თარიღი: 9/11/2020
ნომერი: 11055/2/20
მუხლი: სასაქონლო ოპერაციების პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება,
კატეგორია: საბაჟო ჯარიმები,
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
 

ქ. თბილისი

11.09.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №11055/2/2020

მომჩივანი: შპს „ჯ…ს“ (ს/ნ …)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, ზ. ძნელაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, შ. გვენეტაძის, შ. კომლაძის, დ. ლაშხიას, დ. მოლოდინის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 11.09.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ჯ…ის“ 24.08.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №11055/2/2020).

დავის საგანი:
საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 27.02.2020 წლის №EL110238 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 5.05.2020 წლის №12324 ბრძანება.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 9 151 ლარი.

ფაქტების აღწერა
2020 წლის 27 თებერვალს, მომჩივანს გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ №EL110240 და №EL110238 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების პირველი ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის და შეეფარდა 1 000 და 9 151 ლარი.
აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმები 13.04.2020 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.05.2020 წლის №12324 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2020 წლის 27 თებერვლის №EL110240 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული სანქცია.
ამავე ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს უკანონოდ განკარგული საქონლის მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თავის მხრივ, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელს საქონლის მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის წარსადგენად განუსაზღვროს გონივრული ვადა. განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტმა შეისწავლოს, გაანალიზოს და თუ შესაძლებელი იქნება უკანონოდ განკარგული საქონლის იდენტიფიცირება, იმ საქონელთან, რომელზეც არსებობს საქონლის მიწოდების დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განახორციელოს 2020 წლის 27 თებერვლის №EL110238 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისი კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 5.05.2020 წლის №12324 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
შემოსავლების სამსახურის 1.09.2020 წლის №90937-21-04 წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 5.05.2020 წლის №12324 ბრძანებას გადამხდელი გაეცნო 6.05.2020 წელს. ამდენად, აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, იყო 11.06.2020 წელი, საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 24.08.2020 წელს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
ამასთანავე, მომჩივანი არ უთითებს გასაჩივრების ვადის გაშვების რაიმე საპატიო მიზეზზე, რაც გაშვებული ვადის აღდგენის საფუძველი იქნებოდა.
შესაბამისად, ვინაიდან დარღვეულია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საბჭოში გასაჩივრების 20 დღიანი ვადა, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძვლით უნდა დარჩეს განუხილველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დარჩეს გნუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.