თარიღი: 10/2/2019
ნომერი: 8561/2/201
მუხლი: სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა,
კატეგორია: საგადასახადო სანქცია,
შემმოწმებელი: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
 

№8561/2/2019

2.10.2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

მომჩივანი: ა. გ. (ს/ნ …)
შემმოწმებელი: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბარათაშვილის, შ. გვენეტაძის, გ. თინიკაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის შემადგენლობით, 2.10.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ა. გ.-ის 19.06.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 14.05.2019 წლის №CB987285 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 29.05.2019 წლის №17205 ბრძანება.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 200 ლარი.

ფაქტების აღწერა
2019 წლის 7 მაისს ა. გ.-ის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (ქ. თბილისი, … მე-3 მ/რ, №.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 7 მაისის №ბ-8149/2019 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შერჩევითი ინვენტარიზაცია, რა დროსაც გამოვლინდა 63 ლარის ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ღირებულებით. ვინაიდან, აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს, სამართალდარღვევის ფაქტზე საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად გადასახადის გადამხდელს შეეფარდა სანქცია 200 ლარის ოდენობით,
აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 15.05.2019 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.05.2019 წლის №17205 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა განახორციელოს ინვენტარიზაციის შედეგად აღურიცხავად მიჩნეულ სმფ-ებთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: გ) გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით ამ მუხლის მე-4 ნაწილით ან მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 31-ე პრიმა მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადასახადის გადამხდელის სმფ-ების ცალკეულ სახეობათა მიხედვით შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე.
2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ წესის 27-ე მუხლში მითითებული საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის გარეშე, გადასახადის გადამხდელის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით, მოახდინოს სმფ- ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, ამ წესის 30-ე მუხლის პირველი – მე-2, მე-4 – მე-8, მე-12, მე-14 – მე-20 და 25-ე პუნქტებით საინვენტარიზაციო კომისიისათვის დადგენილი პროცედურების შესაბამისად. სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შემდეგ, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს ,,შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ“ (დანართი №221).
3. შერჩევითი ინვენტარიზაციისას თითოეული საგანი უნდა შემოწმდეს ვიზუალურად და საინვენტარიზაციო აღრიცხვებში შეტანილ იქნეს იმ ღირებულებით და საზომ ერთეულებში, რომელშიც წარმოებს მათი რეალიზაცია.
4. შერჩევითი ინვენტარიზაციის დროს შემოსული ფასეულობების მიღება ხდება სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით და იმ შემთხვევაში, თუ ხდება ისეთი სახეობის ფასეულობის მიღება, რომელზეც მიმდინარეობს შერჩევითი ინვენტარიზაცია, აღნიშნული სმფ საინვენტარიზაციო აღრიცხვაში შეიტანება ცალკე ოქმით (შერჩევითი ინვენტარიზაციის დროს შემოსული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ (დანართი №222). ოქმში მიეთითება როდის და ვისგანაა მიღებული სმფ, ასევე, საქონლის შემოსვლის დოკუმენტის თარიღი და ნომერი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ერთეულის ფასი და გადახდილი/გადასახდელი თანხის ოდენობა.
5. როდესაც შერჩევითი ინვენტარიზაცია დიდ დროს მოიცავს ან არსებობს ისეთი სმფ-ების დაზიანების, განადგურების, ვარგისიანობის ვადის გასვლის და სხვა გარემოება, რომლის შერჩევითი ინვენტარიზაცია მიმდინარეობს, გადასახადის გადამხდელის წერილობითი მოთხოვნით და საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით, დასაშვებია ინვენტარიზაციის პროცესში საწარმოში სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით ფასეულობათა საწყობიდან (საწყობებიდან) გაცემა. ასეთ დროს ინვენტარიზებული სმფ-ები აღრიცხვაში შეიტანება ცალკე ოქმში შერჩევითი ინვენტარიზაციის დროს გაცემული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ (დანართი №223). ოქმში მიეთითება როდის და ვისზეა გაცემული სმფ, ასევე გასავლის დოკუმენტის თარიღი და ნომერი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ერთეულის ფასი და მიღებული/მისაღები თანხის ოდენობა.
6. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სმფ-ის ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის (დანართი №224) მიხედვით.
7. სმფ-ის სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ეს სმფ-ები უნდა ჩაითვალოს, როგორც სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სმფ-ები.
8. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახდენს სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის და ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი მონაცემების შედარებას და ყოველივე ეს შეაქვს შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ ოქმში (დანართი №225).
ამასთან დავების განხილვის საბჭომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ–ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საბჭო აღნიშნავს, რომ საქმის გამოკვლევისას მნიშვნელობა ენიჭება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის ხარისხს, რაც თავის მხრივ, პირდაპირ განაპირობებს ადმინისტრაციული წარმოების მხარის კანონიერ მოლოდინს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სწორედ სამართლით აღიარებული და კანონით განმტკიცებული პრინციპებით.
ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ დავის განმხილველი ორგანო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.
ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
დავების განხილვის საბჭო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ საკითხის გადაწყვეტის დროისთვის არსებული მდგომარეობით დასაბუთებას.
დავების განხილვის საბჭოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოკლებულია დასაბუთებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჯეროვნად არ განუხორციელებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა-შეფასების პროცედურა და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც სადავო აქტი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ფაქტობრივი გარემოებების ჯეროვნად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად სამართლებრივი დასკვნის ჩამოყალიბებამდე, თუ ეს დასკვნა საჩივრის ავტორის პოზიციის საწინააღმდეგოა, უნდა უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში გადასახადის გადამხდელის მონაწილეობა და მხარეთა პოზიციების ურთიერთშეჯერების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა.
წარმოდგენილი მასალებისა და მტკიცებულებების განხილვის შედეგად შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა განახორციელოს ინვენტარიზაციის შედეგად აღურიცხავად მიჩნეულ სმფ-ებთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

მომჩივნის არგუმენტაცია
ვინაიდან ეს სამართალდარღვევა არის პირველი შემთხვევა საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს გაფრთხილებას. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ პენსიის იმედზე დარჩენილმა გადაწყვიტა მეუღლის ავტოფარეხში მოეწყო მცირე წარმოება. ბაზარზე იძენს წვრილმანი დასახელების საქონელს და კანონიერად აწარმოებს ყიდვა გაყიდვას. ვინაიდან მისი საქმიანობა მცირე შემოსავლიანია, დისტრიბუტორები არ აწვდიან ადგილზე საქონელს ამიტომ იძულებულია 2-3 დასახელების საქონელი შეიძინოს სხვადასხვა მაღაზიაში და ამიტომ არ აქვს სასაქონლო ზედნადები. ჯიხურს სადაც 45-50 ლარის ფარგლებში ძლივს ვაჭრობს აჯარიმებენ 200 ლარით. ითხოვს შემუშავდეს ისეთი რეგულაციები მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, რომ ქონდეს უფლება სასაქონლო ზედნადების გარეშე საქონლის გაყიდვის. ითხოვს ჯარიმის გაუქმებას და გაფრთხილებით შეცვლას.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4, მე-11 და მე-12 ნაწილების თანახმად,
4. გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა, იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
11. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება, იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 400 ლარის ოდენობით.
ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის 311-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-7 და მე-8 ნაწილების თანახმად,
1. საგადასახადო ორგანოს უფროსს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადასახადის გადამხდელის სმფ-ების ცალკეულ სახეობათა მიხედვით შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე.
3. შერჩევითი ინვენტარიზაციისას თითოეული საგანი უნდა შემოწმდეს ვიზუალურად და საინვენტარიზაციო აღრიცხვებში შეტანილ იქნეს იმ ღირებულებით და საზომ ერთეულებში, რომელშიც წარმოებს მათი რეალიზაცია.
6. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე ბრძანების ჩაბარებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სმფ-ის ნაშთების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემები „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის (დანართი №224) მიხედვით.
7. სმფ-ის სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ეს სმფ-ები უნდა ჩაითვალოს, როგორც სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სმფ-ები.
8. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახდენს სმფ-ების რაოდენობის ფაქტობრივი მდგომარეობის და ბუღალტრული აღრიცხვის შესაბამისი მონაცემების შედარებას და ყოველივე ეს შეაქვს „შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ“ ოქმში (დანართი №22 5).
საგადასახაო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 ნაწილების თანახმად,
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7. ამ კოდექსის 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილებითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გაფრთხილება.
გადამხდელის ობიექტში განხორციელებული შერჩევითი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 63 ლარის ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ღირებულებით.
საჩივრის თანახმად, ითხოვს ჯარიმის გაუქმებას და გაფრთხილებით შეცვლას.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 21.06.2019 წლის №70941-21-12 წერილით წარმოდგენილი 14.05.2019 წლის გადასახადის გადამხდელზე დაკვირვების, საგადასახადო კონტროლის პროცედურების შერჩევითი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შესახებ ოქმის თანახმად, შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგად აღრიცხულია ქათმის კვერცხი კუმისი (გამოშვების თარითი 20.04.2019 წ.), სიგარეტი კენტი №8 navy blue (გამოშვების თარიღი 11.12.2018 წ.) და სიგარეტი PALL MALL ლურჯი წვრილი (გამოშვების თარიღი 7.03.2019წ.). გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ინფორმაცია დასახელებული სასაქონლო-მატერიალური ფასულობების შესახებ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკმებრის №994 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული დანართი 224-ის ფორმაში, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მათი შეძენის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საბაჟო დეკლარაცია ან შესყიდვის სხვა დოკუმენტი) ფორმაში მითითებული არ არის. შერჩევითი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ ოქმის შედგენის შემდეგ გამოვლინდა 63 ლარის ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები სარეალიზაციო ფასით.
საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ბიზნესომბუდსმენის 25.06.2019 წლის №CA-00391 წერილი, რომლის თანახმად სსკ-ის 270-ე მუხლის მიხედვით ამავე კოდექსის 286-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას გაფრთხილება. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება იგივე სამართალდარღვევა (სსკ-ის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილი) საერთოდ არ უფიქსირდება, შესაბამისად, მიზანშეწონილად მიაჩნია, აღნიშნულ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის საგადასახადო სანქციის სახედ გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
ამდენად, ზემოთ ხსენებული გარემოების, რომ სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას, მომჩივნის არგუმენტების, ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციის გათვალისწინებით საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს გადამხდელის მიმართ ფულადი ჯარიმის ნაცვლად გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.05.2019 წლის №17205 ბრძანება;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს 14.05.2019 წლის №CB987285 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
4. მომჩივანს სსკ-ის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად შეეფარდოს გაფრთხილება;
5. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დარიცხული სანქციის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე