ლარი.
საურავი - 161697.24 ლარი.

ფაქტების აღწერა
მომჩივანს სადავო თანხა დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის 29.10.2018 წლის აქტის საფუძველზე. აღნიშნულის თაობაზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.11.2018 წლის №33599 ბრძანება და №039-24 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.02.2018 წლის №2513 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტრონული ფორმით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება პირის მიერ მისი გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაგზავნიდან (განთავსებიდან) 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და შემოსავლების სამსახურის 23.04.2019 წლის №43309-21-04 სამსახურებრივი ბარათიდან დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 8.02.2019 წლის №2513 ბრძანება მომჩივანს გაეგზავნა გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე 2019 წლის 8 თებერვალს, რომელსაც გაეცნო იმავე დღეს, გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2019 წლის 28 თებერვალს, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის მეშვეობით 2019 წლის 12 აპრილს, გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
ამგვარად, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 305-ე მუხლით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.


ლერი ბარნაბიშვილი
სხდომის თავმჯდომარე