თარიღი: 8/2/2019
ნომერი: 6228/2/201
მუხლი: საჩივრის განუხილველად დატოვება გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად,
კატეგორია: პროცედურა,
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
 

№6228/2/2018 2.08.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „ს. ც. ს“
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ბარათაშვილის, დ. გახარიას, შ. გვენეტაძის, გ. თინიკაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 2.08.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ს. ც. ს.-ს“ 4.07.2018 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 31 მაისის №13486 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 27 მარტის №052-4 საგადასახადო მოთხოვნა;

დარიცხული თანხა: 136 929 ლარი
მათ შორის:
დღგ - 71 093 ლარი
მოგების გადასახადი - 16 330 ლარი
ჯარიმა - 17 964 ლარი
საურავი - 31 542 ლარი

ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 31 მარტის №8668 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საზოგადოების კამერალური საგადასახადო შემოწმება სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის დადგენის მიზნით, რაზეც 2017 წლის 29 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. აღნიშნული შემოწმების შედეგებზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2017 წლის 5 დეკემბრის №32509 ბრძანება და 2018 წლის 6 დეკემბრის №052-38 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც საზოგადოებას ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა 162 677 ლარი. მათ შორის, ძირითადი - 87 423 ლარი, ჯარიმა - 43 712 ლარი და საურავი - 31 542 ლარი. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 13 მარტის №5361 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. საზოგადოება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა 2014 წლის 18 დეკემბრის №52637 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დასადეკლარირებელი პერიოდის არასწორად განსაზღვრის შედეგად 2014 წლის დეკემბრის თვის დღგ-ს დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის საგადასახადო შემოწმნების აქტით დარიცხული თანხებისაგან.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2018 წლის დასკვნა, 27.03.2018 წლის №6475 ბრძანება და ამავე დარიღის №052-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის შესაბამისადაც გადასახადის გადამხდელს ერიცხება 136 929 ლარი. მათ შორის, ძირითადი თანხა 87 423 ლარი, ჯარიმა - 17 964 ლარი და საურავი - 31 542 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2018 წლის 1 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 31 მაისის №13486 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 13 მარტის №5361 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ საზოგადოების საჩივარი, კერძოდ:
გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა 2014 წლის 18 დეკემბრის №52637 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დასადეკლარირებელი პერიოდის არასწორად განსაზღვრის შედეგად 2014 წლის დეკემბრის თვის დღგ-ს დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხებისაგან.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 21 მარტს შედგენილ იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე:
2014 წლის 18 დეკემბრის №52637 ბრძანების საფუძველზე საზოგადოების კუთვნილ ობიექტებზე დაიწყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დაწყებისას, გადამხდელმა წარმოადგინა 2014 წლის მაისისა და ივნისის თვეების დაზუსტებული დეკლარაციები, ასევე დეკემბრის თვის პირველადი დეკლარაცია და დაბეგრა დანაკლისის ნაწილი 286 090 ლარი.
შემოწმებამ იხელმძღვანელა №1704 და №1727 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის სრული თანხა 394 959 ლარი (დღგ-ის გარეშე) ჩართული იქნა 2014 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის ბრუნვებში (ინვენტარიზაციის დაწყების მომენტში). საზოგადოებას დაერიცხა კუთვნილი ძირითადი თანხა - 71 093 ლარი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად - 35 546 ლარი. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 13 მარტის №5361 გადაწყვეტილების საფუძველზე, გადამხდელს შეუმცირდა მის მიერ დეკლარირებული თანხის შესაბამისი ჯარიმა 25 748 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 21 მარტის დასკვნის შესაბამისად გამოიცა 2018 წლის 27 მარტის №6475 ბრძანება და №052-4 საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, აუდიტორის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, „დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.“
საქმეში არსებული მასალებით და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 27 მარტის №052-4 საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 13 მარტის №5361 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, საბჭომ მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე საზოგადოების საჩივარი დატოვებული უნდა იქნეს განუხილველი.

მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ არასწორად მიაჩნია მხოლოდ ჯარიმის შემცირება, რადგანაც აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე მომჩივანმა დააზუსტა 2014 წლის მაისი, ივნისი და დეკემბრის თვის დღგ-ს დეკლარაციები, რომლის შედეგადაც პირად ბარათზე აისახა ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხა. ამავდროულად, ზედმეტად გადახდილმა დღგ-ს თანხამ გადაფარა ბარათზე იმ მომენტისათვის არსებული ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმა და სხვა გადასახადები, რამაც გამოიწვია შემდგომში აუდიტის დეპარტამენტის მიერ დარიცხულ თანხებზე საურავის დარიცხვა. მომჩივანს მიზანშეწონილად მიაჩნია, იმ მომენტისათვის ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხა ჩაეთვალოთ გადახდილ დღგ-ს თანხად, რაც გამოიწვევს გადასახდელი დღგ-ს თანხის და საურავის შემცირებას და ინვენტარიზაციის ჯარიმა დარჩეს ისევ გადაუხდელად.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 6 დეკემბრის №052-38 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, საზოგადოებას ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა 162 677 ლარი. მათ შორის, ძირითადი - 87 423 ლარი, ჯარიმა - 43 712 ლარი და საურავი - 31 542 ლარი. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2018 წლის 13 მარტის №5361 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. საზოგადოება, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა 2014 წლის 18 დეკემბრის №52637 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის დასადეკლარირებელი პერიოდის არასწორად განსაზღვრის შედეგად 2014 წლის დეკემბრის თვის დღგ-ს დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის საგადასახადო შემოწმნების აქტით დარიცხული თანხებისაგან.
აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2018 წლის დასკვნის თანახმად დგინდება, რომ 2014 წლის 18 დეკემბრის №52637 ბრძანების საფუძველზე საზოგადოების კუთვნილ ობიექტებზე დაიწყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დაწყებისას, გადამხდელმა წარმოადგინა 2014 წლის მაისისა და ივნისის თვეების დაზუსტებული დეკლარაციები, ასევე, დეკემბრის თვის პირველადი დეკლარაცია და დაბეგრა დანაკლისის ნაწილი 286 090 ლარი. შემოწმებამ იხელმძღვანელა №1704 და №1727 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის სრული თანხა 394 959 ლარი (დღგ-ის გარეშე) ჩართული იქნა 2014 წლის დეკემბრის თვის დღგ-ის ბრუნვებში (ინვენტარიზაციის დაწყების მომენტში). საზოგადოებას დაერიცხა კუთვნილი ძირითადი თანხა - 71 093 ლარი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად - 35 546 ლარი. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 13 მარტის №5361 გადაწყვეტილების საფუძველზე, გადამხდელს შეუმცირდა მის მიერ დეკლარირებული თანხის შესაბამისი ჯარიმა 25 748 ლარი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, საჩივრის განუხილველად დატოვების თაონაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის შინაარსისა და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 27.12.2018 წლის კანონით საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, ვინაიდან ამ ცვლილებებით, სანქციები, ამავე ნორმებში მითითებული პირობების არსებობისას, შემსუბუქებულია, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს შეფარდებული სანქციების სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 31 მაისის №13486 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დარიცხული სანქციების კორექტირება (შემცირება) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე