თარიღი: 7/30/2021
ნომერი: 13031/2/20
მუხლი: საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირება, რეალიზაცია და აღურიცხველობა,
კატეგორია: საგადასახადო ჯარიმები,
შემმოწმებელი: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
 

ქ. თბილისი

30.07.2021

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №13031/2/2021

მომჩივანი: შპს „კ“ (ს/ნ )
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი


საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, ზ. ძნელაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, გ. ბასილაძის, შ. გვენეტაძის, შ. კომლაძის, დ. ლაშხიას, გ. მაისურაძის, დ. მოლოდინის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 30.07.2021 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „კ“ 17.05.2021 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №13031/2/2021).

დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის დაკისრებული ჯარიმა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.03.2021 წლის №CB1131634 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 29.04.2021 წლის №13667 ბრძანება.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 000 ლარი.

ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.03.2021 წლის №CB1131634 წლის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივნის მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების (სახელმწიფო ნომერი:) გადამოწმების დროს (12.03.2021 წ. 11:59 სთ) გამოვლინდა 10500.73 ლარის საბაზრო ღირებულების საქონელის („გაყინული საქონელი“) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.04.2021 წლის №13667 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 286-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 12 მარტის №CB1131634 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

მომჩივნის არგუმენტაცია
12 მარტს მანქანა მოძრაობდა ქუთაისიდან სამტრედიის მიმართულებით. გააჩერეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა და დაუწერეს ჯარიმა 5000 ლარი იმის გამო, რომ არ ჰქონდა სასაქონლო ზედნადები. მანქანა არის მაცივარი და შეუძლია საქონლის ხანგრძლივად შენახვა. სასაქონლო ზედნადები იყო წინა დღეს ატვირთული და აქტიური, რომლითაც იმუშავა 11 მარტს გაყიდა ნაწილი საქონელი და დანარჩენი გასაყიდად მიჰქონდა სამტრედიაში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მომჩივნის დაჯარიმებასთან დაკავშირებით არის არასწორი, რადგან მანქანას გააჩნდა აქტიური სასაქონლო ზედნადები.
აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის პირველი შემთხვევაა და ითხოვს ფულადი ჯარიმის 5000 ლარის გაუქმებას.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
მხარეთა არგუმენტაციის შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო აღნიშნავს, რომ სასაქონლო ზედნადები უნდა შეივსოს ელექტრონულად საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე, ამდენად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 12.03.2021 წლის №CB1131634 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.