თარიღი: 6/18/2021
ნომერი: 12399/2/20
მუხლი: საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა,
კატეგორია: საგადასახადო ჯარიმები,
შემმოწმებელი: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
 

ქ. თბილისი

18.06.2021


გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №12399/2/2021


მომჩივანი: გ. ე (ს/ნ )
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, ზ. ძნელაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, გ. ბასილაძის, შ. გვენეტაძის, შ. კომლაძის, გ. მაისურაძის, დ. მოლოდინის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 18.06.2021 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება გ ლ 1.03.2021 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №12399/2/2021).

დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება და საქონლის ჩამორთმევა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.09.2020 წლის №CB1105591 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2021 წლის №3117 ბრძანება.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 10 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.

ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.09.2020 წლის №CB1105591 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების (სახ. ნომ.), გადამოწმების დროს (30.06.2020 წ. 23:15 სთ) გამოვლინდა 12740 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - დახერხილი ხე-მასალის (19.6 მ3 X 650 ლარი), ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე, რისთვისაც მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილის საფუძველზე განესაზღვრა სანქცია - ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.
ამასთან გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევისთვის, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.09.2020 წლის №CB1105590 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
ორივე სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.02.2021 წლის №3117 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.09.2020 წლის №CB1105590 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ფულადი ჯარიმა, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 12.02.2021 წლის №3117 ბრძანება 15.09.2020 წლის №CB1105591 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 286-ე მუხლის 32 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე და მიიჩნევს, რომ საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 12740 ლარის ღირებულების 19.6 მ3 დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 15 სექტემბრის №CB1105591 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ სამართალდარღვევად მიჩნეული ფაქტი გამოვლენილია 2020 წლის 30 ივნისს 23:15 საათზე, ხოლო ოქმი შედგენილია 2020 წლის 15 სექტემბერს 18:01 საათზე ანუ გასულია 2 თვიანი ხანდაზმულობის ვადები.
ანალოგიურ საქმეებთან დაკავშირებით მომჩივანი მიუთითებს ინდ. მეწარმე ვახტანგ მელიქიძის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებასა და ვლადიმერ გოგოლაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც სააპელაციო უზენაესმა სასამართლომ დატოვა ძალაში. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით სამართალდარღვევის გამოვლენიდან თუ 2 თვის ვადაში არ შედგება სამართალდარღვევის ოქმი ხანდაზმულია.
სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახდო კოდექსით მოწესრიგებულია საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები. გამოვლენისა თუ სახდელის დადების წესი და საგადასახადო კოდექსი ერთმანეთისგან განასხვავებს საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს. ამასთან სამართალდარღვევათა მსგავსი დიფერენცირება გამოწვეულია იმ საფუძვლით, თუ კონკრეტულად რომელი ნორმატიული აქტით არის გათვალისწინებული სამართალდარღვევის სახე და გამოსაყენებელი სახდელი, რაც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ფართო გაგებით საგადასახადო სამართალდარღვევა მიეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთ-ერთ სახეს და შესაბამისად, თუკი საქართველოს საგადასახადო კოდექსი არ შეიცავს რაიმე სპეციალურ წესს, საგადასახადო სამართალდარღვევაზე რეაგირება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს. შესაბამისად სახდელის გამოყენების მომენტისთვის გასული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ორთვიანი ვადა.
მომჩივანი მოითხოვს ბათილად იქნას ცნობილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.09.2020 წლის №CB1105591 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შემოსავლების სამსახურის 12.02.2021 წლის №3117 ბრძანება 15.09.2020 წლის №CB1105591 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ნაწილში.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის, შესაბამისად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საგადასახადო ორგანო. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოება რეგულირდება საგადასახადო კანონმდებლობით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის აღნიშნული საკითხი ვერ დარეგულირდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 15.09.2020 წლის №CB1105591 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.