თარიღი: 10/2/2019
ნომერი: 8261/2/201
მუხლი: სასაქონლო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის ან წარმომადგენლის მიერ,
კატეგორია: საბაჟო ჯარიმები,
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
 

№8261/2/2019

2.10.2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

მომჩივანი: შპს „ო…ი“ (ს/ნ …)
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბარათაშვილის, შ. გვენეტაძის, გ. თინიკაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის შემადგენლობით, 2.10.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ო…ის“ 7.05.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 5.03.2019 წლის №EL087115 სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 19.04.2019 წლის №11980 ბრძანება.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 3911 ლარი.

ფაქტების აღწერა
2019 წლის 15 თებერვალს წინასწარი დეკლარირებით, სსდ 11114/C3744, გადამხდელის მიერ იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადდა ცელოფნის ჩანთები 1000000 ერთეული, სატარიფო საბაჟო ღირებულებით 27619,47 ლარი.
მიმდინარე წლის 26 თებერვალს სსდ 11114/C3744 მონაცემთა ავტორიზირებული სისტემა ASYCUDA-ს მიერ შეირჩა ყვითელ დერეფანში. გაფორმების ეკონომიკურ ზონა „აეროპორტის“ უფლებამოსილი თანმშრომლის მიერ განხორციელდა დეკლარაციის კამერალური შემოწმება, რომლის დროსაც გამოვლინდა რომ წარდგენილი პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი (CCPIT70020190093302) არ იყო ორიგინალი.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბაჟოს გენერალური ადმინისტრაციის 2017 წლის 15 დეკემბრის წერილის მიხედვით განმარტებულია წარმოშობის სერტიფიკატის ფორმები და სახეები, ასევე განსაზღვრულია „ასლის-COPY“ განმარტება, რომლის თანახმადაც წარმოშობის სერტიფიკატზე დატანილია სწრაფი რეაგირების კოდი, რომელზეც ორიგინალი სერტიფიკატის შემთხვევაში წარწერა, FORGED, უნდა იკითხებოდეს მხოლოდ ფოტოკოპის საშუალებით. წარდგენილ წარმოშობის სერტიფიკატში (CCPIT70020190093302) თვალითაც იკითხება სიტყვა - FORGED.
იმპორტის გადასახდელების შემცირების ფაქტზე, გეზ „აეროპორტის“ მიერ 2019 წლის 5 მარტს შედგენილია №EL087115 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადამხდელს პასუხისმგებლობა დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 3911 ლარის (შემცირებული იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 27.03.2019 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.04.2019 წლის №11980 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახური უთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლზე, რომლის მიხედვით საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა. საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოსსაბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.
საგადასახადო კოდექსის XXXI თავით დადგენილია იმპორტის გადასახდელების გამოყენების პირობები და საგარეო ვაჭრობის მარეგულირებელი სხვა ნორმები.
ამავე კოდექსის 210–ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი არის მონაცემთა სისტემატიზებული ერთობლიობა, რომელიც შედგება:
ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურისაგან (შემდგომში – სეს ესნ); ბ) იმპორტის გადასახდელების განაკვეთებისაგან ან/და შეღავათებისაგან, რომლებიც გამოიყენება სეს ესნ-ში მოცემული საქონლის მიმართ;
გ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი შეღავათებისაგან (პრეფერენციებისაგან);
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან, რომლებიც გამოიყენება სეს ესნ-ში მოცემული საქონლის მიმართ.
სსკ-ის 212-ე მუხლის მიხედვით საქონლის წარმოშობის ქვეყანა განისაზღვრება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმები, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა, მისი შევსებისა და გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის 37-ე მუხლის მე-9 პუნქტი ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ სასაქონლო დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის პროცესში შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა არსებობდეს, ორიგინალის სახით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 213-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გამოყენების მიზნებისათვის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ნიშნავს საქონლის დეკლარირების დღისათვის მის შეფასებას.
ამავე კოდექსის 214-ე მუხლის თანახმად დეკლარირებული მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილია. საბაჟო კონტროლს ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლით დადგენილია გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. სსკ-ის 270-ე მუხლის თანახმად საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
სსკ-ის 289-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ – იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქმეზე წარმოდგენილი მასალიდან დგინდება, რომ 2019 წლის 15 თებერვალს წინასწარი დეკლარირების საშუალებით, სსდ 11114/C3744-ით, მომჩივნის მიერ იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადდა საქონელი, რაზეც შეირჩა ყვითელ დერეფანი და განხორციელდა დეკლარაციის კამერალური შემოწმება, რა დროსაც გამოვლინდა რომ წარდგენილი პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი (CCPIT700 20190093302) არ იყო ორიგინალი.
ამდენად, დოკუმენტებში არასწორი მონაცემების არსებობით შემცირდა იმპორტის გადასახდელები, რაც წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ საგადასახადო სამართალდარღვევას.
საგადასახადო პასუხისმგებლობა არის კონკრეტული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საგადასახადო კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის. საგადასახადო სანქცია ნორმის ელემენტია, რომელიც ითვალისწინებს უარყოფით შედეგებს საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორცილებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური უთითებს სსკ-ის 218-ე მუხლზე, რომლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილებები შეტანილ იქნეს:
ა) საქონლის გაშვებამდე, საგადასახადო ორგანოს ინიციატივით, საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას, თუ დადგინდა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა;
ბ) საქონლის გაშვებამდე, დეკლარანტის ინიციატივით, თუ საგადასახადო ორგანოს არ შეუტყობინებია დეკლარანტისთვის ამ საბაჟო დეკლარაციის შემოწმების განზრახვა ან არ დაუდგენია დეკლარირებული მონაცემების მცდარობა;
გ) საქონლის გაშვების შემდეგ, დეკლარანტის ინიციატივით, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე.
შემოსავლების სამსახური დაეთანხმა საბაჟო დეპარტამენტის მოსაზრებებს და დასკვნებს სადავო საკითხთან მიმართებაში და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დასტურდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემების არსებობით, იმპორტის გადასახდელების შემცირებაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის, ფაქტობრივი გარემოებების და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს დადასტურებულად მიაჩნია ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტი. სამართალდამრღვევის მიმართ შედგენილი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შეფარდებული სანქცია კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. ამდენად, მომჩივნის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც სხვა ბიზნეს-საქმიანობასთან ერთად ახორციელებს თამბაქოს წარმოების პროცესში პროდუქციის შესაფუთად გამოსაყენებელი ცელოფნის ჩანთების ექსპორტს (საბაჟო კოდი 3926), აღნიშნული არაერთგზის განუხორციელებია ადრეც და მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდანაც.
მიმდინარე წლის 15 თებერვალს მორიგი იმპორტის დროს გეზ „აეროპორტის“ დანიშნულებით შევსებული და დარეგისტრირებული იქნა წინასწარი დეკლარაცია С3744, 15.02.2019, ყველა თანმხლებ დოკუმენტთან ერთად (ავიაზედდებული, ინვოისი, შეფუთვის ფურცელი, პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი). აღნიშნული ტვირთის ჩამოსვლა განხორციელდა თვითმფრინავის მეშვეობით 16.02.2019წ. და განთავსდა შპს „ლასარეს“ საწყობში (100 ადგილი, 759 კგ.) საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიღებული ტვირთის გასაფორმებლად, დოკუმენტების ორიგინალი პირები გეზ „აეროპორტის“ შესაბამის უფლებამოსილ პირთან წარდგენილია 26.02.2019წ. ვინაიდან საქართველოში ამოქმედებული ახალი რეგულაციებით განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ცელოფნის ჩანთებს, მონაცემთა ავტორიზებული სისტემის მიერ, საქონელი შემოწმების ეტაპზე აღმოჩნდა ე.წ. ყვითელ დერეფანში და დამტებით განხორციელდა დეკლარაციის კამერალური შემოწმება. დეკლარაციისა და მის მიერ წარდგენილი დაკუმენტების შემოწმება-შესწავლა მიმდინარეობდა 8 დღის განმავლობაში. მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ საკითხის გარკვევის დროს 5.03.2019 წლის საბაჟო სამსახურის უფლებამოსილი პირის, უფროსი ოფიცერ-მებაჟის მიერ განმარტებულია, რომ მის მიერ წარდგენილი პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი არ წარმოადგენს ორიგინალურ დოკუმეტს და საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადამხდელის მიმართ შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რაც გულისხმობს რომ სასაქონლო დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის პროცესში არ იქნა დაფიქსირებული შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტი ორიგინალის სახით. დაზუსტებისათვის - შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტის ანუ ამ შემთხვევაში საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ორიგინალის სახით წარდგენა, ათავისუფლებს გადასახადის გადამხდელს იმპორტის 12%-იანი განაკვეთის გადასახადისაგან. საგადასახადო კოდექსით მოცემულ შემთხვევაში საჯარიმო სანქცია განისაზღვრება საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული გადასახდელის 100%-ით, შესაბამისად კომპანიას შეეფარდა სანქცია 3911 ლარის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის გადამხდელი კატეგორიულად არ ეთანხმებოდა აღნიშნულ სამართალდარღვევის ოქმს, მის მიერ დაკისრებული ჯარიმა 2019 წლის 6 მარტს გადახდილია, ვინაიდან არ მომხდარიყო კომპანიის სამეწარმეო საქმიანობის შეფერხება.
2019 წლის 27 მარტს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მის მიერ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში-შემოსავლების სამსახურის დავების განხივის საბჭში, გასაჩივრებული იქნა 2019 წლის 5 მარტს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სერია 0871165. საბჭოს საჩივართან ერთად წარედგინა მტკიცებულებები, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდებოდა წარდგენილი დოკუმენტის - პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ორიგინალობა.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. სადაც ის მიუთითებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბაჟოს გენერალური ადმინისტრაციის 2017 წლის 15 დეკემბრის წერილზე, (რომელიც გადამხდელმა გამოითხოვა წერილობით) როგორც მათი მსჯელეობიდან ირკვევა წერილში განსაზღვრულია ასლის СOPY განმარტება, რომლის თანახმადაც წარმოშობის სერტიფიკატზე დატანილია სწრაფი რეგირების კოდი, რომელზედაც ორიგინალი სერტიფიკატის შემთხვევაში წარწერა (FORGED) უნდა იკითხებოდეს მხოლოდ ფოტოკოპის საშუალებით, წარდგენილ წარმოშობის სერიფიკატში კი იკითხება თვალის მეშვეობით.
კატეგორიულად არ ეთანხმება იმ ფაქტს რომ საბაჟო დეპარტამენტისათვის, მის მიერ წარდგენილი პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი არ არის ორიგინალი სახის.
აღნიშნული დოკუმენტის ორიგინალურობა დასტურდება არაერთი მნიშვნელოვანი გარემოებით:
უპირველესად უნდა აღინიშნოს რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული მინიშნება წარწერა (FORGED)-სთან დაკავშირებით არ არის ზუსტი, ის ორიგინალზე არ იკითხება მკვეთრად და მხოლოდ ხანგრძლივი დაკვირვებისა ან/და სპეციალური საშუალებით არის შესაძლებელი მისი ამოკითხვა. არადა ამის ანალოგიური სახის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი წარუდგენია წინა შემთხვევებშიც. ასევე ანალოგიური სახისაა ყველა სხვა კომპანიის წარმოშობის სერტიფიკატებიც, რომლებიც საქონლის იმპორტს ახორციელებდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან.
ორიგინალი პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი, მიაწოდა გამომგზავნმა კომპანიამ ჩინეთიდან საფოსტო გზავნილის DHL-ის მეშვეობით. დოკუმენტის ორიგინალობას ასევე ადსტურებს ჩინეთიდან გამომგზავნი კომპანია. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ორიგინალობის გადამოწმება, მასზე დატანილი ბარკოდის მეშვეობით შესაძლებელია, როგორც მობილური აპლიკაციის Power Scanner მეშვეობით, ასევე ინეტრნეტ გვერდის მეშვეობით შემდეგ მისამართზე http://check.ccpiteco.net/#detailAhur, სადაც სპეციალურ ველში სერტიფიკატზე მითითებული ნომრისა და სერიის შეყვანის გზით ხდება, მისი იდენტიფიცირება და სრული ინფორმაციის მიღება. რამდენადაც მისთვის ცნობილია დოკუმენტის ორიგინალობის გადამოწმება ასევე შესაძლებელია შემოსავლისა და საბაჟო სამსახურებისათვის ელექტრონულად, რომელზედაც მხოლოდ მათა აქვთ წვდომა.
მზაობას აცხადებს შემოსავლების სამსახურმა ჩაატაროს ნებისმიერი სახის შემოწმება, მათ შორის შესაბამისი ექსპერტიზა მის მიერ წარდგენილი პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ოროგინალობასთან დაკავშირებით, ვინაიდან აბსოლიტურად დარწმუნებით აცხადებს, რომ იგი არის ოროგინალი დოკუმენტი.
დავის განმხილველი ორგანო, საჩივარს განხილვისას ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია რომ დავის განმხილველმა ორგანომ უნდა გამოიყენოს სსკ-ის 304-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და სრულად დააკმაყოფილოს წინამდებარე საჩივარი. გაუქმდეს შესაბამისი ორგანოების მიერ გამოცემული ყველა ის აქტი რაც საფუძვლად დაედო მის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტიებას. ითხოვს, ვიანიდნ საბაჟო დეპარტამენტისთვის წარდგენილი პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი არის ორიგინალის სახის სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, მასზე არ გავრცელდეს სსკ-ის 289-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 228-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად,
1. იმპორტისას საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი, გამოიყენება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. დეკლარანტი უფლებამოსილია მოითხოვოს იმპორტის გადასახდელის შეღავათიანი განაკვეთის ან/და შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენება, თუ:
გ) იგი წარადგენს წარმოშობის სერტიფიკატს, რომელიც ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის შეღავათიანი განაკვეთის ან/და შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენებას.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის 37-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი ან წარმომადგენელი, ამ დეკლარაციის ASYCUDA-ში რეგისტრაციისას ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით.
საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების 3.14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად,
1. წარმოშობის სერთიფიკატი, როგორც ეს დადგენილია II-B დანართით, გაცემულ უნდა იქნას მხარის უფლებამოსილი ორგანოების მიერ (საქართველოს შემთხვევაში - საბაჟო ადმინისტრაცია; ჩინეთის შემთხვევაში - შესვლისა და გასვლის ინსპექტირებისა და კარანტინების ორგანიზაციები, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან ხარისხის ზედამხედველობის გენარალურ ადმინისტრაციასთან, ინსპექტირების და კარანტინის და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშოწყობის საბჭროსთან და მის რეგიონალურ ქვესაბჭოებთან.) ექსპორტიორის ან მწარმოებლის მოთხოვნით, იმ პირობით, რომ საქონელი შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც ამ მხარის წარმოშობის მქონედ, რომელზედაც ვრცელდება ამ თავის დებულებები.
2. წარმოშობის სერთიფიკატი უნდა: (a) შეიცავდეს სერთიფიკატის უნიკალურ ნომერს; (b) მოიცავდეს ერთ ან მეტ საქონელს ერთ საქონლის პარტიაში; 16 (c) მიეთითოს რის საფუძველზე მიიჩნევა საქონელი ამ თავის მიზნებისათვის კვალიფიცირებულად, როგორც წარმოშობის სტატუსის მქონე; (d) შეიცავდეს უსაფრთხოების მახასიათებლებს, როგორიცაა ხელმოწერების ან შტამპების ნიმუშები, ექპორტიორი მხარის მიერ იმპორტიორი მხარის რეკომენდაციიდან გამომდინარე; და (e) შესრულებულ იქნას ინგლისურ ენაზე.
II-B დანართის თანახმად წარმოშობის სერტიფიკატის ნიმუშის ერთ-ერთი (ნომრის გარეშე) გრაფა მოიცავს ველს „ოფიციალური მოხმარებისათვის“ – „For official use only“.
დადგენილია, რომ 2019 წლის 15 თებერვალს წინასწარი დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოექცა ცელოფნის ჩანთები. დეკლარაციის კამერალური შემოწმების დროს გამოვლინდა რომ წარდგენილი პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი (CCPIT70020190093302) არ იყო ორიგინალი.
საჩივრის თანახმად, მის მიერ წარდგენილი პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ორიგინალურობა დასტურდება არაერთი მნიშვნელოვანი გარემოებით: უპირველესად უნდა აღინიშნოს რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული მინიშნება წარწერა FORGED-სთან დაკავშირებით არ არის ზუსტი, ის ორიგინალზე არ იკითხება მკვეთრად და მხოლოდ ხანგრძლივი დაკვირვებისა ან/და სპეციალური საშუალებით არის შესაძლებელი მისი ამოკითხვა. ორიგინალი პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი, მიაწოდა გამომგზავნმა კომპანიამ ჩინეთიდან საფოსტო გზავნილის DHL-ის მეშვეობით. დოკუმენტის ორიგინალობას ასევე ადსტურებს ჩინეთიდან გამომგზავნი კომპანია. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის ორიგინალობის გადამოწმება, მასზე დატანილი ბარკოდის მეშვეობით შესაძლებელია, როგორც მობილური აპლიკაციის Power Scanner მეშვეობით, ასევე ინეტრნეტ გვერდის მეშვეობით შემდეგ მისამართზე http://check.ccpiteco.net/#detailAhur. ასევე შესაძლებელია შემოსავლისა და საბაჟო სამსახურებისათვის ელექტრონულად, რომელზედაც მხოლოდ მათა აქვთ წვდომა.
საჩივარს ახლავს: პრეფერენციული წაროშობის სერტიფიკატის ორიგინალის და ასლის ქსეროასლი, მობილური აპლიკაციიდან ამონარიდი და ინტერნეტ გევერდიდან ამოღებული ინფორმაცია დეკლარაციის შესახებ, სადაც ფიქსირდება მონაცემები ექსპორტიორის, კომპანიის სერტიფიკატის ნომრის, კომპანიის სერიული ნომრის, ინვოისის, მიმღები ქვეყნის, თარიღის შესახებ.
საბაჟო დეპარტამენტის 15.05.2019 წლის №51987-21-10 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბაჟოს გენერალური ადმინისტრაციის 2017 წლის 15 დეკემბრის წერილის მიხედვით განმარტებულია წარმოშობის სერტიფიკატის ფორმები და სახეები, ასევე განსაზღვრულია „ასლის-COPY“ განმარტება, რომლის თანახმადაც წარმოშობის სერტიფიკატზე დატანილია სწრაფი რეაგირების კოდი, რომელზეც ორიგინალი სერტიფიკატის შემთხვევაში წარწერა FORGED უნდა იკითხებოდეს მხოლოდ ფოტოკოპის საშუალებით. წარდგენილ წარმოშობის სერტიფიკატში (CCPIT70020190093302) შეუიარაღებელი თვალით იკითხება სიტყვა - FORGED.
საქმეში არსებული მასალების თანახმად, სწორედ წარმოშობის სერტიფიკატის „ოფიციალური მოხმარებისათვის“ – „For official use only“ გრაფაშია მითითებულია სიტყვა - FORGED.
ამგვარად, ვინაიდან მომჩივანმა საბაჟო ორგანოს ვერ წარუდგინა წარმოშობის სერტიფიკატის ორიგინალი, შედეგად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობით დეკლარანტის მიერ იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირებისთვის დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია და არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე