თარიღი: 4/5/2019
ნომერი: 7833/2/201
მუხლი: სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა,
კატეგორია: საგადასახადო სანქცია,
შემმოწმებელი: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
 

№7833/2/2019 5.04.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „ლ…“ (ს/ნ 406239404)
შემმოწმებელი: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბარათაშვილის, დ. გახარიას, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის, გ. თინიკაშვილის შემადგენლობით, 5.04.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ლ.-ის“ 18.03.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
შერჩევითი ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობისთვის შეფარდებული ჯარიმის მართლზომიერება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. შემოსავლების სამსახურის 26.02.2019 წლის №4107 ბრძანება;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.02.2019 წლის №CB951712 სამართალდარღვევის ოქმი.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 200 ლარი

ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 1.02.2019 წლის №CB951712 სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, ინვენტარიზაციის შედეგად 3,20 ლარის საბაზრო ღირებულების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისთვის, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა 200 ლარით. აღნიშნული ოქმი 2019 წლის 5 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 26.02.2019 წლის №4107 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან ირკვევა, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 23 იანვრის №ბ-7172/2018-9 ბრძანების საფუძველზე, საზოგადოების სამეწარმეო საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე ჩატარებული იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შერჩევითი ინვენტარიზაცია, რა დროსაც გამოვლენილი იქნა 3,2 ლარის (საბაზრო ღირებულებით) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ლიტვური ლუდის პური 375 გრ-იანი). აღნიშნულის საფუძველზე შედგენილი იქნა №CB951712 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებული იქნა მოქმედი საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეთერთმეტე ნაწილის შესაბამისად, კერძოდ „გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლომატერიალური ფასეულობების გამოვლენისათვის“. ვინაიდან აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: გ) გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის
გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ოდენობით“, ამავე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით "ამ მუხლის მე-4 ნაწილით ან მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 31-ე პრიმა მუხლის თანახმად:
1. „საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების
გარეშე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადასახადის გადამხდელის სმფ-ების ცალკეულ სახეობათა მიხედვით შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე.
2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ წესის 27-ე მუხლში მითითებული საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის გარეშე, გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით, მოახდინოს სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, ამ წესის 30-ე მუხლის პირველი – მე-2, მე-4 – მე-8, მე-12, მე-14 – მე-20 და 25-ე პუნქტებით საინვენტარიზაციო კომისიისათვის დადგენილი პროცედურების შესაბამისად. სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შემდეგ, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს ,,შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ“ (დანართი №221).
3. შერჩევითი ინვენტარიზაციისას თითოეული საგანი უნდა შემოწმდეს ვიზუალურად და საინვენტარიზაციო აღრიცხვებში შეტანილ იქნეს იმ ღირებულებით და საზომ ერთეულებში, რომელშიც წარმოებს მათი რეალიზაცია.
4. შერჩევითი ინვენტარიზაციის დროს შემოსული ფასეულობების მიღება ხდება სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით და იმ შემთხვევაში, თუ ხდება ისეთი სახეობის ფასეულობის მიღება, რომელზეც მიმდინარეობს შერჩევითი ინვენტარიზაცია, აღნიშნული სმფ საინვენტარიზაციო აღრიცხვაში შეიტანება ცალკე ოქმით („შერჩევითი ინვენტარიზაციის დროს შემოსული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ” (დანართი №222). ოქმში მიეთითება როდის და ვისგანაა მიღებული სმფ, ასევე, საქონლის შემოსვლის დოკუმენტის თარიღი და ნომერი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ერთეულის ფასი და გადახდილი/გადასახდელი თანხის ოდენობა.
5. როდესაც შერჩევითი ინვენტარიზაცია დიდ დროს მოიცავს ან არსებობს ისეთი სმფ-ების დაზიანების, განადგურების, ვარგისიანობის ვადის გასვლის და სხვა გარემოება, რომლის შერჩევითი ინვენტარიზაცია მიმდინარეობს, გადასახადის გადამხდელის წერილობითი მოთხოვნით და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით, დასაშვებია ინვენტარიზაციის პროცესში საწარმოში სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით ფასეულობათა საწყობიდან (საწყობებიდან) გაცემა. ასეთ დროს ინვენტარიზებული სმფ-ები აღრიცხვაში შეიტანება ცალკე ოქმში „შერჩევითი ინვენტარიზაციის დროს გაცემული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ” (დანართი №223). ოქმში მიეთითება როდის და ვისზეა გაცემული სმფ, ასევე გასავლის დოკუმენტის თარიღი და ნომერი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ერთეულის ფასი და მიღებული/მისაღები თანხის ოდენობა.
6. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სმფ-ის ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის (დანართი №224) მიხედვით.
7. სმფ-ის სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ეს სმფ-ები უნდა ჩაითვალოს, როგორც სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სმფ-ები.
8. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახდენს სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის და ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი მონაცემების შედარებას და ყოველივე ეს შეაქვს „შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების
ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“ ოქმში (დანართი №225).
ზემოაღნიშნული მუხლის, წარმოდგენილი მასალებისა და მტკიცებულებების განხილვის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად, ამდენად საზოგადოების საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ლიტვური ლუდის პურის შეძენა ყოველთვის ხდებოდა შპს „ე. დ.-გან“. მათ შორის, შემოწმების მომენტისათვის ნაშთი - 2 ცალი ლიტვური ლუდის პური, 375 გრ მიღებული იყო იმავე დღეს ზედნადები ელ-0428477661/4, 11:54 სთ, ხოლო ძველი ნარჩენი პური უკან დაბრუნდა გამყიდველზე ზედნადებით ელ-0428495680. ზედნადებით მიღებული პროდუქციის დასახელებაში მითითებულია ლიტვური ლუდის პური, 400 გრ, ხოლო პროდუქციაზე წერია 375 გრ + 25 გრ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს შესაბამის კორექტირებას.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
ამავე კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება, − იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.03.2019 წლის №30654-21-12 წერილის შესაბამისად დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 23 იანვრის №ბ-7172/2019 ბრძანების საფუძველზე, საზოგადოების სამეწარმეო საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შერჩევითი ინვენტარიზაცია, რა დროსაც გამოვლინდა 3,2 ლარის (საბაზრო ღირებულებით) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (ლიტვური ლუდის პური 375 გრ-იანი). აღნიშნულის საფუძველზე შედგა № CB951712 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა მოქმედი საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეთერთმეტე ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენისათვის. ვინაიდან აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება არ აღემატებოდა 1 000 ლარს, გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის ჩატარებისას ჰქონდა №0428477661/4 სასაქონლო ზედნადები, რომლითაც ფიქსირდებოდა საქონლის მიღება. მომჩივანი მიუთითებს, რომ პურს შეფუთვაზე აწერია 375+25 გრ, ხოლო აღნიშნულ პურს გამყიდველი აწვდის სასაქონლო ზედნადებებით, სადაც საქონლის დასახელაბაში შეტანილია ლუდის პური 400 გრ.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წერილის თანახმად, შესწავლილია გადასახადის გადამხდელის სასაქონლო ზედნადებები, სადაც ფიქსირდება 400 გრ-იანი ლუდის პური. ინვენტარიზაციისას აღწერილი პური კი 375 გრამიანია, რაც დადასტურებულია მაღაზიის გამყიდველის ს. კ.-ის ხელმოწერით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის პოზიციასთან დაკავშირებით, საზოგადოების წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ გამყიდველი (ს. კ.) არ იყო ინფორმირებული სადავო საკითხებზე.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევა გამოწვეული იყო შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს შეფარდებული სანქციისაგან.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 26.02.2019 წლის №4107 ბრძანება;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 01.02.2019 წლის №CB951712 სამართალდარღვევის ოქმი;
4. გაუქმდეს სადავო ოქმის საფუძველზე შეფარდებული სანქცია;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე