თარიღი: 12/25/2019
ნომერი: 9169/2/201
მუხლი: საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო,
კატეგორია: პროცედურა,
შემმოწმებელი: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
 

№9169/2/2019

25.12.2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

მომჩივანი: ს. ა. (პ/ნ ...)
შემმოწმებელი: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბარათაშვილის, დ. გახარიას, შ. გვენეტაძის, გ. თინიკაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 25.12.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ს. ა.-ის 3.09.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება გასულია საჩივრის წარდგენის ვადა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.05.2019 წლის №CB992455 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.05.2019 წლის №CB992461 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 7.08.2019 წლის №27421 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 57690 ლარი;
ჯარიმა - 41769 ლარი;
ჯარიმა - 15921 ლარი.

ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის 27.03.2019 წლის №7729 ბრძანების საფუძველზე გადამხდელის კუთვნილ ობიექტში განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 83537,77 ლარის საბაზრი ღირებულების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და 159211,42 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი.
აღნიშნულზე გადამხდელის მიმართ 24.05.2019 წელს შედგა №CB992455 და №CB992461 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც სსკ-ის 286-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილების შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 41769 და 15921 ლარის ოდენობით.
აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები 14.07.2019 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.08.2019 წლის №27421 ბრძანებით საჩივარი სსკ-ის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძვლით დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ პუნქტზე, რომლის თანახამად შემოსავლების სამსახური საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად: პირს უფლება აქვს გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზით დგინდება, რომ გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 24 მაისს შედგენილი №CB992455 და №CB992461 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები ჩაბარდა იმავე დღეს - 24.05.2019 წელს, ხოლო საჩივარი სადავო ოქმების გაუქმების თაობაზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 2019 წლის 14 ივლისს. შესაბამისად, მომჩივანის მიერ დარღვეულია საჩივრის წარდგენისათვის კანონით დადგენილი ვადა.
ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ გადამხდელის მიერ საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადის დარღვევით, შემოსავლების სამსახური არ არის უფლებამოსილი განიხილოს წარმოდგენილი საჩივარი.

მომჩივნის არგუმენტაცია
სამწუხაროდ არ ესმის სახელმწიფო ენა, ვერ წერს და ვერ კითხულობს ქართულად, ამიტომ ნებისმიერ დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს საკმაო სიფრთხილეს იჩენს და ცდილობს აჩვენოს დოკუმენტი მისი ნდობით აღჭურვილ პირებს. კონკრეტულ შემთხვევაში მეწარმეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ მონიტორინგის თანამშრომლების მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელის მოწერით ის ადასტურებდა ინვენტარიზაციის ჩატარების ფაქტს, დარიცხული გადასახადების შესახებ მონაცემებს კი მიიღებდა ელექტრონული ფორმით და მისი გასაჩივრება შეეძლო 30 დღის განმავლობაში. სხვა დეტალები მისთვის გაუგებარი და უცნობი იყო.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების მეათე პუნქტზე „ჩავიბარე ოქმი“, არც მეწარმის და არც სხვა უფლებამოსილი პირის მხრიდან არანაირი ხელისმოწერა არ ფიქსირდება. ელექტრონულად გამოგზავნილი სამართლებრივი აქტები პირად პორტალზე შემოსულია 24 მაისს, წაკითხულია ბუღალტრის მიერ 14 ივნისს და გასაჩივრებულია უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული ფორმით 14 ივლისს - გაცნობიდან 30-ე დღეს, რითაც სრულად დაკმაყოფილებულია სსკ-ის 299-ე მუხლის მე-4-ე პუნქტის მოთხოვნა. მეწარმის ქმედება ან/და უმოქმედობა არ გამხდარა სსკ-ის 301-ე მუხლის არცერთი პუნქტის მოქმედების საფუძველი.
იმისათვის, რომ არ დაირღვეს მეწარმის მიმართ სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი პუნქტის ძირითადი პრინციპები, სამართალდარღვევის ოქმებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების გასაჩივრების ვადების დადგენისათვის გამოყენებული უნდა იყოს ელექტრონული ფორმით მიღებული დოკუმენტების გაცნობის თარიღი, 14 ივნისი. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე ითხოვს დასაშვებად იქნას ცნობილი 14 ივლისს ელ. ფორმით წარდგენილი საჩივარი.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-9 ნაწილების თანახმად,
1. საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
3. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მიხედვით,
1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
4. პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბერის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.
მომჩივანი საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილ ვადის დარღვევაზე განმარტავს, რომ არ ფლობს ქართულ ენას, მისი ინფორმაციით ხელი მოაწერა ინვენტარიცაზიის ჩატარების ფაქტს, ხოლო დარიცხული გადასახადების შესახებ მონაცემებს მიიღებდა ელექტრონული ფორმით, რაც მიიღო კიდეც და ბუღალტერი გაეცნო 14 ივნისს, რის შემდეგაც გაასაჩივრა ელექტრონული ფორმით 14 ივლისს, გაცნობიდან 30-ე დღეს. ამდენად, მიაჩნია რომ გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.09.2019 წლის №110393-21-12 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.05.2019 წლის №CB992455 და №CB992461 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს გადამხდელი გაეცნო ელექტრონული ფორმით RS-ზე 14.06.2019 წელს.
ამდენად, ზემოთ აღნიშნულიდან დგინდება, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები გადამხდელს ჩაბარდა 14.06.2019 წელს, საიდანაცა გასაჩივრების 30 დღიანი ვადა ამოიწურა 14.07.2019 წელს (კვირა). საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 14.07.2019 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო თვლის, რომ გადამხდელის მიერ დაცულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და ვინაიდან, შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად, სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.08.2019 წლის №27421 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე