თარიღი: 11/20/2019
ნომერი: 8801/2/201
მუხლი: სათამაშო ბიზნესის საქმიანობის წესების დარღვევა,
კატეგორია: საგადასახადო სანქცია,
შემმოწმებელი: მომსახურების დეპარტამენტი
 

№8801/2/2019

20.11.2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

მომჩივანი: შპს „ი...პ“ (ს/ნ ...)
შემმოწმებელი: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, შ. გვენეტაძის, გ. თინიკაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 20.11.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ი...ს“ 23.07.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე საქმიანობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 6.05.2019 წლის №CB985258 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 3.07.2019 წლის №22211 ბრძანება.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 80000 ლარი.

ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 6.05.2019 წლის №14235 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა გადამხდელის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №19-06/230 ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში (მის: ქ. თბილისი, ... ქ. №70 (იგივე ... №5), ნაკვეთ 031-006-ზე მდებარე გაერთიანებული შენობა-ნაგებობა №5 და №8-ის ერთმანეთთან შიდა კიბით დაკავშირებული პირველი სართულის და ანტრესოლის მთლიანი ფართი №1 სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმება, რომლის დროსაც გამოვლინდა, რომ ობიექტში განთავსებული იყო და თამაშობა მიმდინარეობდა 20 ცალ სათამაშო აპარატზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის მიმართ 6.05.2019 წელს შედგა №CB985258 საგადასახადო სამართალდაღვევის ოქმი და დაეკისრა ფულადი ჯარიმა 80000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 4.06.2019 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.07.2019 წლის №22211 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, რომლის მიზანიცაა საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მიხედვით, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს სანებართვო პირობების შესრულებაზე. ამ მიზნით შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა.
„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის N611-N1013 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვითაც შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ ნებართვის მფლობელის შემოწმება ხორციელდება სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების გზით და შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი შემოწმებას ახორციელებს „სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4, მე-5 და მე-8 პუნქტების თანახმად:
4. სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.
5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინეს მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის მომწყობის (ორგანიზატორის) უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო აპარატის დადგმასა და სალაროს მოწყობაზე.
8. პუნქტების (თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტისფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №996-ის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შესაძენად, მოსაკრებლის გადამხდელი შემოსავლების სამსახურში ელექტრონული ფორმით წარადგენს განაცხადს მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გაცემის მოთხოვნით და მე-5 პუნქტის მიხედვით თუ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი საქმიანობას ანახლებს საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში ან საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში გადამხდელს ემატება დაბეგვრის ახალი ობიექტი, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ამასთან მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება სრულად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მე-60 პრიმა მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. 2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე, გადამხდელის მიერ გადახილ იქნა მოსაკრებელი 2019 წლის 5 აპრილს 140000 (ასორმოცი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი მოსაკრებლის ბარათზე ფიქსირდებოდა ზედმეტად გადახდილად და არ მომხდარა სათამაშო ბიზნესის ნიშნების მოთხოვნა. მოგეხსენებათ აღნიშნული მოსაკრებელი წარმოადგენს კვარტალურ მოსაკრებელს და იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახურის მიერ არ განხორციელდებოდა სათამაშო აპარატების სალონის შემოწმება, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 1 ივლისიდან შეუძლებელი გახდებოდა დადგენა გასულ კვარტალში სათამაშო აპარატების სალონში რამდენი სათამაშო აპარატი ფუნქციონირებდა.
ასევე, ნებართვის მფლობელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ კომპანიას მანამდე არ ჩაუდენია ასეთი ტიპის სამართალდარღვევა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 2019 წლის 23 იანვარს შედგა სამართალდარღვევის ოქმი №CB949603 სადაც ფიქსირდება, რომ ნებართვის მფლობელის მიერ მოწყობილ სათამაშო აპარატების სალონში (ნებართვა №19-06/230) ფსონები მიიღებოდა და თამაშობა მიმდინარეობდა 3 (სამი) ცალ სათამაშო აპარატზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე, რაზედაც შპს „ი...ი“ დაჯარიმდა სსკ-ის 276-ე მუხლით და დაეკისრა ჯარიმა 12000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მასალების და ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა გადაწყვიტა, რომ გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა და არ არსებობს მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 6 მაისის №CB985258 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები.

მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის შესახებ №19-06/230 ნებართვით ფუნქციონირებს ქ. თბილისი, ... ქ. №70 (იგივე ... გამზ. №5)-ში. ობიექტზე, 2019 წლის მეორე კვარტლის დასაწყისისათვის განთავსებული იყო 123 ცალი სათამაშო აპარატი, შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 99-ე მუხლი მე-4 პუნქტის თანახმად: „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შეძენა მოსაკრებლის გადამხდელის მიერ ხდება ყოველი საანგარიშო პერიოდის (კვარტლის) დაწყებამდე, წინა კვარტლის განმავლობაში“, 2019 წლის 28 მარტს, ამავე ბრძანების 99-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით დადგენილი წესით.
შემოსავლების სამსახურში წარდგენილია განაცხადი ID6483918, რომელსაც თან ერთვოდა 123 ცალი სათამაშო აპარატისათვის გადახდილი 492 000 ლარის საგადახდო დავალება, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ დაკმაყოფილდა.
2019 წლის 5 აპრილს, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში დამატებით გადარიცხა 140 000 ლარი, თუმცა შემდგომში ობიექტზე დამატებით განთავსდა მხოლოდ 20 ცალი აპარატი, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის შემოწმების აქტით. მოცემული 20 ცალი სათამაშო აპარატისათვის, მოსაკრებლის გადახდის მიუხედავად, არ მომხდარა სათამაშო ბიზნესის ნიშნების მოთხოვნა, რაც გამოყენებულ იქნა კიდეც კომპანიისათვის ჯარიმის დასაკისრებლად, სსკ-ის 276 მუხლით.
ვინაიდან, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით ჩვენს მიერ სრულად იყო გადახდილი, სამართალდარღვევის ფაქტს არ ეთანხმება შემდეგი სამართლებრივი არგუმენტაციით:
სსკ-ის 276-ე მუხლის თანახმად: პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით. თავის მხრივ კი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 98-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას... სათამაშო აპარატისთვის... ელექტრონულად გაცემული ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში... სათამაშო აპარატების დადგმაზე...
შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გულისხმობს მოსაკრებლის გადახდის ფაქტის დადასტურებას სახელმწიფო ორგანოს მხრიდან ამ შემთხვევაში ნიშნების გაცემის ფორმით, რაც მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის მხრიდან არ ყოფილა გაცემული, ვინაიდან კომპანიის მხრიდან, მოსაკრებლის გადახდის მიუხედავად, მსგავსი მოთხოვნა არ გაკეთებულა, ვერ აბათილებს იმ დადგენილ ფაქტს, რომ, მოსაკრებელი გადახდილი იყო და შემოსავლების სამსახურისათვის ცნობილი იყო სათამაშო აპარატების რაოდენობის გაზრდის შესახებ, კერძოდ: შემოწმების მომენტისათვის 2019 წლის 6 მაისს, შემოსავლების სამსახურში კომპანიის მიერ უკვე წარდგენილი და მათ მიერ დადასტურებული იყო რეგლამენტის ბოლო რედაქცია 157 ცალ სათამაშო აპარატზე, შესაბამისად შემოწმების მომენტისათვის შემოსავლები სამსახურის წარმომადგენლებისათვის ცნობილი იყო, რომ ობიექტზე იდგა 123 ცალ სათამაშო აპარატზე მეტი და აპელირება იმაზე, რომ „თუ შემოსავლების სამსახურის მიერ არ განხორციელდებოდა სათამაშო აპარატების სალონის შემოწმება, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 1 ივლისიდან შეუძლებელი გახდებოდა დადგენა გასულ კვარტალში სათამაშო აპარატების სალონში რამდენი სათამაშო აპარატი ფუნქციონირებდა“, არასწორია.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტმა, კომპანიის მიერ წარდგენილი და მათ მიერ დადასტურებული რეგლამენტის საფუძველზე, ზუსტად იცოდა, რომ სათამაშო აპარატების სალონში განხორციელდა სათამაშო აპარატების რაოდენობის ზრდა, მათთვის ასევე ცნობილი იყო, რომ განხორციელდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამატებითი გადახდა მიმდინარე მე-2 კვარტალის დასაწყისში და რეალურად, მათ მიერ ჩატარებული შემოწმებაც სწორედ ამ ფაქტის დასაზუსტებლად იყო განხორციელებული, თუ რამდენი სათამაშო აპარატი დაემატა მიმდინარე კვარტალში. ამასთან, მიუხედავად წარმოდგენილი რეგლამენტით, სათამაშო აპარატების რაოდენობის გაზრდის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა, როგორც ასევე შემოწმებამ დაადგინა, მათი რაოდენობა გაიზარდა მხოლოდ 20 (ოცი) ერთეულით, რომელზეც მოსაკრებელი იმ დროისთვის უკვე გადახდილი იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადასტურებული ფაქტია, რომ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ნიშნის მოპოვებისათვის განახორციელეს: 1. მოსაკრებლის გადახდა, 2. განცხადებისა და შესაბამისი რეგლამენტის წარდგენა სათამაშო აპარატების სალონში სათამაშო აპარატების გაზრდის შესახებ. შესაბამისად სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის მოპოვების ყველანაირი პირობა სახეზეა, რაც გამორიცხავს სსკ-ის 276-ე მუხლის საფუძველზე ჯარიმის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მიზნებს, რომლებიც სულაც არ ატარებენ ინკვიზიციურ ხასიათს, უპირობო დასჯადობის ასპექტში, პირიქით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (მუხლი -1) მიზნად ისახავს: საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილების უზრუნველყოფა, მოქალაქეთა აღზრდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების ზუსტი და განუხრელი დაცვის, სხვა მოქალაქეთა უფლებების, პატივისა და ღირსების, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის, დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების სულისკვეთებით.
გარდა ამისა, კოდექსის 264-ე მუხლი მიუთითებს ადმინისტრაციული წარმოებისას არსებული მოცემულობების შეფასებაზე: ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი... გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიის მხრიდან 1) ადგილი არ ჰქონია განზრახვას სამართალდარღვევის ჩასადენად, უფრო მეტიც - უმთავრესი ვალდებულება - მოსაკრებლის გადახდა შესრულებულ იქნა; 2) სამართალდარღვევით არ დამდგარა არანაირი ზიანი; 3) ინანიებს უნებლიედ განხორციელებულ ნაწილობრივ უმოქმედობას (ვინაიდან, უმთავრესი - მოსაკრებლის გადახდა განხორციელდა) და შესაბამისად მიაჩნია, რომ მსგავსი სიდიდით, 80000 ლარით, დაჯარიმება არამართლზომიერია.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, პირის საქმიანობა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ან სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ობიექტის დალუქვის გარეშე, თუ ასეთი ვალდებულება დადგენილია კანონით, იწვევს პირის დაჯარიმებას ამ ობიექტის მიხედვით კუთვნილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადასახდელი თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინის მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისათვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობისთვის და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თოთოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინის მაგიდების, კლუბის მაგიდების, სათამაშო აპარატების დადგმაზე, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის ან/ და სალაროების მოწყობაზე.
ამავე ინსტრუქციის 99-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად,
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შესაძენად, მოსაკრებლის გადამხდელი შემოსავლების სამსახურში ელექტრონული ფორმით წარადგენს განაცხადს მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გაცემის მოთხოვნით.
2. განაცხადში მიეთითება მოქმედი სამორინის მაგიდების, კლუბის მაგიდის, სათამაშო აპარატის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროს რაოდენობა ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოსაწყობი თამაშობა. განაცხადს უნდა დაერთოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა ხდება მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.
4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის შეძენა მოსაკრებლის გადამხდელის მიერ ხდება ყოველი საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) დაწყებამდე, წინა კვარტალის განმავლობაში.
5. თუ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელი საქმიანობას ანახლებს საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში ან საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში გადამხდელს ემატება დაბეგვრის ახალი ობიექტი, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე, ამასთან მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება სრულად.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4, მე-5 და მე-8 პუნქტების თანახმად:
4. სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.
5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინეს მაგიდისთვის, კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის მომწყობის (ორგანიზატორის) უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო აპარატის დადგმასა და სალაროს მოწყობაზე.
8. თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.
დადგენილია, რომ გადამხდელის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №19-06/230 ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების დროს გამოვლინდა, რომ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე ობიექტში განთავსებული იყო და თამაშობა მიმდინარეობდა 20 ცალ სათამაშო აპარატზე.
შემოსავლების სამსახურის №70 შემოწმების აქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ 2019 წლის 6 მაისის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ნებართვის მფლობელის მიერ ორგანიზებული სათამაშო აპარატების სალონის შიდა და გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შედეგად მიღებულ ჩანაწერებში ფიქსირდება წყვეტები. კერძოდ, წყვეტები ფიქსირდება გარე კამერების ჩანაწერებში 2019 წლის 7 აპრილს 07:59 საათიდან 08:06 საათის ჩათვლით, 2019 წლის 12 აპრილს 05:40 საათიდან 05:51 საათის ჩათვლით. ასევე, წყვეტები ფიქსირდება შიდა კამერების ჩანაწერებში 2019 წლის 7 აპრილის 07:42 საათიდან 20:30 საათის ჩათვლით, 07:44 საათიდან 07:50 საათის ჩათვლით, 08:00 საათიდან 08:07 საათის ჩათვლით. წყვეტების შესახებ დეტალური ინფორმაცია აღწერილია ვიდეომასალაში, რომელიც ერთვის აქტს. შემოსავლების სამსახურის 6.05.2019 წლის №14235 ბრძანების საფუძველზე შპს „ი...ის“ ნებართვა №19-06/230 კუთვნილ სათამაშო აპარატების სალონში განხორციელდა სანებართვო პირობების შემოწმება, რომლის დროსაც გამოვლინდა რომ ობიექტში განთავსებული იყო და თამაშობა მიმდინარეობდა 20 ცალ სათამაშო აპარატზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის გარეშე, რაც სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად იწვევს პირის დაჯარიმებას.
საჩივრის თანახმად, ობიექტზე 2019 წლის მეორე კვარტლის დასაწყისისათვის განთავსებული იყო 123 ცალი სათამაშო აპარატი, რაც განაცხადით ეცნობა შემოსავლების სამსახურს და წარედგინა შესაბამისი საგადასახდო დავალებები. 2019 წლის 5 აპრილს, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში დამატებით გადარიცხა 140 000 ლარი, თუმცა შემდგომში ობიექტზე დამატებით განთავსდა მხოლოდ 20 ცალი აპარატი. მოსაკრებლის გადახდის მიუხედავად, არ მომხდარა სათამაშო ბიზნესის ნიშნების მოთხოვნა, (რის გამოც დაჯარიმდა) რაც ვერ აბათილებს იმ დადგენილ ფაქტს, რომ, მოსაკრებელი გადახდილი იყო და შემოსავლების სამსახურისათვის ცნობილი იყო სათამაშო აპარატების რაოდენობის გაზრდის შესახებ. რეალურად, მათ მიერ ჩატარებული შემოწმებაც სწორედ ამ ფაქტის დასაზუსტებლად იყო განხორციელებული, თუ რამდენი სათამაშო აპარატი დაემატა მიმდინარე კვარტალში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადასტურებული ფაქტია, რომ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ნიშნის მოპოვებისათვის განახორციელებულია მოსაკრებლის გადახდა და განცხადებისა და შესაბამისი რეგლამენტის წარდგენა სათამაშო აპარატების სალონში სათამაშო აპარატების გაზრდის შესახებ.
საჩივარს ახლავს, 6.05.2019 წლის ID6622787 მომსახურების დეპარტამენტის წერილი, რომლის თანახმად, წარდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობებში განხორციელებული ცვლილება შეთანხმებულია შემოსავლების სამსახურთან.
მომსახურების დეპარტამენტის 1.08.2019 წლის №92155-21-11 წერილის თანახმად, რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შემოსავლების სამსახურისთვის ცნობილი იყო, რომ ობიექტზე განთავსებული იყო 123 აპარატზე მეტი, რადგან რეგლამენტით 157 აპარატი იყო შეთანხმებული არ შეესაბამება რეალობას, რადგან შესაძლებელია ნებართვის მფლობელმა შემოსავლების სამსახურთან რეგლამენტით შეათანხმოს მისთვის გამოყოფილ მოსაკრებლის ნიშნებზე მეტი სათამაშო აპარატი და სანამ არ მოხდება მოსაკრებლის ნიშნის გამოყოფა დამატებულ აპარატებზე, ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია მიმართოს შემოსავლების სამსახურს ამ აპარატების დალუქვის მოთხოვნით და სათამაშო დარბაზშივე მოხდება სათამაშო აპარატების დალუქვა. რა დროსაც ნებართვის მფლობელს აღნიშნულ აპარატებზე მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება. აქედან გამომდინარე, ერთადერთი უტყუარი გზა იმის დასადგენად, თუ რამდენი სათამაშო აპარატი იყო განთავსებული სათამაშო დარბაზში (რომლებზეც თამაშობა მიმდინარეობდა) იყო სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმება. იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ საანგარიშო კვარტალში შემოსავლების სამსახურის მიერ არ განხორციელდებოდა სანებართვო პირობების შემოწმება, ნებართვის მფლობელს აღნიშნული თანხა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ექნებოდა ზედმეტობაში და ნებისმიერ დროს შეძლებდა მის დაბრუნებას ან/და გამოყენებას.
ამდენად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის ორგანიზატორის უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში შესაბამისი ფორმის თამაშობის ან/და სალაროების მოწყობაზე. აღნიშნული ნიშნის შესაძენად მოსაკრებლის გადამხდელი განაცახდით მიმართავს შემოსავლების სამსახურს და ითხოვს მასზე გაიცეს მოსაკრებლის გადახდის ნიშანი, განაცხადში უთითებს სალაროს რაოდენობას ან/და მოსაწყობ თამაშობას და ურთავს მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, ამასთან თუ საანგარიშო პერიოდის (კვარტალის) განმავლობაში გადამხდელს ემატება დაბეგვრის ახალი ობიექტი, მაშინ მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაიცემა მიმდინარე საანგარიშო კვარტალზე და მოსაკრებელი საანგარიშო პერიოდზე გადაიხდება სრულად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად გადამხდელის მიერ მოსაკრებლის გადახდისა და განაცხადის და საგადახდო დავალების წარდგენისა ვინაიდან, მის მიერ არ მომხდარა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების მოთხოვნა, შესაბამისად იგი საქმიანობდა ხსენებული ნიშნის გარეშე და მის მიმართ ჯარიმის შეფარდება კანონშესაბამისია და არ არსებობს სანქციის და შემოსავლების სამსახურის ბრძანების გაუქმების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე