თარიღი: 3/18/2021
ნომერი: 11284/2/20
მუხლი: საშემოსავლოს გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება,
კატეგორია: საშემოსავლო გადასახადი,
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
 

ქ. თბილისი

18.03.2021

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №11284/2/2020

მომჩივანი: ლ. მ. (ს/ნ ...)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ. ადეიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), ნ. ბაბუხადიას, შ. გვენეტაძის, შ. კომლაძის, დ. ლაშხიას, დ. მოლოდინის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 18.03.2021 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ლ. მ.-ის 21.09.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №11284/2/2020). საჩივრის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია ზ. ძნელაშვილს თვითაცილების გამო.

დავის საგანი:
უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემული პროცენტიანი სესხით მიღებული შემოსავლის დაბეგვრა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.05.2019 წლის №052-4 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.07.2019 წლის №24054 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 4 372 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 2 197
ჯარიმა - 1 098
საურავი - 1 077

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი ახდენს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი პროცენტიანი სესხების გაცემას.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 22.04.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.05.2019 წლის №14419 ბრძანება და 8.05.2019 წლის №052-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 10.05.2019 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.07.2019 წლის №24054 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის სესხის მიმღები პირების ნოტარიულად დადასტურებული ახსნა-განმარტებები სადავო პერიოდში გადახდილი სესხის პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ. ამასთან, აუდიტს დეპარტამენტს დაევალა მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ სადავო პერიოდში ფაქტობრივად მიღებული შემოსავლის ოდენობის განსაზღვრა და აღნიშნულის გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 17.07.2019 წლის №24054 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა ამ პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
მომჩივნის მიერ სადავოა აუდიტის დეპარტამენტის 8.05.2019 წლის №052-4 საგადასახადო მოთხოვნაზე წარდგენილ საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული 17.07.2019 წლის №24054 ბრძანება.
შემოსავლების სამსახურის 25.09.2020 წლის №101201-21-02 წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 17.07.2019 წლის №24054 ბრძანება 19.07.2019 წელს ჩაბარდა ადრესატის რძალს, ი. ქ.-ს (პ/ნ ...).
მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას განმარტა რომ ის ცხოვრობს ქ. ....ში. შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ბრძანების გამოცემისას იმყოფებოდა საზღვარგარეთ, როგორც კი დაბრუნდა საქართველოში და მისთვის ცნობილი გახდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების შინაარსი არ დაეთანხმა და გაასაჩივრა. აღნიშნულის საფუძველზე თვლის რომ ჩაბარების ვადის ათვლა არ უნდა დაიწყოს (თბილისში მისი შვილის მისამართზე) მისი რძლის მიერ სადავო ბრძანების ჩაბარების თარიღიდან.
შემოსავლების სამსახურში 10.05.2019 წელს საჩივარი წარდგენილია მომჩივნის წარმომადგენლის ი. ქ.-ის მიერ 1.02.2019 წელს გაცემული მინდობილობის საფუძველზე (მინდობილობა გაცემულია ერთი წლის ვადით). შემოსავლების სამსახურის 17.07.2019 წლის №24054 ბრძანება გაგზავნილი და ჩაბარებულია წარმომადგენლის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარზე მითითებულ მისამართზე.
ამდენად, შემოსავლების სამსახურის 17.07.2019 წლის №24054 ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 8.08.2019 წელი, საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 21.09.2020 წელს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას ან/და არგუმენტაციას სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.