თარიღი: 8/16/2019
ნომერი: 7871/2/201
მუხლი: საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო,
კატეგორია: პროცედურა,
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
 

№7871/2/2019 16.08.2019
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „კ...“
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბარათაშვილის, დ. გახარიას, შ. გვენეტაძის, დ. რუხაძის, გ. თინიკაშვილის შემადგენლობით, 16.08.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „კ.-ის“ 19.03.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
დარიცხული თანხების მართლზომიერება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 26 დეკემბრის №006-943 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 26 თებერვლის №4137 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 33 822 ლარი
მათ შორის:
დღგ - - 78 ლარი
მოგების გადასახადი - 17 391 ლარი
ქონების გადასახადი - 275 ლარი
ჯარიმა - 12 167 ლარი
საურავი - 4 067 ლარი

ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 10 აგვისტოს №21406 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საზოგადოების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 24 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის შესაბამისად:
საზოგადოების მიერ წარმოდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის (გამოწერილი ელექტრონული ზედნადებების, ანგარიშ-ფაქტირების, ხელშეკრულებების) მონაცემების ანალიზის შედეგად, 2015 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავალი განსხვავდება დეკლარირებული მონაცემისგან. დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის ერთობლივი შემოსავალი სსკ-ის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.
გადამხდელს 2015-2016 წლის მოგების გადასახადის დეკრაციებში გამოქვითვების ნაწილში არასწორად აქვს ასახული შეძენილი საქონელი, ნედლეული და მასალები. შემოწმების შედეგად 2015 წელს გამოსაქვითი ხარჯები შემციდა 19 780 ლარით, 2016 წელს - 10 061 ლარით. გადამხდელს შეძენილი ხე-ტყის შეძენა დოკუმენტურად არ ჰქონდა დადასტურებული. გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის და სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შემოწმებამ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხე-ტყის ხარჯებით შეამცირა 2015-2016 წლების გამოქვითვების ნაწილი.
საზოგადოების მიერ წარმოდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის, ბუღალტრულ პროგრამასა და შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების ანალიზის შედეგად, მოგების დეკლარაციიდან გამოსაქვითი სხვადასვა ხარჯი განსხვავდება დეკლარირებული მონაცემისგან. შემოწმების შედეგად დაზუსტდა გამოსაქვითი ხარჯები. სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა სხვადასხვა ხარჯის ოდენობა.
სსკ-ის 97-ე და 982 მუხლების და გადასახადების ადმინისტრირების შესახებ საქართველოს ფინანასთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, შემოწმებით დადგიდნა, რომ საზოგადოების მიერ 2017-2018 წლების საანგარიშო პერიოდში შესწყიდული 78 347 ლარის ღირებულების ხე-ტყის შეძენის ამსახველ ზედნადებში მითითებული ფირნიშის ნომერი არასწორია. შემოწმების შედეგად საზოგადოებას დაერიცხა კუთვნილი მოგების გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის დაჯარიმდა სსკ-ის 275-ე მუხლის საფუძველზე.
საზოგადოების მიერ წარმოდგენილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის (გამოწერილი ელექტრონული ზედნადებების) მონაცემების ანალიზის შედეგად, 2015-2018 წლის დღგ-ს დასაბგრი ბაზა განსხვავდება დეკლარირებული მონაცემისგან. დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბაზა სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე 2018 წლის 26 დეკემბერს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №38271 ბრძანება და №006-943 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც საზოგადოებას დაერიცხა 33 822 ლარი. მათ შორის, ძირითადი - 17 588 ლარი, ჯარიმა - 12 167 ლარი და საურავი - 4 067 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2019 წლის 23 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2019 წლის 26 თებერვლის №4137 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტმა უნდა იმსჯელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს აღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, სსკ-ის 269-ე მუხლის 2¹ ნაწილის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 26 დეკემბრის №006-943 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, საზოგადოებას დაერიცხა 33 822 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2019 წლის 23 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2019 წლის 26 თებერვლის №4137 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის გადაწყვეტილებების მონიტორინგის განყოფილების 22.03.2019 წლის №29103-21-04 წერილის და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მომაცემების თანახმად დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2019 წლის 26 თებერვალს, მისი გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2019 წლის 18 მარტს (ორშაბათი), ხოლო საჩივარი აღნიშნული აქტის გაუქმების მოთხვნით დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 2019 წლის 19 მარტს. შესაბამისად, დარღვეულია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.
ამასთან, საზოგადოების წარმომადგენელი არ გამოცხადდა საბჭოს სხდომაზე და არ წარმოადგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე