თარიღი: 11/20/2019
ნომერი: 8828/2/201
მუხლი: გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადება,
კატეგორია: უზრუნველყოფის ღონისძიებები,
შემმოწმებელი: ადმინისტრირების დეპარტამენტი
 

№8828/2/2019

20.11.2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

მომჩივანი: მ. დ. (პ/ნ ...)
შემმოწმებელი: ანალიტიკური დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, შ. გვენეტაძის, გ. თინიკაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 20.11.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება მ. დ.-ის 25.07.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
ცრუმაგიერი პირის ქონებაზე ყადაღის დადება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ანალიტიკური დეპარტამენტის 28.05.2019 წლის №036-172 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 16.07.2019 წლის №23704 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 41315,3 ლარი (ი/მ ნ. ი.-ის (პ/ნ ...) საგადასახადო დავალიანება 28.05.2019 წლის მდგომარეობით)
ძირითადი გადასახადი - 9988,11 ლარი;
ჯარიმა - 17413,03 ლარი;
საურავი - 13914,16 ლარი.

ფაქტების აღწერა
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის სასარჩელო მოთხოვნა და ი/მ ნ. ი. (ს/ნ ...), გ. დ. (პ/ნ ...) და მ. დ. (ს/ნ ...) ცნობილი იქნა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. ვინაიდან, ი/მ ნ. ი.-ს (ს/ნ ...) 2019 წლის 28 მაისის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება (ძირითადი გადასახადი 9988.11 ლარი, ჯარიმა 17413.03 ლარი, საურავი 13914.16 ლარი), სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების და საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების საფუძველზე, მ. დ.-ის მიმართ ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გამოიცა 28.05.2019 წლის №036-172 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება და შედგა 29.05.2016 წლის №2019/076-172/1 აქტი, რომლითაც ყადაღა დაედო ცრუმაგიერი პირის მ. დ.-ის ქონებას.
აღნიშნული ბრძანება 11.06.2019 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.07.2019 წლის №23704 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სსკ-ის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
სსკ-ის 246-ე მუხლი ითვალისწინებს ცრუმაგიერ მფლობელობას, აღნიშნული მუხლის თანახმად: თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ი. (ს/ნ ...), გ.დ.(ს/ნ ...) და მ. დ. (ს/ნ ...) ცნობილი იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.
სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა ნ. ი.-ს (ს/ნ ...), გ. დ.-ს (ს/ნ ...) და მ.დ.-ს (ს/ნ ...) სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის Nბს-938 (კ-18) განჩინებით ნ. ი.-ს (ს/ნ ...), გ. დ.-ს (ს/ნ ...) და მ. .დ-ს (ს/ნ ...) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 ნოემბრის განჩინება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ი/მ ნ. ი.-ს (ს/ნ ...) ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, სსკ-ის 246-ე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისწინებით, ი/მ ნ. ი.-ს (ს/ნ ...) აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს მ. დ.-ს (ს/ნ ...) მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. შესაბამისად, მის მიმართ გამოცემული ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შეესაბამება საგადასახადო კოდექსით დადგენილ ნორმებს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, რომლის თანახმად:
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო,ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
4. დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
5. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
6. თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი.
7. ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან ერთად განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს. შესაძლებელია განისაზღვროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტა:
ა) მისი ძალაში შესვლის დღიდან;
ბ) მისი ბათილად ცნობის დღიდან;
გ) მომავალში, კონკრეტული თარიღის მითითებით.
8. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა ხდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისათვის დადგენილი წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ ნ. ი.-ს (ს/ნ ...) აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, მისი ცრუმაგიერი პირის - ი/მ მ.დ.-ს (ს/ნ ...) მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება (ქონებაზე ყადაღის დადება) კანონშესაბამისია. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი ანალიტიკური დეპარტამენტის ქონებაზე ყადაღის დადების 2019 წლის 28 მაისის №036-172 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არის დაუსაბუთებელი, რადგან მომჩივანი ვერ ასაბუთებს თუ რაში გამოიხატება სადავო აქტების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 28 მაისის №036-172 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მომჩივნის არგუმენტაცია
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტარაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახურმა არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ ნ. ი.-ის ცრუმაგიერ პირად ცნობა არის უკანონო, ასევე არამართებულია ყადაღის დადება იმ ქონებაზე, რომელიც ამ უკანასკნელმა შეიძინა დავალიანების წარმოშობამდე.
შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ნ. ი. არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და მის ანგარიშგებაზე ყადაღის დადება უკიდურესად დააზარალებს ამ უკანასკნელის ოჯახის წევრებს.
მართალია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ქონებაზე ყადაღის დადება, თუმცა ეს წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას და არა მის ვალდებულებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
მოცემულ შემთხვევაში ნ. ი.-სა და მისი ოჯახისათვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ სამართლებრივ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც გამოიცა ზემოთ აღნიშნული ბრძანებები.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სახვა მოთხოვნები.
ვინაიდან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე და ამასთან, არამართებულად იქნა გამოყენებული დისკრეციული უფლებამოსილება, არსებობს ზემოთ აღნიშნული ბრძანებების ბათილად ცნობის უპირობო საფუძველი.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე კოდექსის 241-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
2. ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
ამავე კოდექსის 246-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების თანახმად,
2. პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
დადგენილია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ი/მ ნ. ი., გ. დ. და მ. დ. ცნობილ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. ვინაიდან, ი/მ ნ. ი.-ს 2019 წლის 28 მაისის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება, ცრუმაგიერი პირის მ. დ.-ის მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება და ყადაღა დაედო მის ქონებას.
საჩივრის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში ნ. ი.-სა და მისი ოჯახისათვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ სამართლებრივ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც გამოიცა ზემოთ აღნიშნული ბრძანებები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მოხდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე და ამასთან, არამართებულად იქნა გამოყენებული დისკრეციული უფლებამოსილება, ამდენად არსებობს ზემოთ აღნიშნული ბრძანებების ბათილად ცნობის უპირობო საფუძველი.
ანალიტიკური დეპარტამენტის 1.08.2019 წლის №91832-21-05 წერილის თანახმად, ი/მ ნ. ი.-ს 2019 წლის 28 მაისის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება, აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების, სსკ-ის 241-ე და 246-ე მუხლების საფუძველზე, გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება და შედგა აქტი, რომელთა საფუძველზეც ყადაღა დაედო ცრუმაგიერი პირის ი/მ მ.დ.-ის ქონებას.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დადგნილია რომ მოპასუხეებს შორის არსებობს განსაკუთრებული ურთიერთობა, კერძოდ სახეზეა პირთა შორის ნათესაური კავშირი: მ. დ. არის ნ. ი.-ს რძალი (შვილის მეუღლე), ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ი/მ ნ.ი.-ს საქმიანობის სახე და ფაქტობრივი საქმიანობის ადგილი ემთხვევა ი/მ მ. დ.-ს საქმიანობის სახეს და ფაქტობრივი საქმიანობის ადგილს, ხოლო ნ. ი.-მ, რომლისთვისაც ცნობილი იყო სავარაუდო დარიცხვების თაობაზე, ქონების განრიდების მიზნით უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება გადასცა გ. დ.-ს. ამდენად, სახეზეა საგადასახადო ვალდებულებების მქონე გადასახადის გადამხდელების ი/მ ნ.ი.-ს, ი/მ მ. დ.-ის და გ. დ.-ს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ერთმანეთან ისეთ კავშირში შესვლა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი ერთიმეორისგან განსხვავება, რაც მათ ცრუმაგიერობაზე მიუთითებს. ამდენად, წარდგენილი მტკიცებულებების და აღნიშული ნორმების ურთიერშეჯერების და ანალიზის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც ი/მ ნ. ი., ი/მ მ. დ. და გ. დ. ცნობილი იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.
აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისი სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 ნოემბრის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბრის განჩინებებით.
ამდენად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომლის განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, და ვინაიდან გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, შესაბამისად, ი/მ ნ. ი.-ის ცრუმაგიერი პირის მ. დ.-ის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება მართლზომიერია.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე