თარიღი: 9/4/2020
ნომერი: 10164/2/20
მუხლი: საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად,
კატეგორია: საბაჟო ჯარიმები,
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
 

ქ. თბილისი

4.09.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №10164/2/2020

მომჩივანი: ბ. ფ. (ს/ნ ...)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, ზ. ძნელაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბოლოთაშვილის, დ. გახარიას, შ. გვენეტაძის, შ. კომლაძის, დ. ლაშხიას, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით 4.09.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ბ. ფ.-ის 13.03.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №10164/2/2020).

დავის საგანი:
საქონლის (საწვავის) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 22.12.2019 წლის №EL105886 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 9.03.2020 წლის №6922 ბრძანება.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი.

ფაქტების აღწერა
2019 წლის 22 დეკემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა აზერბაიჯანში რეგისტრირებული „DAF“-ის მარკის სატვირთო ავტომანქანა (სახ/ნ ...), რომელსაც მართავდა ბ. ფ.
სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ გამწევზე დამონტაჟებული იყო საწვავის ორი ავზი, რომელშიც განთავსებული იყო დაახლოებით 770 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი.
ღია წყაროებზე დაყრდნობით (WWW.DAFTLT.RU), აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას ქარხნულად დამონტაჟებული აქვს მხოლოდ ერთი, 620 ლიტრიანი საწვავის ავზი. შესაბამისად, ჩაითვალა, რომ სატრანსპორტო საშუალების არასტანდარტული ავზით ბ. ფ.-ს შემოჰქონდა დაახლოებით 150 ლიტრი არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავი.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მომჩივანს 2019 წლის 22 დეკემბრის №EL105886 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1 000 ლარი.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი 23.12.2019 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.03.2020 წლის №6922 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილი ადგენს, რომ ამ კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის გამოყენება არის ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლება და არა ვალდებულება.
კონკრეტული ავზი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა შესაძლებლობას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა გამწევი ძალის შესაქმნელად მისი ფუნქციონირებისთვის. იგი უნდა შეესაბამებოდეს სპეციფიკური ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (ზოგადი მახასიათებლები), რომლებსაც უცილობლად უნდა აკმაყოფილებდეს.
ვინაიდან საქმეში არსებული მასალიდან დგინდება, რომ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაზე დამონტაჟებული ავზი არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც მწარმოებელმა გამოიყენა მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, მასში მოთავსებული საწვავი იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლებულ საქონლად არ განიხილება, შესაბამისად, ადგილი აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის შემოტანას, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით.
სამართლებრივი ნორმების ანალიზის, ფაქტობრივი გარემოებების და საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს დადგენილად მიაჩნია საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

მომჩივნის არგუმენტაცია
სატვირთო ავტომანქანა ნაყიდია ევროპაში, მასზე ქარხნულად დამონტაჟებული, 840 და 400 ლიტრიანი, საწვავის ავზებით. სამი წელია მუშაობს დამსაქმებელთან და მისთვის არ იყო ცნობილი, რომ მის სატვირთოს ეკუთვნის 620 ლიტრი. ითხოვს გაფრთხილების შეფარდებას, რადგან ვერ შეძლებს ჯარიმის გადახდას, მისი შემოსავალი თვეში არ აღემატება 800 ლარს.
სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდით, რადგან 620 ლიტრი ავზი საერთოდ არ აქვს სატვირთოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩაასხა 500 ლიტრი საწვავი, რაც ეყოფოდა დანიშნულების ადგილამდე.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჭ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად დაკავშირებულ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავის იმპორტი.
ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან გათავისუფლებულია საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად,
5. საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული, EX/II, EX/III, FL, AT ან MEMU-ს ტიპის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც განკუთვნილია და დაშვებულია ასეთი ტვირთის გადასატანად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიზნებისათვის ტერმინი „სტანდარტული ავზი“ ნიშნავს ავზს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა შესაძლებლობას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა როგორც გამწევი ძალის შესაქმნელად, ისე ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №36 დადგენილებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ ტექნიკური რეგლამენტის პირველი დანართის მე-2 მუხლის თანახმად, დასაშვებია სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენება საწვავის დამატებითი ავზებისა, რომლებიც სერტიფიცირებულია/დაშვებულია (შემდგომში – სერტიფიცირებულია) მოცემული ტიპის ან/და მოდელის სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაში. დამატებითი საწვავის ავზები დაყენებული და დამაგრებულ უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალებაზე დამამზადებლის მიერ გათვალისწინებულ ადგილზე საბაზო სატრანსპორტო საშუალების ანალოგიური კონსტრუქციის, რაოდენობის და მასალის სამაგრი ელემენტებით.
საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ შესაბამის საიტზე (WWW.DAFTLT.RU) გადამოწმებით ირკვევა, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოსულ „DAF“-ის მარკის სატვირთო სატრანსპორტო საშუალებას ქარხანა-დამამზადებლის მიერ დამონტაჟებული აქვს ერთი 620 ლიტრიანი საწვავის ავზი. შესაბამისად დგინდება, რომ მომჩივანი ცდილობდა 150 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავის შემოტანას არასტანდარტული (კუსტარული) ავზით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საბაჟო დეპარტამენტის 6.04.2020 წლის №36546-21-10 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ბ. ფ. სისტემატიურად გადაადგილდება (2019 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით მას უფიქსირდება 351 საზღვრის კვეთა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე, შესაბამისად მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი მოქმედი შეზღუდვების შესახებ.
ვინაიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, ხოლო ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების არასტანდარტული ავზით ბ. ფ.-ს შემოჰქონდა არადეკლარირებული დიზელის ტიპის საწვავი, მისთვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჯარიმის შეფარდება კანონშესაბამისია.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.