თარიღი: 10/2/2019
ნომერი: 8584/2/201
მუხლი: საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ კონტროლის ზონის დატოვება, სასაქონლო ოპერაციების პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება,
კატეგორია: საბაჟო ჯარიმები,
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
 

№8584/2/2019

2.10.2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

მომჩივანი: შპს „ჯ...ი“ (ს/ნ ...)
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბარათაშვილის, შ. გვენეტაძის, გ. თინიკაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის შემადგენლობით, 2.10.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ჯ...ის“ 19.06.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.
დავის საგანი:
1. საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა
2. სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 15.04.2019 წლის №EL089660 სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 15.04.2019 წლის №EL089661 სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 29.05.2019 წლის №17244 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 23182 ლარი;
ჯარიმა - 1000 ლარი;
ჯარიმა - 22182 ლარი.
ფაქტების აღწერა
2019 წლის 3 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ კონტროლის ზონაში შევიდა №K3493BK/K0646EE სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო გადამხდელის მიერ №11111/C32235 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული საქონელი (21627,2 კგ. ხის კოჭი, საბაჟო ღირებულება 68976,4 ლარი). აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA“-ს მიერ განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“.
გამომდინარე აქედან, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე და მასში განთავსებულ საქონელზე გამოიწერა №69601/D32577 საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების ადგილად განისაზღვრა გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“.
2019 წლის 4 აპრილს გადამხდელის №69206/21-10-21 განცხადებით გაირკვა, რომ ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, ნაცვლად გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე მოხდა სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა, საქონლის გადმოტვირთვა და განკარგვა. გეზ „თბილისის“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საწყობის დათვალიერება, თუმცა დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, გადამხდელს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-15 და მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის და შეეფარდა ჯარიმები 1000 და 22182 ლარის ოდენობით.
ამასთან, გაუქმდა №11111/C32235 სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია და საგადასახადო კოდექსის 222-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 272-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 15 აპრილს გამოიცა №EL11111/8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს გადასახდელად დაერიცხა 22210,8 ლარი (დღგ 13905 ლარი, იმპორტის გადასახადი 8277 ლარი, საურავი 28,8 ლარი).
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები 30.04.2019 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.05.2019 წლის №17244 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს უკანონოდ განკარგული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო საბაჟო დეპარტამენტს, თავის მხრივ დაევალა მითითებულ ვადაში გადამხდელის მიერ დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს, გაანალიზოს და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს 2019 წლის 15 აპრილის №EL089661 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება) საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-191 მუხლის შესაბამისად, საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახური უთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლზე, რომლის მიხედვით საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას, ხოლო საქონლის დეკლარირება არის ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას. საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა. ზოგადი დეკლარირება კი არის საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის. დეკლარირებული მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილია.
ამავე კოდექსის 214-ე მუხლით დადგენილია, რომ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება საბაჟო კონტროლს. საბაჟო კონტროლის ფორმებია დოკუმენტებისა და მონაცემების შემოწმება. საბაჟო კონტროლს ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი. დეკლარირებული მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით კი საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილია.
სსკ-ის 215-ე მუხლით დადგენილია საქონლის შემოტანის, გატანის და გაფორმების წესები, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე. ამავე მუხლის მიხედვით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანილი საქონლის წარდგენისას ხორციელდება ზოგადი დეკლარირება. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმებიდან საქონლის გატანამდე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას. საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება კი ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს.
შემოსავლების სამსახური ასევე მოიხმობს სსკ-ის 228-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით იმპორტისას საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი, გამოიყენება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილების და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლით დადგენილია გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები, რომლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
სსკ–ის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად - საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-15 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა – იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის მიხედვით, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
სსკ-ის 222-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისათვის გამოიყენება ექსპორტის ან იმპორტის გადასახდელების განაკვეთები, რომლებიც მოქმედებს ვალდებულების წარმოშობის დღეს. ხოლო მე-4 ნაწილის მიხედვით სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე საგადასახადო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რომელმაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, წარმოშობს დეკლარანტის საგადასახადოვალდებულებას, რომელიც განისაზღვრება იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირის მიმართ საგადასახადო სანქციის გამოყენება არ ათავისუფლებს მას კუთვნილი გადასახადების გადახდის ვალდებულებისაგან.
შემოსავლების სამსახურმა საქმეზე წარმოდგენილი მასალის და მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ დადგენილად მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოში უპირობოდ წარსადგენი საბაჟო ზედამხვედველობას დაქვმდებარებული საქონლის, თანხმობის გარეშე გადმოტვირთვის და განკარგვის ფაქტებს.
შემოსავლების სამსახურმა შეისწავლა რა საჩივრის მოტივები, მასში მითითებული გარემოებები, საქმის ირგვლივ არსებული დოკუმენტები, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის ფაქტებს, რაც ასევე წარმოშობს საგადასახადო ვალდებულებას. საჩივარში მოყვანილი გარემოებები და არგუმენტები კი არ წარმოშობს გადასახადის გადამხდელის მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობის გაუქმების ან მისგან გათავისუფლების საფუძველს. სადავო აქტები შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძვლები სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირს აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. შესაბამისად, კანონმდებლობა პირს აკისრებს ვალდებულებას განახორციელოს მის მიერ გადაადგილებული საქონლის წარდგენა და გაფორმება.
საგადასახადო პასუხისმგებლობა არის კონკრეტული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საგადასახადო კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის.
საგადასახადო პასუხისმგებლობა მიზნად ისახავს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას და მას ახასიათებს იურიდიული პასუხისმგებლობის ყველა ნიშანი. საგადასახადო პასუხისმგებლობა იძულებითი ხასიათის ზემოქმედების ღონისძიებათა კომპლექსია და გამოიყენება კონკრეტული საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ, სანქციის სახით, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით და წესით.
შემოსავლების სამსახური ასევე უთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-191 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ამ მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ არსებობს უკანონოდ განკარგული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას იმავე ან იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების 10 პროცენტის ოდენობით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 191 ნაწილით განსაზღვრული საგადასახადო პასუხისმგებლობის გავრცელების საფუძველს წარმოადგენს ამ მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ არსებობს უკანონოდ განკარგული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი“, მე-19 ნაწილის შესაბამისად კი, სამართალდარღვევად განიხილება სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირველადი საგადასახადო დოკუმენტით შესაძლებელია სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელების ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევის შედეგად უკანონოდ განკარგული საქონლის (მათ შორის, მისი ნაწილის) იდენტიფიცირება, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 191 ნაწილით განსაზღვრული სანქციის გამოყენება შესაძლებელია ამ იდენტიფიცირებულ საქონელზე (საქონლის ნაწილზე).
ყოველივე ზემოაღნიშნულზე მითითებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის მიზნით საჩივარში მითითებული სადავო საკითხი უკანონოდ განკარგულ საქონელთან მიმართებაში საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ: საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გადასახადის გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს უკანონოდ განკარგული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო საბაჟო დეპარტამენტს, თავის მხრივ უნდა დაევალოს მითითებულ ვადაში გადამხდელის მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს, გაანალიზოს და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს 2019 წლის 15 აპრილის №EL089661 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება) საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-191 მუხლის შესაბამისად. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სამართალდარღვევის ოქმში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს საწარმო ნაწილობრივ აღიარებს, მაგრამ არც სამართალდარღვევის ოქმის და არც შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ბრძანება რეალურ და ფაქტიურ სურათს არ აღწერს.
საწარმოს ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო მასალების იმპორტი და რეალიზაცია. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მის მიერ მარტო 2018-2019 წლებში საქართველოში იმპორტირებულია ცხრა მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო დანიშნულების პროდუქცია, რომლის ანგარიშშიც მხოლოდ საბაჟო გადასახდელების სახით გადახდილია 1.6 მილიონ ლარზე მეტი. ყველა აღნიშნული ოპერაცია განხორციელდა ყველა საბაჟო პროცედურის ზედმიწევნით დაცვით და ყოველგვარი გართულებებისა და პრობლემების გრეშე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საბაჟო სამართალდარღვევა არ ყოფილა ჩადენილი და პირნათლად ასრულებდა საბაჟო ორგანოს წინაშე არსებულ ვალდებულებებს.
2019 წლის 1 აპრილს საქართველოში წინასწარი დეკლარირების სსდ დეკლარაციით C 32235 შევიდა ერთი ერთეული მანქანა, რომელშიც მოთავსებული იყო საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მოთხოვნადი და საჭირო ხის კოჭები. აღნიშნული ტვირთი შევიდა კომპანიის მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე. ტვირთის შესვლის შემდეგ კონტეინერი გაიხსნა და ტვირთი სრულად იქნა გადმოცლილი ტერიტორიაზე. რის შემდეგაც ცნობილი გახდა რომ წინასწარი დეკლარირების საბაჟო დეკლარაციით შემოტანილი საქონლის განბაჟების პროცედურები დასრულებული არ იყო.
მას შემდეგ რაც მისთვის ცნობილი გახდა იმ ფაქტის შესახებ რომ წინასწარი დეკლარირების საბაჟო დეკლარაციით შემოტანილი საქონლის განბაჟების პროცედურები დასრულებული არ იყო. ოპერატიულად წერილობითი ახსნა-განმარტებით მიმართა საბაჟო ორგანოს მასზედ, რომ ადგილზე მათი დახმარებით მოეხდინათ ტვირთის შემოწმება როგორც რაოდენობრივად ასევე წონის მიხედვით. ასევე დარწმუნებულიყვნენ იმ ფაქტობრივ გარემოებაში რომ ადგილზე ტვირთი სრულად იყო წარდგენილი.
ასევე აღსანიშნავია რომ ტვირთის იდენტიფიცირება სრულიად შესაძლებელია, ვინაიდან აქვს წარწერები მწარმოებლის, პროდუქციის პარამეტრების, მწარმოებელი ქვეყნის და ზომების შესახებ. ასევე საწყობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს უწყვეტი ვიდეო მონიტორინგი. ამით დასტურდება რომ მანქანაში იყო ზუსტად ის საქონელი და იმ რაოდენობით რაც არის აღწერილი საბაჟოზე და საბუთებში იყო წინასწარ დეკლარირებული. საქონელი იყო მოქცეული წინასწარი განბაჟების რეჟიმში, რასაც სათანადო საბაჟო დეკლარაციაც ადასტურებს და შეცდომა დაუშვა იმაში, რომ წინასწარი განბაჟების რეჟიმი უკვე დასრულებული ეგონა, რადგან საბაჟო დეკლარაციაში ეწერა, რომ საბაჟო დღგ გადახდილია. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდებოდა მანქანის გახსნა. უცნობია ის მიზეზიც თუ რატომ არ გაბაჟდა ტვირთი ბათუმის გეზში, ასევე გაუგებარია ის ფაქტიც, რომ ეს ტვირთი საბაჟოს მიერ არცერთ ე.წ. დერეფანში არ იყო ასახული ანუ თავად საბაჟო ორგანოსაც ჰქონდა ამ ნაწილში შეცდომა დაშვებული, რასაც მისი არაშეგნებული შეცდომაც დაემატა. აგრეთვე საქონლის განკარგვა, განადგურება ან დაკარგვა არ მოხდარა.
საქონლის მწარმოებლისგან მიიღო დამატებითი ინფორმაცია, რომელიც საბაჟო ორგანოს უნდა დახმარებოდა ამ კუთხით სიმართლის დადგენაში და რომლის წარდგენაც მათ აუცილებლად გაუადვილებდათ ტვირთის იდენტიფიკაციას. გარდა ამისა, საბაჟო ორგანოს აცნობა რომ მის მიერ ექსპერტებისათვის შეკვეთილი იყო ამ ტვირთის სასაქონლო ექსპერტიზა და რომ ეს ექსპერტიზის მასალებიც, საქონლის მწარმოებლისაგან მიღებული დამატებით ინფორმაციასთან ერთად მათ სრულყოფილად დაეხმარებოდა სიმართლის დადგენაში. გარდა ამისა აღნიშნული საქონელი წამოებულია ევროკავშირის ქვეყანაში და თან ახლავს მისი წარმოშობის სერტიფიკატი, რის გამოც საბაჟო ორგანოს მინიმუმ არ უნდა მოეხდინა ამ საქონელზე იმპორტის გადასახადის დარცხვა და შესაბამისად მისი წილი იმპორტის დღგ-ს დარიცხვაც.
თუმცა სამწუხაროდ მისი წერილობითი მიმართვების საპასუხოდ საბაჟო ორგანოს წარმომადგენელების მხრიდან 2019 წლის 1 აპრილს მხოლოდ ზედაპირულად მოხდა ადგილზე ტვირთის დათვალიერება და არც ის ფაქტი იქნა დაფიქსირებული, რომ ტვირთში არსებულ ყველა საქონელს ჰქონდა თავისი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, ასევე არ იქნა აღნიშნული ის ფაქტი, რომ დამატებით შემოწმების მიზნით შესაძლებელი იყო ვიდეო მონიტორინგის სისტემიდან ვიდეო ჩანაწერის ამოღება. ასევე შემოსავლების სამსახური თავის ბრძანებაში არ საუბრობს იმ ფაქტის შესახებ რომ აღნიშნული ტვირთი წარმოებულია ევროკავშირში და რომ ამ ტვირთზე მის მიერ წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნაც.
გარდა ამისა, საჩივარს ერთვის საქონლის აღწერის საექსპერტო დასკვნა, სადაც დეტალურადაა აღწერილი და დასურათებული საქონლის ჩამონათვალი მათი ზომების და რაოდენობების მითითებით, ასევე საჩივარზე თანდართულია მომწოდებლის გაცემული დოკუმენტაცია მასზედ რომ მართლაც ეს საქონელი იქნა მის მიერ გაგზავნილი, თუმცა საჩივარზე დართული ამ მტკიცებულებებიდან არც საბაჟო დეპრტამენტს და არც შემოსავლების სამსახურს არ შეუსწავლია არცერთი მტკიცებულება, უფრო მეტიც მათ მიერ სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია ადგილზე მხოლოდ ზერელე დათვალიერების გზით, ადგილზე არსებული საქონლის მასზე თანდართული მტკიცებულებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე.
თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მის მიერ საბაჟო სამართალდარღვევა არ ყოფილა ჩადენილი და ყოვლთვის პირნათლად იხდიდა საბაჟო ორგანოს წინაშე არსებულ ვალდებულებებს. შესაბამისად ამ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი ითხოვს სამართალდარღვევის ოქმებით არაშეგნებულად დაშვებული შეცდომის გამო დამატებით დაკისრებული ჯარიმის თანხების პატიებას (გაუქმებას). ასევე, ითხოვს წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე ზედმეტად დარიცხული იმპორტის გადასახდელების შემცირებას.
აღსანიშნია რომ მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მხრიდან დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, რომლის თანახმად ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება (გადასახადების დარიცხვის შესახებ) შეიძლება მიიღოს ყველა ფაქტის და გარემოების სრულად გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რასაც ადგილი არ ჰქონია, ასევე დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარეოებებზე და ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე რომლებიც არ იქნა გამოკვლეული ან შესწავლილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე.
ამავე კოდექსის 289-ე მუხლის მე-15, მე-19 და მე-191 ნაწილების მიხედვით,
15. საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
19. სასაქონლო ოპერაციის განხორციელებამდე შემოსავლების სამსახურთან შეუთანხმებელი ქმედების განხორციელება ან სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
191. ამ მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ არსებობს უკანონოდ განკარგული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას იმავე ან იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების 10 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
დადგენილია, რომ საზოგადოების მიერ 3.04.2019 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ კონტროლის ზონის გავლით შემოტანილ №11111/C32235 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული საქონლისათვის (21627,2 კგ. ხის კოჭი, საბაჟო ღირებულება 68976,4 ლარი) მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA“-ს მიერ განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“, გამოიწერა №69601/D32577 საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა და დანიშნულების ადგილად განისაზღვრა გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“. ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, ნაცვლად გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე მოხდა სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა, საქონლის გადმოტვირთვა და განკარგვა. გეზ „თბილისის“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საწყობის დათვალიერება, თუმცა დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.
საქმეში წარმოდგენილია 10.04.2019 წლის დათვალიერების აქტი, რომლის თანახმად, ამა წლის 10 აპრილს სსდ C 32235(11111) 1.04.2019-ით წინასწარ დეკლარირებული ხის კოჭების, 21627,2 კგ., შემოწმების მიზნით დათვალიერებულია კომპანიის საწყობი. აღნიშნული საქონელი, საგადასახადო ორგანოსთან შეუთანხმებლად იყო გადმოტვირთული, ხოლო სატრანსპორტო საშუალება არ იმყოფებოდა საწყობის ტერიტორიაზე. დათვალიერების შედეგად საბაჟო ორგანოს მხრიდან ვერ მოხერხდა კონკრეტული სასაქონლო პარტიის ზუსტი იდენტიფიცირება.
მომჩივნის განმარტებით, როგორც კი მისთვის ცნობილი გახდა იმ ფაქტის შესახებ, რომ წინასწარი დეკლარირების საბაჟო დეკლარაციით შემოტანილი საქონლის განბაჟების პროცედურები დასრულებული არ იყო, ოპერატიულად, წერილობითი ახსნა-განმარტებით მიმართა საბაჟო ორგანოს, რომ ადგილზე მათი დახმარებით მოეხდინათ ტვირთის შემოწმება როგორც რაოდენობრივად, ასევე წონის მიხედვით. ტვირთის იდენტიფიცირება სრულად შესაძლებელია, ვინაიდან აქვს წარწერები მწარმოებლის, პროდუქციის პარამეტრების, მწარმოებელი ქვეყნის და ზომების შესახებ. ასევე საწყობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს უწყვეტი ვიდეო მონიტორინგი. მისი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ წინასწარი განბაჟების რეჟიმი უკვე დასრულებული ეგონა, რადგან საბაჟო დეკლარაციაში ეწერა, რომ საბაჟო დღგ გადახდილია. გარდა ამისა, საბაჟო ორგანოს აცნობა, რომ მის მიერ ექსპერტებისათვის შეკვეთილი იყო ამ ტვირთის სასაქონლო ექსპერტიზა და რომ ეს ექსპერტიზის მასალებიც, საქონლის მწარმოებლისაგან მიღებულ დამატებით ინფორმაციასთან ერთად მათ სრულყოფილად დაეხმარებოდა სიმართლის დადგენაში. გარდა ამისა, აღნიშნული საქონელი წამოებულია ევროკავშირის ქვეყანაში და თან ახლავს მისი წარმოშობის სერტიფიკატი, რის გამოც საბაჟო ორგანოს მინიმუმ არ უნდა მოეხდინა ამ საქონელზე იმპორტის გადასახადის დარიცხვა და შესაბამისად მისი წილი იმპორტის დღგ-ს დარიცხვაც.
საჩივარს ახლავს, 24.04.2019 წლის დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის სასაქონლო ექსპერტის №04/02 დასკვნა, რომლის თანახმად თბილისში ...-ს ქ. №-ში არსებულ შპს „ჯ...ს“ კუთვნილ საწყობში ღია სივრცეში დასაწყობებული 400 ერთეული 2,9 მ. სიგრძის ხის სამშენებლო კოჭი, 400 ერთეული 3,9მ. სიგრძით სამშენებლო კოჭი და 5.9 მ. სიგრძის 240 ერთეული სამშენებლო კოჭი სრულად შეესაბამება 27.03.2019 წლის №139020263 ინვოისით განსაზღვრულ საქონელს.
საბაჟო დეპარტამენტის 28.06.2019 წლის №74741-21-10 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, შპს „ჯ...ი“ ვალდებული იყო, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის გადმოტვირთვა და განკარგვა განეხორციელებინა სასაქონლო ოპერაციაში გაფორმების დასრულების შემდგომ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ შესრულებულა. რაც შეეხება მომჩივნის განცხადებას ტვირთის იდენტიფიცირების შესაძლებლობის თაობაზე, წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, ხის კოჭებზე დატანილი ინფორმაცია მარკირებისა და სიგრძის შესახებ, ვერ ჩაითვლება საქონლის მაიდენტიფიცირებელ მონაცემად.
შემოსავლების სამსახურის 29.05.2019 წლის №17244 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს უკანონოდ განკარგული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო საბაჟო დეპარტამენტს, თავის მხრივ დაევალა მითითებულ ვადაში გადამხდელის მიერ დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს, გაანალიზოს და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს 2019 წლის 15 აპრილის №EL089661 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება) საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-191 მუხლის შესაბამისად.
ამდენად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ ფაქტზე ჯარიმის შეფარდება და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა კანონშესაბამისია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გთვალისწინების და შემოსავლების სამსახურისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭოს სხდომაზე გადამხდელმა განმარტა რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჯარიმა კორექტირებულია, მის მიერ სადავოა საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული იმპორტის გადასახდელები.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნია, რომ ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გაუქმდა №11111/C32235 სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია და საგადასახადო კოდექსის 222-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 272-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 15 აპრილს გამოიცა №EL11111/8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს გადასახდელად დაერიცხა 22210,8 ლარი (დღგ 13905 ლარი, იმპორტის გადასახადი 8277 ლარი, საურავი 28,8 ლარი).
შემოსავლების სამსახურში 30.04.2019 წელს წარდგენილი საჩივრით გადამხდელი ითხოვდა 15.04.2019 წლის №EL089660 და №EL089661 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ბათილობას, ამასთან საჩივრის თანახმად „საწარმო აღიარებს და სცნობს საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 15 აპრილის №EL11111/8 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ თანხებს და მიაჩნია რომ აღნიშნული ძირითადი გადასახდელების თანხის გადახდის ვალდებულება საწარმოს სწორად და იგივე ოდენობით დაეკისრა, რაც წინასწარი დეკლარირების C-32235 საბაჟო დეკლარაციაში ისედაც იყო მითითებული“.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის თანახმად 2019 წლის 15 აპრილის №EL11111/8 საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელს ჩაბარდა 15.04.2019 წელს, შესაბამისად ვინაიდან სსკ-ის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მისი გასაჩივრების 30 დღიანი ვადა ამოიწურა 15.05.2019 წელს და ვინაიდან გადამხდელს ამავე მუხლის მე-6 ნაწილით არ წამოუდგენია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომელიც დავის დაწყების საფუძველი გახდებოდა, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში სსკ-ის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. საჩივარი 15.04.2019 წლის №EL11111/8 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე