თარიღი: 12/25/2019
ნომერი: 9183/2/201
მუხლი:
კატეგორია: საგადასახადო ჯარიმები,
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
 

№9183/2/2019

25.12.2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

მომჩივანი: შპს „დ...0“ (ს/ნ ...)
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბარათაშვილის, დ. გახარიას, შ. გვენეტაძის, გ. თინიკაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 25.12.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „დ...0“-ის 5.09.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
უარი სანქციისაგან გათავისუფლებაზე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2019 წლის №007-82 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.08.2019 წლის №28603 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 166610 ლარი;
დღგ - 110330 ლარი;
ჯარიმა - 55265 ლარი;
საურავი - 1015 ლარი.

ფაქტების აღწერა
შპს „დ...0“-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარემონტო მომსახურების მიწოდება. საზოგადოება სარემონტო მომსახურებას უწევს ძირითადად ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე თბილისის გამგეობას.
საზოგადოების მიერ ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით 2017 წლის აპრილის და 2018 წლის მარტის თვეების საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის მიზნით ჩატარდა აუდიტის დეპარტამენტის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 10.08.2018 წლის აქტში და გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.08.2018 წლის №22139 ბრძანება და 16.08.2018 წლის №007-250 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 14.09.2018 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 18.10.2018 წლის №28786 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საჩივარში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს, დაევალა გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანება 7.11.2018 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 13.03.2019 წლის №7084/2/2018 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს შეფარდებული სანქციის სსკ-ის 275-ე მუხლში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის კორექტირება, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებაზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2019 წლის დასკვნა, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტით სსკ-ის 275-ე მუხლით დამატებით დარიცხული ჯარიმის ოდენობა არ დაექვემდებარა შემცირებას.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2019 წლის №9769 ბრძანება და 8.04.2019 წლის №007-82 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 3.05.2019 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 16.08.2019 წლის №28603 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 29 ივნისის №16663 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადამხდელის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2018 წლის 10 აგვისტოს შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი და გამოიცა 2018 წლის 16 აგვისტოს №22139 ბრძანება და №007-250 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ 169711,98 ლარი; მათ შორის - გადასახადი 112667 ლარი, ჯარიმა 55499 ლარი და საურავი 1545,98 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის №007-250 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იქნა საჩივარი შემდეგი სადავო საკითხებით:
1. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, 2017 წლის აპრილის თვის პერიოდზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა დაკორექტირდა და მიეთითა მაისის თვე, ვინაიდან მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა მაისის თვეში. შესაბამისად, მაისში გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა არის სწორი და დეკლარაციაზე მიბმულია მასისი თვის დასაბეგრ ოპერაციაზე, თუმცა შემმოწმებელმა იხელმძღვანელა პირველადი ანგარიშფაქტურით.
2. 2018 წლის მარტის თვის ანგარიშ-ფაქტურა არ არის მიბმული შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაზე. თანხის დაგვიანებით ჩარიცხვის გამო ორგანიზაციამ ვერ განახორციელა დეკლარირება, ვინაიდან სწორად დეკლარირების შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული იქნებოდა შესაბამისი ზომები, როგორიცაა საბანკო ანგარიშზე ინკასოს წარმოდგენა, რაც გამოიწვევდა სხვა პროექტების შეჩერებას და ორგანიზაცია მიიღებდა გამოუსწორებელ ზარალს. შესაბამისად, ვინაიდან შემოწმებით დამატებით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებები არ ყოფილა მიზანმიმართულად განხორციელებული, ითხოვს დამატებით დარიცხული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლებას.
წარმოდგენილი საჩივრის განხილვის შედეგად შემოსავლების სამსახურის მიერ გამოიცა 2018 წლის 18 ოქტომბრის №29786 ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე: პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საჩივარში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადამხდელის მონაწილეობით წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 ოქტომბრის №29786 ბრძანება გასაჩივრებული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოზე, რომლის 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 ოქტომბრის №29786 ბრძანება; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დარიცხული სანქციის კორექტირება (შემცირება) საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ვინაიდან საგადასახადო დავის პერიოდში, სანქციის განმსაზღვრელ ნორმაში განხორციელდა ცვლილება და ამ ცვლილებით სანქცია, ამავე ნორმაში მითითებული პირობების არსებობისას შემსუბუქებულია, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს შეფარდებული სანქციის სსკ-ის 275-ე მუხლში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის კორექტირება.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 2 აპრილს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად საზოგადეობას 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით არ შეუმცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით სსკ-ის 275-ე მუხლით დამატებით დარიცხული ჯარიმის ოდენობა.
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცა 2019 წლის 5 აპრილის №9796 ბრძანება და 8 აპრილის №007-82 საგადასახადო მოთხოვნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად შესრულდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.


მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ფინანსური სანქციები მოეხსნას სრულად და არგუმენტირებული პოზიციის გათვალისწინებით დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა, კომპანიის შესაძლებლობიდან გამომდინარე, დამატებით დარიცხული ძირითადი გადასახადის გადახდის შემთხვევაში ითხოვს საბჭომ გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება და აგრეთვე 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით დაკორექტირდეს (შემცირდეს) დარიცხული სანქცია, საურავები. საგადასახადო ვალდებულებები არ ყოფილა მიზანმიმართულად განხორციელებული.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინასნთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.03.2019 წლის №7084/2/2018 გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 18.10.2018 წლის №29786 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დარიცხული სანქციების კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მიხედვით, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის სსკ-ის 275-ე მუხლით შეფარდებული ჯარიმის, ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ამავე კოდექსის 291-ე მუხლით შეფარდებული ჯარიმის და შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებაზე დარიცხული საურავის სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძვლით გაუქმების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, ვინაიდან საგადასახადო დავის პერიოდში, სანქციის განმსაზღვრელ ნორმაში განხორციელდა ცვლილება და ამ ცვლილებით სანქცია, ამავე ნორმაში მითითებული პირობების არსებობისას შემსუბუქებულია, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს შეფარდებული სანქციის სსკ-ის 275-ე მუხლში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის კორექტირება.
საჩივრის მიხედვით გადამხდელი ითხოვს საბჭომ გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება და აგრეთვე 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით დაკორექტირდეს (შემცირდეს) დარიცხული სანქცია, საურავები.
აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2019 წლის დასკვნის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საზოგადოებას, 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით არ უნდა შეუმცირდეს საგადასახადო შემოწმების აქტით სსკ-ის 275-ე მუხლით დამატებით დარიცხული ჯარიმის ოდენობა.
ამდენად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. გადამხდელს წარმოდგენილ არგუმენტზე, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად სანქციის გაუქმებაზე, ამავე გადაწყვეტილებით ეთქვა უარი, ხოლო სსკ-ში განხორციელებული ცვლილებებით სანქციის შემცირების საკითხი შესწავლილია აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების და შემოსავლების სამსახურისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე