თარიღი: 10/2/2019
ნომერი: 8422/2/201
მუხლი: საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა,
კატეგორია: საგადასახადო სანქცია,
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
 

№8422/2/2019

2.10.2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

მომჩივანი: შპს „ი…I“ (ს/ნ …)
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბარათაშვილის, შ. გვენეტაძის, გ. თინიკაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის შემადგენლობით, 2.10.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ი…I“-ის 31.05.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 29.03.2019 წლის №EL088695 სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 15.05.2019 წლის №15169 ბრძანება.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 800 ლარი.

ფაქტების აღწერა
2018 წლის 26 ნოემბერს სგპ „ბათუმის პორტში“ შემოვიდა თბომავალი „M…I“, რომელზეც განთავსებული იყო კომპანიის კუთვნილი საქონლით (37,828 მ 3 დახერხილი ხის მასალა) დატვირთული №CAAU5098080 კონტეინერი.
თბომავლიდან კონტეინერების ჩამოტვირთვის შემდეგ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი, რის შედეგადაც აღმოჩნდა საკარანტინო მავნებლები, რომლის ნიმუშიც ენტომოლოგიური კვლევის მიზნით გაიგზავნა ლაბორატორიაში.
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის 2018 წლის 29 ნოემბრის №7526 გამოცდის ოქმის მიხედვით ენტომოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლინდა საკარანტინო მავნე ორგანიზმები (Monochamus sp. მატლის ფაზაში, Xyloterini sp. იმაგოს ფაზაში, Tomicus sp. იმაგოს ფაზაში). ვინაიდან, აღნიშნული საქონელი ვერ აკმაყოფილებდა ფიტოსანიტარიულ ზომებს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქონლის უკან დაბრუნების შესახებ.
რეგულირებად ობიექტზე პასუხისმგებელ პირს – შპს „ი…I“-ს საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 30 იანვრის №21-10-14/10152 წერილით ეცნობა, რომ ვინაიდან დღემდე არ იყო შესრულებული საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქონლის უკან გაბრუნებასთან დაკავშირებით, შპს „ი…I“-ს უნდა აღმოეფხვრა ნაკლოვანება და 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო მითითებული საქონლის ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნება. აღნიშნული შეტყობინება კომპანიის წარმომადგენელს ჩაბარდა 2019 წლის 8 თებერვალს და მიუხედავად ამისა, გადამხდელმა უგულვებელყო საგადასახადო ორგანოს კანონიერი მოთხოვნა და არ უზრუნველყო საქონლის ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნება.
სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტებზე სგპ „ბათუმის პორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ 29.03.2019 წელს შედგენილია №EL088695 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც კომპანიას საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.
აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 12.04.2019 წელს გასჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.05.2019 წლის №15169 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა. ზოგადი დეკლარირება კი არის საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის. დეკლარირებული მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილია. ზოგადი დეკლარირება კი არის საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენა, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის. საქონლის მფლობელია პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ ოპერაციებში არის საქონლის მესაკუთრე, ან რომელსაც აქვს საქონლის განკარგვის მსგავსი უფლება, ან რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი.
აღნიშნული და სხვა ვალდებულებების განხორციელებაზე კონტროლის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, საზღვარზე გადამაადგილებელი პირი ვალდებულია დაემორჩილოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნებს და ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლით დადგენილია გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:
• შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;
• შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში;
• შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის მუხლი 277-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით: საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, იწვევს პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
 2018 წლის 26 ნოემბერს სგპ „ბათუმის პორტში“ შემოვიდა თბომავალი, რომელზეც განთავსებული იყო მომჩივნის კუთვნილი საქონლით (37,828 მ 3 დახერხილი ხის მასალა) დატვირთული კონტეინერი.
 თბომავლიდან კონტეინერების ჩამოტვირთვის შემდეგ განხორციელდა ფიტოსანიტარიული სასაზღვრო- საკარანტინო კონტროლი, რის შედეგადაც აღმოჩენილ იქნა საკარანტინო მავნებლები, რომლის ნიმუშიც ენტომოლოგიური კვლევის მიზნით გაგზავნილ იქნა ლაბორატორიაში.
 სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის 2018 წლის 29 ნოემბრის №7526 გამოცდის ოქმის მიხედვით ენტომოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლინდა საკარანტინო მავნე ორგანიზმები (Monochamus sp. მატლის ფაზაში, Xyloterini sp. იმაგოს ფაზაში, Tomicus sp. იმაგოს ფაზაში).
 რადგანაც, საქონელი ვერ აკმაყოფილებდა ფიტოსანიტარიულ ზომებს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქონლის უკან დაბრუნების შესახებ.
 სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 122 მუხლის შესაბამისად „ქვეყნის ტერიტორია დაცული უნდა იქნეს საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოჭრისაგან, შემოტანისა და გავრცელებისაგან“.
 გამომდინარე აქედან, 2019 წლის 30 იანვარს მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის №21-10-14/10152 შეტყობინებით (ჩაბარდა 2019 წლის 8 თებერვალს) ეცნობა, რომ „ვინაიდან დღემდე არ იყო შესრულებული საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქონლის უკან გაბრუნებასთან დაკავშირებით, შპს „ი…I“-ს უნდა აღმოეფხვრა ნაკლოვანება და 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყო მითითებული საქონლის ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნება“;
 მომჩივანმა უგულვებელყო საგადასახადო ორგანოს კანონიერი მოთხოვნა და არ უზრუნველყო საქონლის ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნება.
რაც შეეხება საჩივარში მითითებულ არგუმენტს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით საქონლის მფლობელი არის პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ ოპერაციებში არის საქონლის მესაკუთრე, ან რომელსაც აქვს საქონლის განკარგვის მსგავსი უფლება, ან რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი.
საჩივარში მითითებული გარემოებების და წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურს დადასტურებულად მიაჩნია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა იმაში, რომ მომჩივანი არ დაემორჩილა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერ მოთხოვნას, უგულებელყო იგი. აღნიშნულმა კი შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. შესაბამისად, სსკ-ის 277-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე შედგენილ იქნა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის თანახმად, „საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება“ წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო დარიცხული ჯარიმა კანონშესაბამისია. შესაბამისად, გასაჩივრებული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და დაკისრებული ჯარიმის გაუქმების საფუძველი არ არსებობს. ამდენად, მოთხოვნა უსაფუძვლოა და მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

მომჩივნის არგუმენტაცია
2018 წლის 26 ნოემბერს ბათუმის პორტის კონტროლის ზონაში დახურული კონტეინერით შემოვიდა ტვირთი - დახერხილი ხის მასალა. ფოტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლისას გამოვლინდა საქონლის ფიტოსანიტარულ ნორმებთან შეუსაბამობა (საკარანტინო მავნე ორგანიზმები). საგადასახადო ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება საქონლის უკან ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც 10 კალენდარული დღის ვადაში დაავალა კომპანიას. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ 2019 წლის 30 იანვრის წერილი კომპანიას ჩაბარდა 2019 წლის 8 თებერვალს.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირმა 2019 წლის 29 მარტს კომპანიის მიმართ შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომ „საქონლის მესაკუთრეს განესაზღვრა 10 კალენდარული დღის ვადა ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად, თუმცა საქონლის მესაკუთრის მიერ უგულვებელყოფილია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა და არ უზრუნველყო აღნიშნული საქონლის ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნება, რის გამოც შეეფარდა სსკ-ის 277 მუხლის პირველი ნაწილით სანქცია 800 ლარი.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლი, რომლითაც დადგენილია გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები შეასრულოს საგადასახადო ორგანოს კანონიერი მოთხოვნები საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, ხოლო დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ. ასევე გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლი, რომლითაც განმარტებულია, თუ როგორი ქმედება ითვლება სამართადარღვევად და ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად დაასკვნა, რომ სსკ-ის 277-ე მუხლის პირველი ნაწილი სწორად იყო შეფარდებული.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენის და საჩივრის განხმილველი ორგანოს მიერ არ არის დასაბუთებული რის საფუძველზეა მიჩნეული საბაჟოზე შემოსული ტვირთის მესაკუთრედ. ცნობილია რომ ტვირთი, რომელიც წაროადგენს მოძრავ ნივთს, მიმღებს არ ჩაბარებია და ცნობილია რომ მიმღებმა კომპანიამ უარი განაცხადა ტვირთის მიღებაზე მას შემდგ, რაც აღმოჩნდა რომ საქონლი იყო ნაკლის მქონე. უფრო მეტიც, მიმღებ კომპანიას თავად შემოსავლების სამსახურმა აუკრძალა ნივთის ჩაბარება, რაც გამორიცხავს სუბიექტის (მიმღების) მიერ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვებას. სამოქალაქო კოდექსის 155.1 მუხლის თანახმად მფლობელობა წარმოიშვება ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 158.1 მუხლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად მყიდველი ნივთის მფლობელად და მესაკუთრედ ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიიღებს მას. შემოსავლების სამსახურისათვის ცნობილია (თუ არ არის ცნობილი უნდა ყოფილიყო ცნობილი საჩივარში დასახელებული სადავო გარემოებების გამოკვლევის შედეგად) რომ მყიდველ კომპანიას ტვირთის გამყიდველი მხარისათვის არ გადაუცია ნივთის სრული ღირებულება ნაკლის გამო. საგადასახადო კდოექსის მე-16 მუხლის თანახმად არ განხორციელებულა მიწოდება და შესაბამისად მიმღებს არ მოუპოვებია ნივთზე საკუთრების უფლება. აღნიშნული საფუძვლებიდან გამომდინარე, ვინაიდან კომპანია არ წარმოადგენს ნივთის მფლობელს და მესაკუთრეს უკანონოა მისთვის საგადასახადო კოდექსის 43-ე და 269-ე მუხლების ვალდებულებების დარღვევა შეერაცხოს და ჩაითვალოს სამართალდარღვევად.
არ არის დასაბუთებული შემოსავლების სამსახურმა თუ რის საფუძველზე შეარჩია და მიიღო გადაწყვეტილება საქონლის უკან ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნების თაობაზე, როდესაც საქართველოს მთავრობის 2010 წლის №429 დადგენილების მე-10.4 მუხლის თანახმად მავნე ორგანიზმების აღმოჩენის შემთხვევაში საქონელი უნდა დამუშავდეს ან დაბრუდნეს ექსპორტიორ ქვეყანაში. შესაბამისად ნორმისა უკანონოა საგადასახადო ორგანოს დაუსაბუთებელი მოთხოვნა უალტერნატივოდ საქონლის უკან დაბრუნების თაობაზე.
არ არის დაუსაბუთებელი კომპანიის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ფაქტი. კერძოდ, არ არის დასაბუთებული კომპანიის მხრიდან საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობის ფაქტი. შემოსავლების სამსახურისათვის ცნობილია ან უნდა იყო ცნობილი იმ გარემოების შესახებ რომ კომპანია კათილსინდისიერად მოეკიდა შემოსავლების სამსახურის უალტერნატივო გადაწყვტილებას დაავადებული საქონლის უკან დაბრუნების შესახებ და დაუყონებლივ შეუდგა გამყიდველი მხარის მოძიებას, მასთან დაკავშირების და ნივთის დაბრუნების შესახებ შეტყობინების მიზნით მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ არ მოუპოვებია საკუთრების უფლება ნივთზე. აღმოჩნდა, რომ საკუთარი სახსრებით დაკავშირება გახდა შეუძლებელი. კომპანიამ მყიდველის ინფორმირებულობის მიზნით დახმარებისათვის მიმართა საქრთველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც შეადგინა ნოტარიულად დამოწმებული წერილი და გაუგზავნა უკრაინის სახელმწიფო მომსახურების სამსახურის უფროსს კვების პროდუქტების და მომხმარებლის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. კომპანიამ პარალელურ რეჟიმში წერილით მიმართა გადამზიდავს, აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ და განუმარტა რომ კომპანიას ტვირთი არ მიუღია, ხოლო მოთხოვნების მიზნით დაკავშირებოდა ტვირთის მფლობელს, გამომგზავნ მხარეს.
ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს რომ კომპანიის ქმედება არ გამოიხატა საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის უგულვებელყოფაში. ტერმინი უგულვებელყოფა გულისხმობს მოთხოვნის მიმართ კატეგორიულ ინდიფერენტულობას, აბსოლიტურ უმოქმედობას, რასაც ადგილი არ ჰქონი კომპანიის მხრიდან. უფრო მეტიც კომპანიამ დაიწყო მოქმედება, ზრუნვა საქონლის ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნების უზრუნვეყოფის მიზნით.
სამართლებრივი თვალსაზრისით ნათელია რომ ვინაიდან სახეზეა კომპანიის მხრიდან საგადასახადო ორგანოს დავალების შესრულების მიზნით კეთილსინდისიერი, აქტიური მოქმედების განხორციელების ფაქტები და ნება-სურვილი, არ არსებობს საგადასახადო სამართალდარღვევის შემადგენლობა, კერძოდ ქმედების შემადგენლობის ობიექტური ნიშნები და ქმედების სუბიექტური ნიშნები (განზრახვა და გაუფრთხილებლობა).

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, იწვევს პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილებით დამტკიცებული ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვპუნქტის თანახმად ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების შედეგად მიიღება შემდეგი გადაწყვეტილებები:
ბ) თუ რეგულირებადი ობიექტი არ აკმაყოფილებს ფიტოსანიტარიულ ზომებს:
ბ.ა.) მას ეკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, ფიტოსანიტარულ სერტიფიკატზე ან სხვა დოკუმენტზე დაისმება ამ წესის №3 დანართით გათვალისწინებული აღნიშვნა: „საქონლის შემოტანაზე უარი ითქვა - დაბრუნებულია“;
ბ.ბ.) შესაძლებელია დაექვემდებაროს დამუშავებას, დახარისხებას, შეფუთვის შეცვლას ან გადამუშავებას, თუ აღნიშნული ქმედება გამორიცხავს გამოვლენილ რისკს.
ამავე დადგენილების მე-2 მუხლის „ყ“ პუნქტით განსაზღვრულია რეგულირებად ობიექტზე პასუხისმგებელი პირი – რეგულირებადი ობიექტის მფლობელი, მესაკუთრე ან მათი წარმომადგენელი.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-122 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის შესაბამისად
1. ქვეყნის ტერიტორია დაცული უნდა იქნეს საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოჭრისაგან, შემოტანისა და გავრცელებისაგან.
2. მცენარე, მცენარეული პროდუქტი, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტი დაცული უნდა იქნეს მავნე ორგანიზმებისაგან ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენებით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საჩივრის თანახმად, ცნობილია რომ მიმღებმა კომპანიამ უარი განაცხადა ტვირთის მიღებაზე მას შემდგ, რაც აღმოჩნდა რომ საქონლი იყო ნაკლის მქონე. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენის და საჩივრის განხმილველი ორგანოს მიერ არ არის დასაბუთებული რის საფუძველზეა მიჩნეული საბაჟოზე შემოსული ტვირთის მესაკუთრედ. კომპანია კათილსინდისიერად მოეკიდა შემოსავლების სამსახურის უალტერნატივო გადაწყვეტილებას დაავადებული საქონლის უკან დაბრუნებაზე. აღმოჩნდა, რომ საკუთარი სახსრებით გამყიდველი მხარესთან დაკავშირება გახდა შეუძლებელი. კომპანიამ დახმარებისათვის მიმართა საქრთველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც შეადგინა ნოტარიულად დამოწმებული წერილი და გაუგზავნა უკრაინის სახელმწიფო მომსახურების სამსახურის უფროსს კვების პროდუქტების და მომხმარებლის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. კომპანიამ პარალელურ რეჟიმში წერილით მიმართა გადამზიდავს. კომპანიის ქმედება არ გამოიხატა საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის უგულვებელყოფაში. კომპანიამ დაიწყო მოქმედება, ზრუნვა საქონლის ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით.
საჩივარს ახლავს, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 22.04.2019 წლის №09/2818 წერილი, რომლითაც კვების პროდუქტების და მომხმარებლების უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული უკრაინის სახელმწიფო მომსახურების სამსახურის უფროს ეთხოვა დახმარება რომ ტვირთის გამგზავნს აღნიშნული მდგომარეობის შესახებ შეატყობინოს რომ სასწრაფოდ დაიბრუნოს ტვირთი.
საბაჟო დეპარტამენტის 19.06.2019 წლის №69334-21-10 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 26 ნოემბერს სგპ „ბათუმის პორტში“ შემოსულ თბომავალზე განთავსებული კომპანიის კუთვნილი საქონლით (37,828 მ 3 დახერხილი ხის მასალა) დატვირთული №CAAU5098080 კონტეინერის ჩამოტვირთვის შემდეგ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის შედეგად და სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ოქმის მიხედვით, აღმოჩნდა რომ აღნიშნული საქონელი ვერ აკმაყოფილებდა ფიტოსანიტარიულ ზომებს, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქონლის უკან დაბრუნების შესახებ. რეგულირებად ობიექტზე პასუხისმგებელ პირს – შპს „ი…I“-ს ეცნობა, რომ ვინაიდან დღემდე არ იყო შესრულებული საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქონლის უკან გაბრუნებასთან დაკავშირებით, უნდა აღმოეფხვრა ნაკლოვანება და 10 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო მითითებული საქონლის ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნება. აღნიშნული შეტყობინება კომპანიის წარმომადგენელს ჩაბარდა 2019 წლის 8 თებერვალს და მიუხედავად ამისა, გადამხდელმა უგულვებელყო საგადასახადო ორგანოს კანონიერი მოთხოვნა და არ უზრუნველყო საქონლის ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნება.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან და გადამხდელის მიერ ტვირთის დაბრუნებასთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებებიდან/მცდელობებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია რომ ამ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში. შესაბამისად, მიზანშეწონილია გადამხდელი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სსკ-ის 277-ე მუხლით შეფარდებული სანქციისაგან.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.05.2019 წლის №15169 ბრძანება;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 29.03.2019 წლის №EL088695 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
4. გადამხდელი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს, სსკ-ის 277-ე მუხლით, შეფარდებული პასუხისმგებლობისაგან;
5. საბაჟო დეპარტამენტს დაევალოს, სსკ-ის 277-ე მუხლით დარიცხული სანქციის კორექტირება (გაუქმება) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე