თარიღი: 8/2/2019
ნომერი: 8595/2/201
მუხლი: საჩივრის განუხილველად დატოვება საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში,
კატეგორია: პროცედურა,
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
 

№8595/2/2019 2.08.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „ბ...“
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ბარათაშვილის, დ. გახარიას, შ. გვენეტაძის, გ. თინიკაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 2.08.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ბ.-ის“ 21.06.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისათვის შეფარდებული ჯარიმა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
არ დგინდება.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 3 720 ლარი

ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 16 აგვისტოს №22312 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საზოგადოების საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივლისის №19497 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა საზოგადოების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რომლის თანახმადაც გამოვლინდა სმფ-ების აღურიცხავი ნაშთი, რისთვისაც მომჩივანი დაჯარიმდა სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე. ამასთან, მომჩივანს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2018 წლის 28 დეკემბრის №39371 ბრძანება და №028-26 საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა 14 308 ლარით. მათ შორის, ძირითადი - 6 617 ლარი, ჯარიმა - 7 057 ლარი და საურავი - 634 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2019 წლის 5 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 27.02.2019 წლის №4464 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველად მიჩნეულ სმფ-ებზე შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს ინვენტარიზაციის შედეგად აღურიცხავად მიჩნეულ სმფ-ებთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2019 წლის №028-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის შესაბამისად მომჩივანს სრულად შეუმცირდა დარიცხული ძირითადი თანხა და საურავი და დარჩა მხოლოდ ჯარიმა 3 720 ლარის ოდენობით.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.
ამავე კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს წარმოებაში არ იღებს, თუ საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მომჩივანს წერილობით ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა არანაკლებ 5 დღე საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად.
გადასახადის გადამხდელმა 21.06.2019 წელს წარმოადგინა საჩივარი ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საჩივრიდან არ ირკვეოდა მოთხოვნის არსი (რომელი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას ითხოვს მომჩივანი). 26.06.2019 წლის №03/69313 წერილით საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. ხარვეზის გამოსასწორებლად გადასახადის გადამხდელს მიეცა 10 კალედნარული დღე.
საფოსტო გაზვნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად დგინდება, რომ ხარვეზის წერილი 27.06.2019 წელს ჩაბარდა საზოგადოების დირექტორის სრულწლოვან შვილს (ო. ქ.). მომჩივანს არ უცდია ხარვეზის გამოსწორება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე