თარიღი: 12/25/2019
ნომერი: 9277/2/201
მუხლი: საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად,
კატეგორია: საბაჟო ჯარიმები,
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
 

№9277/2/2019

25.12.2019

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

მომჩივანი: თ. მ. (ს/ნ ...)
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბარათაშვილის, დ. გახარიას, შ. გვენეტაძის, გ. თინიკაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 25.12.2019 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება თ. მ.-ის 24.09.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.

დავის საგანი:
საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 18.07.2019 წლის №EL095542 სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 6.09.2019 წლის №30895 ბრძანება.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1000 ლარი.

ფაქტების აღწერა
2019 წლის 18 ივლისს საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ფიზიკური პირი თ. მ., რომელმაც განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის არც ძვირფასეულობა. მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ხელჩანთაში აღმოჩნდა, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ ვერცხლის ყელსაბამი 43 ცალი (84,5 გრ), ვერცხლის კულონი 23 ცალი (47 გრ), ვერცხლის ბეჭედი 1 ცალი (7,73 გრ) და ვერცხლის საყურე 3 ცალი (8,39 გრ).
საქონლის რაოდენობისა და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით 2019 წლის 18 ივლისს ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზით (დასკვნა №004408/2019) დადგინდა, რომ ზემოხსენებული არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების საერთო წონა შეადგენს 147,62 გრამს, ხოლო საბაჟო ღირებულება 205,19 ლარს.
აღნიშნულ ფაქტზე საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2019 წლის 18 ივლისს შედგენილია №EL095542 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით პირს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული არადეკლარირებული საქონელი №69601045256 ოქმის საფუძველზე ჩამორთმეულია სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით და განთავსდა სგპ „სარფის“ ადმინისტრაციულ შენობაში.
აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი 23.07.2019 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.09.2019 წლის №30895 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით საქონლის დეკლარირება არის ქმედება, რომლითაც პირი აცხადებს საქონლის მიმართ სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას. საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა. დეკლარირებული მონაცემების სისწორის დადგენის მიზნით კი საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილია.
სსკ-ის 215-ე მუხლის შესაბამისად საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე.
სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საქონლის გაფორმების მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო დეკლარაცია, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება სასაქონლო ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, რომ თუ ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ფიზიკურ პირს წარმოეშობა დეკლარირების ვალდებულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლით დადგენილია გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები, რომლის მე-4 პუნქტის მიხედვით საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
სსკ-ის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მასალიდან დგინდება, რომ სამართალდამრღვევი საქართველოს საზღვარზე გადააადგილებდა საქონელს (ვერცხლის ნაკეთობებს), რომელიც ექვემდებარება დეკლარირებას, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა.
ამდენად, დასტურდება მომჩივნის მხრიდან საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების გადააადგილებაში, აღნიშნული სამართალდარღვევა კი გათვალისწინებულია სსკ-ის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით. სამართალდამრღვევის მიმართ შედგენილი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შეფარდებული სანქცია კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივანს უფიქსირდება საქართველოს საბაჟო საზღვრის 68 კვეთა, შესაბამისად მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი საბაჟო პროცედურები.

მომჩივნის არგუმენტაცია
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ნებისმიერ პიროვნებას 500 ლარის ოდენობის გადმოტანის უფლებაა აქვს, მას კი გადმოქონდა 300 ლარამდე თანხის საქონელი. ნივთები გადმოჰქონდა პირადი მოხმარებისთვის და საჩუქრდ. ამ წელს თურქეთის საზღვარი სამჯერ აქვს გადაკვეთილი, დანარჩენი კვეთა იყო წლების წინ, როცა ოჯახის სარჩენად დადიოდა და ალაგებდა სახლებს, არცერთხელ არ შეუმოწმებიათ და არ ჰქონია სამართალდარღვევა, რაც გასათვალისწინებელია. არ აქვს საშუალება და ვერ გადაიხდის ჯარიმას. არ თვლის თავს სამართალდამრღვევად, რადგან არ აპირებდა დამალვას, ხელჩანთა წაართვეს მანამდე სანამ დადებდა შესამოწმებლად, აღნიშნული დაფიქსირებული იქნება ვიდეო კამერებით. არ იყო ინფორმირებული და არ იცოდა, რომ ვერცხლის გადმოტანა არ შეიძლებოდა, რასაც გაითვალისწინებს და განმეორების შემთხვევაში აგებს პასუხს.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,
1. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.
2. საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე, ხოლო მიზნობრივი დანიშნულებით გაფორმებისას – საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მიზნობრივი დანიშნულების დასრულებამდე.
ამავე კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელებისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 ნაწილების თანახმად,
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7. ამ კოდექსის 279-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილებით, 289-ე მუხლის მე-6, მე-14 და მე-15 ნაწილებით და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება
მოქმედი საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა (შემდგომ − დავა) განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ 2019 წლის 18 ივლისს საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მომჩივანი, რომლის კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით, ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი, 205,19 ლარის (71,52 აშშ დოლარი) საბაჟო ღირებულების საქონელი (ვერცხლის ყელსაბამი 43 ცალი (84,5 გრ), ვერცხლის კულონი 23 ცალი (47 გრ), ვერცხლის ბეჭედი 1 ცალი (7,73 გრ) და ვერცხლის საყურე 3 ცალი (8,39 გრ)).
საქმეში წარმოდგენილია სადავო ფაქტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი.
საჩივრის თანახმად, პირადი მოხმარებისთვის და საჩუქრად გადმოქონდა 300 ლარამდე თანხის საქონელი, არ იყო ინფორმირებული და არ იცოდა, რომ ვერცხლის გადმოტანა არ შეიძლებოდა, რასაც გაითვალისწინებს და განმეორების შემთხვევაში აგებს პასუხს.
ამდენად, დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის გადაადგილებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით. საბჭოს მომჩივნის არგუმენტაციისა და სადავო საქონლის საბაჟო ღირებულების (205,19 ლარი) გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიაჩნია, ჩადენილი სამართალდარღვევისათვის მომჩივანს ნაცვლად საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმისა შეეფარდოს გაფრთხილება.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 6.09.2019 წლის №30895 ბრძანება;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს საბაჟო დეპარტამენტის 18.07.2019 წლის №EL095542 სამართალდარღევის ოქმი;
4. მომჩივანს სსკ-ის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილით შეფარდებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად სანქციის სახით შეეფარდოს გაფრთხილება;
5. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს სანქციის კორეტირება (შემცირება) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

დათო გაბლიშვილი

სხდომის თავმჯდომარე