თარიღი: 6/19/2020
ნომერი: 9677.2.201
მუხლი: საჩივრის განუხილველად დატოვება არაუფლებამოსილი პირის მიერ წარდგენის გამო,
კატეგორია: პროცედურა,
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
 

ქ. თბილისი 

19.06.2020
 

გ ა დ ა წ ყ ვ ე  ტ ი ლ ე ბ ა №9677/2/2019

მომჩივანი: შპს „რ...ი“ (ს/ნ ...)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, დ. გახარიას, შ. გვენეტაძის, გ. თინიკაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 19.06.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „რ...ის“ 27.11.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №9677/2/2019). საჩივრის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია ზ. ძნელაშვილს თვითაცილების გამო.

დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 23.07.2019 წლის №EL095802 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 26.07.2019 წლის №EL096077, №EL096078, №EL096079, №EL096082, №EL096083, №EL096087, №EL096088, №EL096090, №EL096092, №EL096093, №EL096095, №EL096096, №EL096098, №EL096099, №EL096100, №EL096101, №EL096102, №EL096103, №EL096105, №EL096106, №EL096107, №EL096108, №EL096109, №EL096110, №EL096111, №EL096112, №EL096113, №EL096114, №EL096116, №EL096117, №EL096118 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები;
3. საბაჟო დეპარტამენტის 27.07.2019 წლის №EL096141, №EL096143, №EL096144, №EL096145, №EL096148, №EL096152, №EL096153, №EL096157, №EL096158, №EL096160, №EL096163, №EL096169, №EL096171, №EL096172, №EL096173, №EL096175, №EL096178, №EL096183, №EL096185, №EL096187, №EL096191 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები;
4. საბაჟო დეპარტამენტის 28.07.2019 წლის №EL096224. №EL096225, №EL096228, №EL096230, №EL096231, №EL096232, №EL096233, №EL096235, №EL096238, №EL096240, №EL096243, №EL096247, №EL096250, №EL096251, №EL096252, №EL096254, №EL096260, №EL096261, №EL096262, №EL096266, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები;
5. საბაჟო დეპარტამენტის 29.07.2019 წლის №EL096288, №EL096293, №EL096294, №EL096297, №EL096298, №EL096299 სამართალდარღვევის ოქმები;
6. შემოსავლების სამსახურის 17.09.2019 წლის №31973 ბრძანება.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 44 500 ლარი.
ფაქტების აღწერა
შპს „რ...ის“ მიერ 2014, 2015, 2016 და 2017 წლებში საქონლის საბაჟო დეკლარაციებით საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოექცა სხვადასხვა დასახელების საქონელი. აღნიშნული საქონლის შენახვის ვადა განისაზღვრა 5 000 დღით. საქონელი განთავსდა შპს „გ...ს“ საბაჟო საწყობში და საბაჟო დეკლარაციების შევსებაც, საბაჟო საწყობის, როგორც დეკლარანტის წარმომადგენლის მიერ განხორციელდა.
შპს „რ...ის“ წარმომადგენელმა 2019 წლის 17 ივლისის №145748-21-10-21 განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებით საწყობის სასაქონლო ოპერაციებში მოქცეულ საქონელზე შენახვის ვადის გაგრძელება.
გაირკვა, რომ შპს „რ...მა“ საწყობის სასაქონლო ოპერაციის ვადის გაგრძელების მიზნით საბაჟო დეპარტამენტს მიმართა საქონლის შენახვის 2 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა საწყობის სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევას.
აღნიშნულზე მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 23, 26, 27, 28 და 29 ივლისის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, შეეფარდა შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა - თითოეული ოქმზე 500 ლარის ოდენობით, სულ - 44 500 ლარი.
2019 წლის 20 აგვისტოს, შპს „გ...ის“ წარმომადგენელმა დ.. ხ.-მა (პ/ნ ...), საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა აღნიშნული ოქმების ბათილად ცნობა და დაკისრებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.
შემოსავლების სამსახურის 17.09.2019 წლის №31973 ბრძანებით, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის (საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ) საფუძველზე, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები გამოცემულია შპს „რ...ის“ მიმართ, ამასთან საჩივარზე არ არის წარდგენილი საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც დაადასტურებდა წარმომადგენლობის უფლებამოსილებას და რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა უფლებამოსილების ფარგლები.
შემოსავლების სამსახური საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ ვინაიდან საჩივარზე არ არის წარდგენილი საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც დაადასტურებდა წარმომადგენლობის უფლებამოსილებას და რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა უფლებამოსილების ფარგლები, სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რა დროსაც შემოსავლების სამსახური არ არის უფლებამოსილი განიხილოს წარდგენილი საჩივარი.

მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია „გ...ი“ (ს/ნ ....) 2014 წლიდან ახორციელებს შპს „რ..ს“ წარმომადგენლობას შემოსავლების სამსახურსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში კომპანიებს შორის გაფორმებული №W044-3118001 01.11.2014 ხელშეკრულების და ამასთან ერთად კომპანია „გ...ს“ გენერალური დირექტორის ა. ხ.-ის მიერ ამავე კომპანიის თანამშრომელზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით „გ...ი“ უფლებამოსილია განახორციელოს ტვირთის გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროცედურა, ამასთან, კომპანია „რ...ი“ შპს „გ...ს“ ანიჭებს საგადასახადო აქტების გასაჩივრების უფლებასაც.
რაც შეეხება მინდობილობას, რომელიც ხელშეკრულებასთან ერთად წარდგენილი იყო დავების განხილვის ორგანოში, მსგავსი შინაარსის მინდობილობის საფუძველზე დ. ხ. წლების განმავლობაში შპს „რ...ს“ სახელით, ფაქტობრივად ახორციელებდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საბაჟო/საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობაში, ხელშეკრულების 6.1.1-6.1.4 მუხლებით გათვალისწინებული ოპერაციების განხორციელებისას და მისი უფლებამოსილება სადავო არასდროს არ გამხდარა. ამიტომ, გაუგებარია რატომ ცნო შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ ბატონი დ. ხ. არაუფლებამოსილ პირად ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
მიმდინარე წლის 24 ივნისს, ელექტრონულ პორტალზე მიიღო შეტყობინება, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს და შპს „რ...ს“ სახელზე, 2017 წლის 14 ივლისამდე, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელს ეწურებოდა 2 წლის ვადა, რომელიც, უნდა გაგრძელებულიყო კანონმდებლობის თანახმად. აღნიშნული ცვლილება საგადასახადო კოდექსში შევიდა 2017 წელს და მას შემდეგ მათ სახელზე დასაწყობებულ დეკლარაციებს ყოველთვის აძლევდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადას.
შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალ RS.GE-ზე მიღებული შეტყობინება, რომლის გახსნა განცხადების მიღებად და კომპანიის ინფორმირებად განიხილება, იყო ზოგადი ხასიათის, იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციებში მოხდებოდა ცვლილების შეტანა და შენახვის ვადის თვითნებური კორექტირება, კომპანიის გვერდზე უნდა მოსულიყო შეტყობინება იმ კონკრეტულ დეკლარაციებზე, რომლებსაც დაუკორექტირდებოდათ საბაჟო საწყობში შენახვის ვადა, რაც ჩაითვლებოდა კომპანიის ინფორმირებად და მოხდებოდა ყველა დეკლარაციის გადასაწყობება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით შენახვის მიზნით.
შესაბამისად, მათი მხრიდან აღნიშნული შეტყობინება განხილულია, როგორც ზოგადი ხასიათის მატარებელი განცხადება და არ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები.
გარდა ამისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 231-ე მუხლში არ არის მითითებული, აღნიშნული ცვლილება შეეხებოდა თუ არა 2017 წლის 14 ივლისამდე დაბეჭდილ საბაჟო საწყობის საბაჟო დეკლარაციებს, შესაბამისად კანონმდებლობა არ ავალდებულებდა ვადა გაეგრძელებინა იმ დეკლარაციებისათვის, რომელსაც შეტყობინებაში მითითებულ დრომდე არ უმთავრდებოდა შენახვის ვადა.
ასევე, აღსანიშნია, რომ შპს „რ....ი“ არის გერმანული კომპანია „R...- ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში და 2014 წლიდან მუდმივად ახორციელებს საბაჟო საწყობის, იმპორტისა და რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ხნის განმავლობაში არ ჰქონია სამართალდარღვევა და ყოველთვის მოქმედებდა კანონმდებლობის ფარგლებში.
შპს „რ...ი“ საქართველო არის რეგიონალური ჰაბი გერმანული კომპანიის და საქართველოს მეშვეობით ახორციელებს მეზობელ ქვეყნებში ტვირთის მიწოდებას. აღნიშნული ჯარიმა ფინანსურად მნიშვნელოვნად დააზარალებს შპს „რ...ს“, რაც უარყოფითად აისახება კომპანიის განვითარებაზე და შესაბამისად, შეამცირებს ტვირთბრუნვას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ეს კონკრეტული შემთხვევა განხილულ იქნას, როგორც ინფორმაციის არასრულად მოწოდების შედეგი და მოხდეს სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობა და აღნიშნულ ოქმებით დაკისრებული ჯარიმების და სანქციების გაუქმება.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, საგადასახადო ურთიერთობებში მონაწილეობა მიიღოს თავისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით; საწარმოს/ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლებად ითვლებიან მისი ორგანოები ან/და საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ საწარმოს/ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტებით უფლებამოსილი სხვა პირები; 5. საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, მინდობილობით ან სხვა დოკუმენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურმა 17.09.2019 წლის №31973 ბრძანებით, იმ მოტივით, რომ საჩივარი წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი დატოვა განუხილველი.
2019 წლის 20 აგვისტოს შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია შპს „რ...ს“ სატიტულო ბლანკით, დოკუმენტზე არსებობს შპს „რ...ის“ ბეჭედი და საჩივარს ხელს აწერს დ. ხ. საჩივარს ახლავს შპს „რ...სა“ და შპს გ...ს“ შორის დადებული ხელშეკრულება (ინგლისურ ენოვანი) და 1.01.2019 წლით დათარიღებული მინდობილობა, რომლის მიხედვით შპს „გ...ს“ გენერალური დირექტორი ა. ხ. ენდობა შპს „გ...ს“ საბაჟო დეპარტამენტის უფროსს დ. ხ.-ს მასზედ, რომ მან აწარმოოს ყველა საჭირო ოპერაცია შემოსავლების სამსახურში, მინდობილობა ძალაში 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მომჩივნის მიერ ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 18.06.2020 წელს დამატებით წარმოდგენილია 1.01.2019 და 1.01.2020 წლით დათარიღებული მინდობილობები, რომლის მიხედვით შპს „გ...ი“ გენერალური დირექტორის ა. ხ.-ის სახით ენდობა შპს „გ...ს“ საბაჟო დეპარტამენტის უფროსს დ. ხ.-სს, მასზედ, რომ მან აწარმოოს ყველა აუცილებელი მოქმედება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მათ შორის, სსიპ შემოსავლების სამსახურში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში შპს „რ...თან“ არსებული ხელშეკრულების №W044-3118001 ფარგლებში, ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის მანძილზე. ასევე, უფლებამოსილია იმოქმედოს ამავე კომპანიის საჩივრებთან დაკავშირებით, მათ შორის, გაასაჩივროს ყველა მიღებული გადაწყვეტილება.
ასევე, წარმოდგენილია შპს „რ...სა“ და შპს „გ...ს“ შორის გაფორებული 1.11.2014 წლის №W044-3118001 ხელშეკრულება, რომლის 6.5 პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების საშუალებით „ბ...ი“ უფლებას ანიჭებს „გ...ს“ წარადგინოს და იმოქმედოს „ბ...ის“ სახელით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის მომენტიდან „გ...ი“ წარმოადგენს „ბ...ს“, როგორც პირდაპირ უფლებამოსილ წარმომადგენელს და იმოქმედებს „ბ...ს“ სახელით. „გ...ი“ აწარმოებს განბაჟების მომსახურებას და ასევე, ყველა მასთან დაკავშირებულ ქმედებებს, იმ მინდობილობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია „შემკვეთის“ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პუნქტი 5.1-ში (5.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის 2014 წლის 1 ნოემბრიდან და ძალაშია 2019 წლის 31 ოქტომბრამდე) მითითებული ვადით.
ასევე, წარმოდგენილია 3.06.2019 წლით დათარიღებული დამატებითი შეთანხმება №5, რომლის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ შეცვალონ პუნქტი 5.1. და იგი იკითხება შემდეგნაირად: „წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის 2014 წლის 1 ნოემბრიდან და ძალაშია 2023 წლის 31 ოქტომბრამდე. წინამდებარე ხელშეკრულება შესაძლოა შეწყვეტილ იქნას რომელიმე კონტრაქტორი მხარის მხრიდან 9 (ცხრა) თვიანი წერილობითი შეტყობინების გაცემიდან, რათა იგი დასრულდეს კალენდარული წლის ბოლოს, მაგრამ არაუადრეს 2022 წლის 31 დეკემბრისა“ (შესწორება ამოქმედდა 1.07.2019 წელს).
ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „გ...ი“, როგორც შპს „რ...ს“ წარმომადგენელი, ადასტურებს, რომ მის მიერ გამოხატული ნება იყო და არის შპს „რ...ს“ მიმართ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმების გასაჩივრება და სამართალდამრღვევის ინტერსების წარმოდგენა და მისი უფლებების დაცვა დ. ხ.-ის მეშვეობით.
ამდენად, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით შესაძლებელია შპს „გ...ი“ მიჩნეულ იქნას შპს „რ...ის“ უფლებამოსილ წარმომადგენლად, ხოლო შპს „გ...ს“ თავის მხრივ წარმოადგენს დ. ხ., საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 17.09.2019 წლის №31973 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.