თარიღი: 12/25/2019
ნომერი: 9209/2/201
მუხლი: საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ კონტროლის ზონის დატოვება,
კატეგორია: საბაჟო ჯარიმები,
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
 

№9209/2/2019

25.12.2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

მომჩივანი: ხ. ჯ. (ს/ნ ...)
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბარათაშვილის, დ. გახარიას, შ. გვენეტაძის, გ. თინიკაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 25.12.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ხ. ჯ.-ის 9.09.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 24.06.2019 წლის №EL094011 სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 7.08.2019 წლის №27345 ბრძანება.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1000 ლარი.

ფაქტების აღწერა
2019 წლის 24 ივნისს გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ კონტროლის ზონაში გამოცხადდა ხ. ჯ.-ის მართვის ქვეშ მყოფი №FK275KF/GG172S სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო შპს „ს...ს“ (ს/ნ ...) მიერ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული და №11111/D5060 საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი (დანიშნულების ორგანო სგპ „გუგუთი“).
საქმის მასალების შესწავლით დადგინდა, რომ №FK275KF/GG172S სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო №11111/D5060 საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გადაბრუნდა, რის შედეგადაც დაირღვა საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობა და გაიფანტა საქონლის ნაწილი (16000 კგ. სიმინდი).
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ უფლებამოსილი პირის მიერ, 24.06.2019 წელს შედგენილია №EL094010 და №EL094011 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც ხ. ჯ.-ს სანქციის სახით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად 1000 ლარის ოდენობით.
ამასთან, შპს „ს...ს“ (ს/ნ ...) 25.06.2019 წლის №EL094057 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით პასუხისმგებლობა დაეკისრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა/დაკარგვის სამართალდარღვევის ფაქტზე.
ხ. ჯ.-ის მიმართ შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები 10.07.2019 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.08.2019 წლის №27345 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანი სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა 24.06.2019 წლის №EL094010 სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისაგან, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლით დადგენილია გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები, რომლის მე-4 ნაწილის მიხედვით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა. დეკლარირებული მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილია.
ამავე კოდექსის 214-ე მუხლით თანახმად, რომ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება საბაჟო კონტროლს.
სსკ-ის 215-ე მუხლით დადგენილია საქონლის შემოტანის, გატანის და გაფორმების წესები, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე. ამავე მუხლის მიხედვით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანილი საქონლის წარდგენისას ხორციელდება ზოგადი დეკლარირება. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმებიდან საქონლის გატანამდე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას. საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება კი ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილების და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით. ამასთან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქმის ირგვლივ არსებული მასალიდან დგინდება, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხიმგებელი პირი, შესაბამისად სწორედ მას ავალდებულებს კანონმდებელი საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად, უზრუნველყოს ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა, რაც მომჩივნის მიერ არ/ვერ შესრულდა.
სსკ-ის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 289-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის 31 ნაწილის მიხედვით ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-15 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა შეისწავლა რა საჩივრის მოტივები, მასში მითითებული გარემოებები, საქმის ირგვლივ არსებული დოკუმენტები, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტებს. ასევე მომჩივანის მიმართ წარმოშობილია საგადასახადო ვალდებულება. სადავო აქტები შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-222-219(კ14) საქმეზე მიღებული განჩინების გათვალისწინებით დავების განხილვის საბჭო მიუთითებს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის მიხედვით საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჩივარზე დამატებით წარმოდგენილ საჯარიმო ქვითარზე, რომლითაც დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევას, რის შესახებაც ეცნობა საპატრულო პოლიციას.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საგადასახადო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ №EL094010 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებული სამართალდარღვევა გამოწვეულია გადამხდელის არცოდნით/შეცდომით, ამასთან განსახილველ ფაქტამდე მომჩივანი სამართალდარღვევის ჩადენაში შემჩნეული არ ყოფილა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 289-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდისაგან (სსკ-ის 269-ემუხლის მე-7 ნაწილით). საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდა.

მომჩივნის არგუმენტაცია
მიმდინარე წლის 23 ივნისს, ავტოსატრანსპორტო საშუალება ავტოსაგზაო შემთხვევის გამო გადატრიალდა და საქონლის ნაწილი, კერძოდ 16000 კგ. სიმინდი (26000 კგ-დან) გაიფანტა ხევში სადაც ჩამოდიოდა მდინარე და ფაქტიურად დაიკარგა. აღნიშნულის დასადასტურებლად საჩივარს ერთვის საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი და ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე გადაღებული სურათები. ამის შემდეგ, როგორც კი ამწეს მეშვეობით შესაძლებელი გახდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ბორბლებზე დაყენება, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაუყოვნებლივ მიიყვანა საბაჟო ტერმინალზე და ტვირთის მეპატრონემ თავისი ნებით მოითხოვა საქონლის იმპორტის რეჟიმში მოქცევა და განბაჟება (როგორც დაკარგული 16000 კგ. სიმინდის, ასევე გადარჩენილი 10000 კგ. სიმინდის).
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველია 289-ე მუხლის მე-15 ნაწილი, სადაც საუბარია საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვაზე. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პირის განზრახვის არსებობას განახორციელოს კანონით აკრძალული ქმედება, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან საქონლის განადგურება გამოიწვია არა განზრახმა ქმედებამ, არამედ სატრანსპორტო საშუალების გადაბრუნების შედეგად დაზიანებამ, რაც ასევე აღნიშნულია საპატრულო პოლიციის აქტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად პირს საგადასახადო სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად. დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე. ავტომობილის გზის სავალი ნაწილიდან გადასვლის და გადატრიალების შედეგად წარმოქმნილი დაზიანება ითვლება ფორს-მაჟორულ გარემოებად, რომლის აღკვეთაც მის ძალებს აღემატება და შეუძლებელს ხდის სიტუაციის მართვას.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა (შემდგომ − დავა) განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად,
1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
ამავე ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად,
1. ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს, პირმა, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია დაუძლეველი ძალის მოქმედების პირობებში) საგადასახადო ორგანოს აღნიშნული გარემოებების შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად.
2. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი ექვემდებარება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევას ან განკარგვას/განადგურებას.
სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების თანახმად,
1. საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
5. პირს ამ კარით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად. დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა არ არის დამოკიდებული პირის ნებაზე, მათ შორის:
ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);
ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო/საომარი მდგომარეობის გამოცხადება, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება;
გ) მასობრივი არეულობა, გაფიცვა.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 289-ე მუხლის მე-15 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა იწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
საჩივრის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო საქონლის ნაწილი, კერძოდ 16000 კგ. სიმინდი (26000 კგ-დან) გაიფანტა ხევში. როგორც კი შესაძლებელი გახდა, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება მიიყვანა საბაჟო ტერმინალზე და ტვირთის მეპატრონემ თავისი ნებით მოითხოვა საქონლის, როგორც დაკარგული 16000 კგ. სიმინდის, ასევე გადარჩენილი 10000 კგ. სიმინდის, იმპორტის რეჟიმში მოქცევა და განბაჟება. საქონლის განადგურება გამოიწვია არა განზრახმა ქმედებამ, არამედ სატრანსპორტო საშუალების გადაბრუნების შედეგად დაზიანებამ, რაც ასევე აღნიშნულია საპატრულო პოლიციის აქტში. ფორს-მაჟორული გარემოებიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული ჯარიმის მოხსნას.
საჩივარს ახლავს ფოტოსურათები და 23.06.2019 წლის №ენ 664665 საპატრულო პოლიციის საჯარიმო ქვითარი, რომლითაც ხ.ჯ. დაჯარიმებულია ასკ-ის 125-ე მუხლის მე-6, 62 და მე-7-მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება.
დადგენილია, რომ 2019 წლის 24 ივნისს გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისის“ კონტროლის ზონაში ხ. ჯ.-ის მართვის ქვეშ მყოფი №FK275KF/GG172S სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომელშიც განთავსებული იყო №11111/D5060 საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი) გამოცხადებისას, გაირკვა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაირღვა საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობა და გაიფანტა საქონლის ნაწილი (16000 კგ. სიმინდი).
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების თანახმად, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საჩივარზე დამატებით წარდგენილ საჯარიმო ქვითარზე, რომლითაც დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევას, რის შესახებაც ეცნობა საპატრულო პოლიციას და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საგადასახადო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ №EL094010 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებული სამართალდარღვევა გამოწვეულია გადამხდელის არცოდნით/შეცდომით, ამასთან განსახილველ ფაქტამდე მომჩივანი სამართალდარღვევის ჩადენაში შემჩნეული არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ ფაქტზე ჯარიმის შეფარდება კანონშესაბამისია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და შემოსავლების სამსახურისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე