თარიღი: 12/25/2019
ნომერი: 9237/2/201
მუხლი: სასაქონლო ოპერაციების პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება,
კატეგორია: საბაჟო ჯარიმები,
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
 

№9237/2/2019

25.12.2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

მომჩივანი: შპს „ვ...ა“ (ს/ნ ...)
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბარათაშვილის, დ. გახარიას, შ. გვენეტაძის, გ. თინიკაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 25.12.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ვ...ს“ 13.09.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა, რაც იწვევს ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვას, დაკარგვას ან განადგურებას

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 18.07.2019 წლის №EL095537 სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 23.08.2019 წლის №29666 ბრძანება.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5000 ლარი.

ფაქტების აღწერა
2019 წლის 12 ივლისს ფოთის პორტში შემოვიდა თბომავალი „N...T“, რომელზეც განთავსებული იყო საქონლით დატვირთული №ONEU0189631 კონტეინერი. გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლობას საქართველოში წარმოადგენდა შპს „ვ...ა“. აღნიშნულ კონტეინერში განთავსებული იყო შპს „ა...ის“ (ს/ნ ...) კუთვნილი, №11111/C74535 (11.07.2019) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული სხვადასხვა დასახელების საქონელი (კათეტერის გადამყვანი, ნაზალური კანულა, ბაქტერიო/ვირუსული ფილტრი, სისხლის გადასხმის სისტემა, იანკაუერის კომპლექტი და სასუნთქი აპარატის კონტური).
თბომავლიდან კონტეინერის ჩამოტვირთვისას, სგპ „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული შემოწმებით აღმოჩნდა, რომ ზემოხსენებულ კონტეინერზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალება იყო დაზიანებული და იხსნებოდა შეხებისთანავე, შესაბამისად ვერ უზრუნველყოფდა შეუღწევადობას.
საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა კონტეინერში განთავსებული საქონლის აწონვა, რის შედეგადაც საქონლის რაოდენობა 4440 კგ.-ით ნაკლები აღმოჩნდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ წონაზე (11 110 კგ.).
გამომდინარე აქედან, ზემოაღნიშნული კონტეინერი დაილუქა საბაჟო ლუქით და სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით გადატანილ იქნა შპს „ბ...ს“ საბაჟო საწყობში, სადაც გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა კონტეინერში განთავსებული საქონლის დათვალიერება. დათვალიერების შედეგად გამოვლინდა დანაკლისი ინვოისის 3 სხვადასხვა დასახელების საქონელზე (საერთო საბაჟო ღირებულება 635,96 ლარი), კერძოდ, „BREATHING CIRCUIT WITH BAG, ADULT“ ნაცვლად დეკლარირებული 320 ყუთისა, აღმოჩნდა 317 ყუთი, „BREATHING CIRCUIT WITH BAG“ ნაცვლად 80 ყუთისა – 79 ყუთი, ხოლო „ASAL OXYGEN CANNULA“ დანაკლისი ერთ ყუთში 11 ერთეული.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე გადამხდელის მიმართ გეზ „ფოთის“ უფლებამოსილი პირის მიერ 18.07.2019 წელს შედგენილია №EL095537 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 1.08.2019 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და 23.08.2019 წლის №29666 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა. დეკლარირებული მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილია. ამავე კოდექსის 214-ე მუხლით დადგენილია, რომ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება საბაჟო კონტროლს.
სსკ-ის 215-ე მუხლით დადგენილია საქონლის შემოტანის, გატანის და გაფორმების წესები, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე. ამავე მუხლის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე ან შემოტანილი საქონლის წარდგენისას ხორციელდება ზოგადი დეკლარირება. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმებიდან საქონლის გატანამდე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას. საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება კი ეკისრება დეკლარანტს ან/და საქონლის მფლობელს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილების და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის აზუსტებს, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით. ამასთან საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქმის ირგვლივ არსებული მასალიდან დგინდება, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხიმგებელი პირი, შესაბამისად სწორედ მას ავალდებულებს კანონმდებელი საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად, უზრუნველყოს ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა, რაც მომჩივნის მიერ არ/ვერ შესრულდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლით დადგენილია გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები, რომლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
სსკ-ის 289-ე მუხლის მე-31 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება − იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილია, რომ საჩივრის ავტორის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ კონტეინერს ლუქი მოძვრა მებაჟეს მიერ მისი შემოწმების დროს განხორცილებული ზემოქმედების (ჩამოქაჩვის) შედეგად, არ შეესაბამება რეალობას. აღნიშნული დასტურდება საქმეზე არსებული ვიდეოფაილითაც.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახურმა შეისწავლა რა საჩივრის მოტივები, მასში მითითებული გარემოებები, საქმის ირგვლივ არსებული დოკუმენტები, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის ფაქტს. საჩივარში მოყვანილი გარემოებები და არგუმენტები კი არ შეესაბამება სინამდვილეს. სადავო აქტი შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამდენად, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მომჩივნის არგუმენტაცია
კონტეინერი საზღვარზე შემოსვლისას იყო დალუქული, კონტეინერს ლუქი მოძვრა მებაჟე-ოფიცრის მიერ მისი შემოწმებისას განხორციელებული ზემოქმედების შედეგად. ვიდეო ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ლუქი ადგილზეა სანამ მას ძლიერი ზემოქმედების (ჩამოქაჩვის) შედეგად მოაძრობენ, რაც ნათლად ჩანს ვიდეოჩანაწერში.
ხსენებული გარემოების გამო ითხოვა სამართალდარღვევის ოქმის ბათილობა და ამ ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმება. სამწუხაროდ განცხადებაში მითითებული არგუმენტაცია არ გაითვალისწინა დავების დეპარტამენტმა.
დავების დეპარტამენტისათვის განცხადებით მიმართვის შემდეგ დაუკავშირდა თვით ტვირთის მიმღები (შპს „ა...ი“), რომელმაც წარუდგინა კონტეინერის დაცლის ოქმი და განცხადება რომ სამართალდარღვევის ოქმში მითითებული დანაკლისი არ აღმოჩნდა კონტეინერის დაცლისას. აშკარაა, რომ კონტეინერი შემოსვლისას იყო დალუქული, მექანიკური ზემოქმედების შემდეგ კი ის მოიხსნა. ასევე აშკარაა, რომ სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ინვოისის 3 სხვადასხვა დასახელების საქონლის 4440 კგ. დანაკლისი, ასევე მცდარი ინფორმაციაა.
ითხოვს მოცემული არგუმენტაციის გათვალისწინებით ბათილად იქნეს ცნობილი სამართალდარღვევის ოქმი და გაუქმდეს ამ ოქმით დაკისრებული ჯარიმა.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-2 და 31 ნაწილების მიხედვით,
2. საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
31. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
ამევე კოდექსის 207-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა.
ამავე კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლს ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება, ხოლო 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილების და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტების შესაბამისად,
1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
5. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
სადავოა შემდეგი გარემოება, რომ კონტეინერზე, რომელშიც განთავსებული იყო შპს „ა...ის“ (ს/ნ ...) კუთვნილი, №11111/C74535 (11.07.2019) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით წინასწარ დეკლარირებული სხვადასხვა დასახელების საქონელი (კათეტერის გადამყვანი, ნაზალური კანულა, ბაქტერიო/ვირუსული ფილტრი, სისხლის გადასხმის სისტემა, იანკაუერის კომპლექტი და სასუნთქი აპარატის კონტური), დადებული იდენტიფიკაციის საშუალება იყო დაზიანებული და იხსნებოდა შეხებისთანავე, შესაბამისად ვერ უზრუნველყოფდა შეუღწევადობას. კონტეინერში განთავსებული საქონლის დათვალიერების შედეგად გამოვლინდა დანაკლისი (4 ყუთი და 11 ერთეული) ინვოისის სამ სხვადასხვა დასახელების საქონელზე.
საჩივრის თანახმად, კონტეინერი საზღვარზე შემოსვლისას იყო დალუქული, ლუქი მოძვრა მებაჟე-ოფიცრის მიერ მისი შემოწმებისას განხორციელებული ზემოქმედების შედეგად. ვიდეო ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ლუქი ადგილზეა სანამ მას ძლიერი ზემოქმედების (ჩამოქაჩვის) შედეგად მოაძრობენ. ამასთან, ტვირთის მიმღებმა (შპს „ა...ი“) წარუდგინა კონტეინერის დაცლის ოქმი და განცხადება, რომ სამართალდარღვევის ოქმში მითითებული დანაკლისი არ აღმოჩნდა კონტეინერის დაცლისას. აშკარაა, რომ სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული დანაკლისი, მცდარი ინფორმაციაა.
საჩივარს ახლავს ვიდეო ჩანაწერი და 26.07.2019 წლის №26/07 საქონლის აღწერის აქტი, რომელშიც მითითებულია კონტეინერით მიღებული საქონლის დასახელება, ინვოისში მითითებული რაოდენობა, ფაქტიური რაოდენობა და სხვაობა მხოლოდ ერთი დასახელების საქონელზე (ნაზალური კანულა - ინვოისში მითითებული რაოდენობა 20000, ფაქტიური რაოდენობა 19989, სხვაობა 11).
საბჭოს სხდომაზე საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით სატრანსპორტო საშუალებაზე იმგვარად უნდა იყოს დადებული იდენტიფიკაციის საშუალება, რომ მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს.
საბაჟო დეპარტამენტის 30.09.2019 წლის №119046-21-10 წერილის თანახმად,საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ კონტეინერში განთავსებული საქონლის აწონვის შედეგად საქონლის რაოდენობა 4440 კგ.-ით ნაკლები აღმოჩნდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ წონაზე. გამომდინარე აქედან, ზემოაღნიშნული კონტეინერი დაილუქა საბაჟო ლუქით და სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით გადატანილ იქნა შპს „ბ...ს“ საბაჟო საწყობში, სადაც გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელა კონტეინერში განთავსებული საქონლის დათვალიერება. დათვალიერების შედეგად გამოვლინდა დანაკლისი ინვოისის 3 სხვადასხვა დასახელების საქონელზე.
ამდენად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში კონტეინერი იყო შეღწევადი და საქონლის რაოდენობა არ დაემთხვა დოკუმენტებში მითითებულს, არ არსებობს სადავო აქტების და შეფარდებული ჯარიმის გაუქმების საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე