თარიღი: 5/31/2019
ნომერი: 4928/2/201
მუხლი: საჩივრის განუხილველად დატოვება გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად,
კატეგორია: პროცედურა,
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
 

 №4928/2/2017 31.05.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „ბ…“
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ბარათაშვილის, გ. ეპიტაშვილის, გ. თინიკაშვილი, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 31.05.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ბ.-ის“ 5.11.2017 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
1. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად;
2. დავის განახლება ახლად აღმოჩენილი გარემოებით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 ოქტომბრის №27284 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 18 ივლისის №086-47 საგადასახადო მოთხოვნა.

დარიცხული თანხა: 372 282 ლარი
მათ შორის:
დღგ - 97 268 ლარი
მოგების გადასახადი - 103 843 ლარი
საშემოსავლო გადასახადი - 493 ლარი
ქონების გადასახადი - 1 260 ლარი
ჯარიმა - 91 262 ლარი
საურავი - 78 156 ლარი

ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 18.05.2016 წლის №-13648 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 18.11.2016 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი და გამოიცა 22.11.2016 წლის №32739 ბრძანება და 24.11.2016 წლის №086-45 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა 365 839 ლარი. მათ შორის, ძირითადი - 196 421 ლარი, ჯარიმა - 91 262 ლარი და საურავი - 78 156 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 24.12.2016 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 31.01.2017 წლის №2162 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა 9.03.2017 წლის №086-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ერიცხება 372 282 ლარი. აღნიშნული 8.04.2017 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 04.05.2017 წლის №11957 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშების საკითხი და შესწავლის შედეგად, ტექნიკური უსწორობების აღმოჩენის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). ამასთან, ფასნამატის პროცენტის და პურის დანაკარგის განსაზღვრის საკითხში საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.07.2017 წლის №086-47 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც არ მომხდარა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება. აღნიშნული 15.08.2017 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2017 წლის 10 ოქტომბრის №27284 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით სადავოა აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 18 ივლისის №086-47 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად დარიცხული თანხები.
„შპს „ბ.-თან“ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.03.2019 წლის №576 განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად, შპს „ბ…“ ითხოვს საგადასახადო შეთანხმების გაფორმებას 7.11.2018 წლის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე რიცხულ სალდირებულ საგადასახადო დავალიანების თანხაზე. ამავე განკარგულების მეორე პუნქტში მითითებულია, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი წინადადებების გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალა საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმება.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 მარტის №576 განკარგულების საფუძველზე 2019 წლის 19 აპრილს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება შპს „ბ…“-სა და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადასახადის გადამხდელსა და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის, გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე 2019 წლის 19 აპრილს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, საბჭომ მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე