თარიღი: 4/3/2019
ნომერი: 7783/2/201
მუხლი: საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო,
კატეგორია: პროცედურა,
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
 

№7783/2/2019

3.04.2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

მომჩივანი: მ. მ. (ს/ნ ...)
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი (შემოსავლების სამსახური)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, ლ. ბარნაბიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბარათაშვილის, დ. გაბლიშვილის, დ. გახარიას, გ. ეპიტაშვილის, გ. თინიკაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 3.04.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება მ. მ.-ის 12.03.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება გასულია საჩივრის წარდგენის ვადა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2018 წლის №002-413 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.02.2019 წლის №2320 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 190 ლარი
მიწა-არასასოფლო - 106 ლარი;
ჯარიმა - 53 ლარი;
საურავი - 31 ლარი.

ფაქტების აღწერა
ქალაქ თბილისში, ... ქუჩა №27-ში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო მიწაზე (საკადასტრო კოდი ....110) ქონების (მიწის) გადასახადის საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 19.12.2018 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდტის დეპარტამენტის 24.12.2018 წლის №37759 ბრძანება და 24.12.2018 წლის №002-413 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადამხდელს ჩაბარდა 29.12.2018 წელს. საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 30.01.2019 წელს.
შემოსავლების სამსახურის 6.02.2019 წლის №2320 ბრძანებით საჩივარი სსკ-ის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
ერთიანი ელექტრონული ბაზის ინფორმაციით დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნას გაეცნო 2018 წლის 29 დეკემბერს, ხოლო შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია 2019 წლის 30 იანვარს.
სსკ-ის 299-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301 მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ვინაიდან, მომჩივნის მიერ გაშვებულია სსკ-ის 299-ე მუხლით დადგენილი საჩივრის საგადასახადო ორგანოში წარდგენის ვადა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ პუნქტის საფუძველზე შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის მიერ გაგზავნილ საგადასახადო მოთხოვნას, რომელიც მიიღო 17 გვერდად, გაეცნო 2018 წლის 29 დეკემბერს. საგადასახადო მოთხოვნაში მითითებულ დროში სათანადო რეაგირება ვერ მოახდინა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 2019 წლის თებერვალში კი დავის განმხილველ ორგანოში წარადგინა განცხადება-საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ საგადასახადო მოთხოვნის თანახმად მასზე განკუთვნილი არასასოფლო მიწაზე გადასახდელად დაერიცხა 106 ლარი, რასაც დაემატა ჯარიმა და საურავი. აღნიშნულის პასუხი არ მიუღია, რის გამოც მიაკითხა გლდანის რაიონში შემოსავლების სამსახურს. აღმოჩნდა რომ პასუხი მოხვდა დიღმის მასივში არსებულ საქართველოს ფოსტის ფილიალში და რომ არ მიაკითხა, ვინაიდან არ იცოდა მისი არსებობა, დაბრუნდა უკან. შემდეგ ჩაიბარა ახალი ასლი და წარმოდგენს საჩივარს.
ამ მიწის გადასახადს იხდიდნენ შოკოლადის საწარმოს ამხანაგობა „მ...ს“ არა კანონიერად დაუფლებული უპასუხისმგებლო ე.წ. მინდობილი პირები მ. დ. და ე.თ., რომელთა მიმართაც მან გარკვეულ ჯგუფთან ერთად, 55 კაცის შემადგენლობით, აღძრა საჩივარი რადგან იცოდა რომ ისინი არ იხდიდნენ გადასახადებს. შეიყვანეს აუდიტი, რომელმაც აღმოაჩინა დარღვევები და მათ შორის ოთხი წლის მიწის გადასახადის გადაუხდელობა.
ითხოვს ვადის დარღვევა ჩაითვალოს საპატიოდ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ჯარიმის და საურავის გადაუხდელობა ნუ ჩაითვლება დაუდევრობად ან გვერდის ავლად და განულდეს, რადგან როგორც კი მისთვის ცნობილი გახდა გადაიხადა გადასახადი, ხოლო ჯარიმა და საურავი მისი მიზეზით არ დაკისრებია.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად,
1. საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
3. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
4. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
6. წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა: გ) მის საცხოვრებელ ადგილზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მიხედვით,
1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
2. საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
4. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
6. 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
10. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2019 წლის №27610-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი 2018 წლის 19 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2018 წლის 24 დეკემბრის №37759 ბრძანება და 2018 წლის 24 დეკემბრის №002-413 საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელს ჩაბარდა საფოსტო დაწესებულების საშუალებით 2018 წლის 29 დეკემბერს (შაბათი), საიდანაცა გასაჩივრების 30 დღიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 28 იანვარს (ორშაბათს). საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2019 წლის 30 იანვარს.
საქმეში წარმოდგენილია საფოსტო დაწესებულების ჩაბარების დოკუმენტი სადაც ფიქსირდება, რომ შემოსავლების სამსახურის 21-14/156847 წერილი (რომლითაც გაიგზავნა ზემოთ ხსენებული დოკუმენტები) ჩაბარდა 29.12.2018 წელს თ. მ.-ის (პ/ნ ...), სრულწლოვან შვილს.
მომჩივანი განმარტავს, რომ ვადის დარღვევა გამოწვეულია მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, თუმცა აღნიშნულზე რაიმე სახის მტკიცებულებას არ/ვერ წარმოადგენს.
ამდენად, სადავო აქტების კანონით დადგენილი გასაჩივრების 30 დღიანი ვადა ამოიწურა 28.01.2019 წელს, მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინება ვერ მოხდება რადგან მომჩივანი ვერ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული, ასევე, ვერ უთითებს ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებებზე, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განუხილველად დატოვება მართებულია.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

ლერი ბარნაბიშვილი

სხდომის თავმჯდომარე