თარიღი: 8/5/2020
ნომერი: 9351/2/201
მუხლი: სასაქონლო ნომენკლატურული კოდის განსაზღვრა,
კატეგორია: საბაჟო,
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
 

ქ. თბილისი

5.08.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №9351/2/2019

მომჩივანი: შპს „ნ...ი“ (ს/ნ ...)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), დ. გახარიას, შ. გვენეტაძის, გ. თინიკაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 5.08.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ნ...ის“ 7.10.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №9351/2/2019). საჩივრის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია ზ. ძნელაშვილს თვითაცილების გამო.

დავის საგანი:
საბაჟო დეკლარაციაში სასაქონლო კოდის არასწორი მითითებით იმპორტის გადასახდელების შემცირება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 7.08.2019 წლის №006-724 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.09.2019 წლის №31966 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 37 287 ლარი;
დღგ - 15 928 ლარი;
ჯარიმა - 15 928 ლარი;
საურავი - 5 433 ლარი.

ფაქტების აღწერა
საბაჟო დეპარტამენტის მიერ ელექტრონული ბაზების მონაცემთა დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ შპს „ნ...ის“ სახელზე გაფორმებულ დეკლარაციებში საქონელი NEOCATE LCP და INFATRINI PEPTISORB რიგ შემთხვევებში კლასიფიცირებულია სეს ესნ-ის 2106 სასაქონლო პოზიციაში, ხოლო სხვა შემთხვევებში – 1901 სასაქონლო პოზიციაში. ამასთან, შესწავლის პროცესში, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემაში (Oracle) მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, ხსენებულ საქონელზე არსებობს №000805/2018 (31.01.2018) ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვით, შპს „ნ...ს“ კუთვნილ საქონელს (NEOCATE LCP-ს და INFATRINI PEPTISORB-ს) შეესაბამება სეს ესნ-ის კოდი – 2106 90 980 09.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული სეს ესნ-ის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად და საგადასახადო ორგანოში საქონლის შესახებ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, NEOCATE LCP 400 გრ. და INFATRINI PEPTISORB 200 მლ., რომელიც წარმოადგენს ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტს დაფასოებულს საცალო ვაჭრობისთვის, კლასიფიცირდება სეს ესნ-ის 2106 90 980 09 -„კვების პროდუქტები სხვა ადგილას დაუსახელებელი“- სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
შპს „ნ...ს“ №11111/C-58608 (07.07.2017), №11111/C-43386 (25.05.2017), №11111/C-21917 (21.03.2017), №11111/C- 4847 (23.01.2017), №11111/C-120473 (26.12.2017), №11111/C-30163 (13.05.2016), №11111/C-91397 (19.12.2016), №11111/C-88383 (08.12.2016), №11111/C-60570 (31.08.2016), №11111/C-80868 (14.11.2016), №11111/C-48977 (09.06.2017), №11111/C-83612 (19.09.2017), №11111/C-15635 (01.03.2017), №11111/C-33603 (26.04.2017), №11111/C-62598 (19.07.2017), №11111/C-83462 (19.09.2017), №11111/C- 74941 (24.10.2016), №11111/C-46511 (12.07.2016) დეკლარაციებში „NEOCATE LCP“ 400 გრ. და „INFATRINI PEPTISORB“ 200 მლ. დასახელების საქონელზე მითითებული აქვს 1901 10 000 00 კოდი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 იანვრის №2/ნ-№5 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხა, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“, შესაბამისად 1901 10 000 00 სასაქონლო კოდი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან.
აქედან გამომდინარე, საქონლის სეს ესნ-ის მიხედვით არასწორმა კლასიფიცირებამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება ჯამში 15 928 ლარით, კერძოდ, №11111/C58608 (07.07.2017) საბაჟო დეკლარაციით 788 ლარით, №11111/C-43386 (25.05.2017) საბაჟო დეკლარაციით 1 153 ლარით, №11111/C-21917 (21.03.2017) საბაჟო დეკლარაციით 564 ლარით, №11111/C-4847 (23.01.2017) საბაჟო დეკლარაციით 875 ლარით, №11111/C-120473 (26.12.2017) საბაჟო დეკლარაციით 999 ლარით, №11111/C-30163 (13.05.2016) საბაჟო დეკლარაციით 851 ლარით, №11111/C-91397 (19.12.2016) საბაჟო დეკლარაციით 1 181 ლარით, №11111/C-88383 (08.12.2016) საბაჟო დეკლარაციით 232 ლარით, №11111/C-60570 (31.08.2016) საბაჟო დეკლარაციით 1 262 ლარით, №11111/C-80868 (14.11.2016) საბაჟო დეკლარაციით 685 ლარით, №11111/C-48977 (09.06.2017) საბაჟო დეკლარაციით 1 402 ლარით, №11111/C-83612 (19.09.2017) საბაჟო დეკლარაციით 621 ლარით, №11111/C-15635 (01.03.2017) საბაჟო დეკლარაციით 555 ლარით, №11111/C-33603 (26.04.2017) საბაჟო დეკლარაციით 709 ლარით, №11111/C62598 (19.07.2017) საბაჟო დეკლარაციით 855 ლარით, №11111/C-83462 (19.09.2017) საბაჟო დეკლარაციით 1 537 ლარით, №11111/C-74941 (24.10.2016) საბაჟო დეკლარაციით 793 ლარით და №11111/C-46511 (12.07.2016) საბაჟო დეკლარაციით 866 ლარით.
შემოწმების შედეგად გადამხდელს დამატებით გადასახდელად დაერიცხა დღგ 15 928 ლარი და შეეფარდა სანქცია ჯარიმის სახით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, 15 928 ლარი.
შემოწმების შედეგები აისახა 7.08.2019 წლის №ა87-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 7.08.2019 წლის №27271 ბრძანება და ამავე თარიღის №006-724 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 9.08.2019 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.09.2019 წლის №31966 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე და ადგენს, რომ მომჩივნის მხრიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დეკლარირებისას არასწორი მონაცემების გამოყენებით საბაჟო ვალდებულება იყო შემცირებული. შემოსავლების სამსახური ვერ გაიზიარებს გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ გარემოებებს. საჩივარში დასახელებული არგუმენტები არ შეესაბამება იმ ნორმებს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის მოტივების და მითითებული გარემოებების, წარდგენილი დოკუმენტების და მოთხოვნის გათვალისწინებით, ფაქტობრივი გარემოებების და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტები და განხორციელებული დარიცხვა სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და სახეზე არ არის მათი გაუქმების საფუძველი.

მომჩივნის არგუმენტაცია
ორგანიზაციას წლების განმავლობაში შემოაქვს ბავშვთა კვების პროდუქტები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ორ პროდუქტს: ნეოკეიტი და ინფატრინი.
2016 წლამდე აღნიშნული პროდუქტები შემოქონდა თურქეთიდან, ხოლო 2016 წლიდან დღემდე შემოაქვს პოლონეთიდან. პროდუქტები ყოველთვის შემოდიოდა 1901 სასაქონლო კოდით, რომელიც საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლით გათავისუფლებულია დღგ-სგან.
2018 წლის იანვარში მომწოდებელმა შეუცვალა სასაქონლო კოდი, რომლის საფუძველიც იყო პროდუქტის შიგნით შემადგენლობის ცვლილება. ამის შემდეგ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რათა განესაზღვრა სასაქონლო კოდი, ხოლო საბაჟო დეპარტამენტის ექსპერტმა გაუგებარი მიზეზებით და სრულიად უსაფუძვლოდ აღნიშნულ პროდუქტს მიანიჭა 2106 სასაქონლო კოდი, რომელიც იმ დორისათვის არ იყო გათავისუფლებული დღგ-სგან. მიუხედავად იმის, რომ არ ეთანხმებოდა სასაქონლო კოდის ცვლილებას, მაინც პატიოსნად დაიწყო პროდუქტების დღგ-ით დაბეგვრა, მანამდე სანამ 2019 წლის იანვარში ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით 2106 სასაქონლო კოდი არ გათავისუფლდა დღგ-სგან. აღნიშნულის საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა (შემმოწმებლებმა) ზემოთ აღნიშნულ პროდუქტებზე 2019 წლის 7 აგვისტოს დაარიცხეს დღგ 2016-2017 წლების იმპორტზე, რასაც არ ეთანხმება შემდეგი მიზეზების გამო:
1901 სასაქონლო კოდი ფორმულირდება როგორც „ბავშვთა კვება საცალო ვაჭრობისათვის დაფასოებული“, ხოლო 2106 სასაქონლო კოდი როგორც „ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ბალანსირებული კვებისათვის“.
რაც შეეხება, ბავშვთა კვების პროდუქტებს ნეოკეიტს და ინფატრინს, ისინი არ შეიძლება იყოს დანამატები, ვინაიდან, როგორც თან მოყოლილი ინფორმაციაშია (ინსტრუქციაში) აღნიშნული, ეს არის შეუცვლელი პროდუქტები ჰიპერალერგიული ბავშვებისათვის, რომელთა ასაკიც არის 1 წლამდე (12 თვემდე). ეს არის საჭიროების შემთხვევაში კვების ერთადერთი და დამოუკიდებელი წყარო და სწორედ ამიტომ ისინი ზოგ შემთხვევაში მიიჩნევა, როგორც დედის რძის შემცვლელი პროდუქტები (გააჩნია ალერგიის სიმძიმეს).
უფრო სამართლიანი და სწორი იქნებოდა საბაჟო დეპარტამენტს ამ პროდუქტებისათვის მიენიჭებინა 0402 სასაქონლო კოდი, რომელიც ფორმულირდება „დედის რძის ჩამნაცვლებელი ადაპტირებული ნარევები“, რომელიც ასევე, გათავისუფლებულია დღგ-სგან.
შემმოწმებელმა 2018 წლის იანვარში მიღებულ დოკუმენტს (გულისხმობს ექსპერტის დასკვნას სასაქონლო კოდის შეცვლის თაობაზე) თვითნებურად (უსაფუძვლოდ) მიანიჭა უკუქმედების ძალა და განავრცო უკანა პერიოდზე, 2016-2017 წლებზე, რაც უკანონობაა, ვინაიდან, მის მიერ სასაქონლო კოდის დაზუსტების თაობაზე შემოსავლების სამსახურისათვის მიმართვის საფუძველი იყო მომწოდებლის მიერ სასაქონლო კოდის ცვლილება, რაც თავის მხრივ გამოწვეული იყო პროდუქტის შემადგენლობის ცვლილებით.
როგორც ზემოთ აღნიშნა, სასაქონლო კოდის შეცვლა მოახდინა შემოსავლების სამსახურის ექსპერტმა, რომლის დამოუკიდებლობის ხარისხი იწვევს საფუძვლიან ეჭვს. ამიტომ ითხოვს საკითხის განხილვას დაესწროს აღნიშნული ექსპერტი და მათთან ერთად განემარტოს, თუ რა დოკუმენტებით იხელმძღვანელა კოდის შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღებისას (თუ რატომ ეკუთვნოდა აღნიშნულ საქონელს 2106 სასაქონლო კოდი), რადგან ექსპერტის დასკვნაში არ არის მითითებული არც ერთი კანონის არც ერთი მუხლი სასაქონლო კოდის დადგენის საფუძვლად, გარდა მათ მიერ მიწოდებული ინვოისისა, ხოლო მხოლოდ ინვოისი ვერ იქნება კოდის დადგენის საფუძველი.
დარღვეულია და საერთოდ არ არის გათვალისწინებული შემოწმების აქტში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილები. ეს გადამხდელის უპატივცემულობის ნათელი მაგალითია. სასაქონლო კოდის ცვლილების სამართლიანობისა და რეალობის დადგენის შემდეგ ითხოვს მიეცეს უფლება დააზუსტოს წარდგენილი 2018 წლის დეკლარაციები.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები) მე-6 პუნქტის მიხედვით, იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია რომელიმე სასაქონლო პოზიციის სუბპოზიციებში ხორციელდება ასეთი სუბპოზიციების დასახელებების და სუბპოზიციებთან დაკავშირებული შენიშვნების, ასევე ზემოთ მოყვანილი წესების დებულებათა შესაბამისად, იმ პირობით, რომ მხოლოდ ერთსა და იმავე დონის სუბპოზიციებია შესადარისი. მოცემული წესის მიზნებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე შენიშვნები შესაბამისი კარისა და ჯგუფისთვის, თუ კონტექსტი არ მოითხოვს სხვაგვარად.
საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) მე-19 ჯგუფში განისაზღვრება: მზა პროდუქტები მარცვლოვანების მარცვლის, ფქვილის, სახამებლისა ან რძისაგან; ფქვილეული საკონდიტრო ნაწარმი;
1901 10 000 00 - ბავშვთა კვება, საცალო ვაჭრობისათვის დაფასოებული.
21-ე ჯგუფში განისაზღვრება: კვების სხვადასხვა პროდუქტები;
21 06 - კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი:
2106 90 - დანარჩენი;
2106 90 980 - დანარჩენი;
2106 90 980 09 - დანარჩენი.
შემოწმებული დეკლარაციების რეგისტრაციის პერიოდისათვის (2016 წლის მაისი – 2017 წლის დეკემბერი) მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან თავისუფლდებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტების ან/და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის მიწოდება ან/და იმპორტი, რომლებიც მარკირებულია ასეთად მიწოდებისას.
იმავე პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 იანვრის №2/ნ-№5 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტებისა და ბავშვთა ჰიგიენის ნაწარმის ნუსხა, რომელთა მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან“ არ მოიცავდა სეს ესნ-ის 2106 90 980 09 სასაქონლო კოდით გათვალისწინებულ საქონელს, განსხვავებით 1901 10 000 00 კოდისაგან.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი მოსმენისას მომჩივანმა განმარტა, რომ ორივე დასახელების საქონელი ყოველთვის შემოდიოდა 1901 სასაქონლო კოდით, 2018 წლის იანვარში მომწოდებელმა შეუცვალა სასაქონლო კოდი (2202), რომლის საფუძველიც იყო პროდუქტის შიგნით შემადგენლობის ცვლილება. ამის შემდეგ მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც სრულიად უსაფუძვლოდ აღნიშნულ პროდუქტს მიანიჭა 2106 სასაქონლო კოდი, რომელიც იმ დორისათვის არ იყო გათავისუფლებული დღგ-სგან. მიუხედავად იმის, რომ არ ეთანხმებოდა სასაქონლო კოდის ცვლილებას, მაინც დაიწყო პროდუქტების დღგ-ით დაბეგვრა, სანამ 2019 წლის იანვარში ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით 2106 სასაქონლო კოდი არ გათავისუფლდა დღგ-სგან. შემმოწმებელმა 2018 წლის იანვარში მიღებულ დოკუმენტს (გულისხმობს ექსპერტის დასკვნას სასაქონლო კოდის შეცვლის თაობაზე) თვითნებურად (უსაფუძვლოდ) მიანიჭა უკუქმედების ძალა და განავრცო უკანა პერიოდზე, რაც უკანონობაა. სასაქონლო კოდის ცვლილების სამართლიანობისა და რეალობის დადგენის შემდეგ ითხოვს მიეცეს უფლება დააზუსტოს წარდგენილი 2018 წლის დეკლარაციები.
საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2019 წლის №126632-21-10 წერილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ბაზების მონაცემთა დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ შპს „ნ...ის“ სახელზე გაფორმებულ დეკლარაციებში საქონელი „NEOCATE LCP“ და „INFATRINI PEPTISORB“ რიგ შემთხვევებში კლასიფიცირებულია სეს ესნ-ის 2106 სასაქონლო პოზიციაში, ხოლო სხვა შემთხვევებში 1901 სასაქონლო პოზიციაში. ვინაიდან, ხსენებულ საქონელზე არსებობდა №000805/2018 (31.01.2018) ექსპერტიზის დასკვნა, რომ ორივე საქონელი შეესაბამება სეს ესნ-ის 2106 90 980 09 კოდს, საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ 2016-2017 წლების დეკლარაციებში, სადაც ორივე დასახელების საქონელზე გადამხდელს მითითებული აქვს 1901 10 000 00 კოდი, შემცირებულია იმპორტის გადასახდელები.
საქმეში წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 31.01.2018 წლის №000805/2018 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, წარდგენილი საქონლის სეს ესნ კოდების შესახებ ინფორმაცია არის შემდეგი:
ინვოისი №PR235371 10.01.2018 - არტიკული: 584427, საქონელი: INFATRINI Peotisorb 200 ml - საკვები ჩვილი ბავშვებისთვის თხევადი სახით (მარკირებულია, როგორც ახალშობილი ბავშვის საკვები) სეს ესნ კოდი - 2106 90 980 09;
ინვოისი №PR235371 10.01.2018 - არტიკული: 589363, საქონელი: INFATRINI 125 ml - საკვები ჩვილი ბავშვებისთვის თხევადი სახით (მარკირებულია, როგორც ახალშობილი ბავშვის საკვები) სეს ესნ კოდი - 1901 10 000 00;
ინვოისი №PR235371 10.01.2018 - არტიკული: 61338, საქონელი: Neocate LCP 400g – ბავშვის საკვები ფხვნილის სახით (მარკირებულია 0-დან 12 თვემდე) სეს ესნ კოდი - 2106 90 980 09.
ასევე, წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 30.07.2014 წლის №35591 და 6.03.2018 წლის №4822 და №4823 წინასწარი გადაწყვეტილებები.
შემოსავლების სამსახურის 30.07.2014 წლის №35591 წინასწარი გადაწყვეტილების მიხედვით, წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად, საქონელი INFATRINI (მწარმოებელი NUTRICIA) განეკუთვნება საცალო ვაჭრობისათვის დაფასოებულ ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტს. საქონლის მახასიათებლების და აღწერილობის მიხედვით INFATRINI მიეკუთვნება სეს ესნ-ის 1901 სასაქონლო პოზიციის ერთდეფისიან სუბპოზიციას: ბავშვთა კვება, საცალო ვაჭრობისათვის დაფასოებული. სეს ესნ-ის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად და საქონლის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით საქონელი კლასიფიცირდება სეს ესნ-ის 1901 10 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
შემოსავლების სამსახურის 6.03.2018 წლის №4822 და №4823 წინასწარი გადაწყვეტილებების მიხედვით, ხსენებული ინვოისით №PR235371 შემოტანილ საქონელზე სეს ესნ-ის შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ, რომლითაც წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისად საქონელი წარმოადგენს ჩვილ ბავშვთა კვების პროდუქტს დაფასოებულს საცალო ვაჭრობისათვის. საქონლის მახასიათებლებისა და აღწერილობის მიხედვით Neocate LCP 400g და INFATRINI Peotisorb 200 ml არ შეიცავს 0401-0404 სასაქონლო პოზიციის საქონელს, შესაბამისად მიეკუთვნება 2106 სასაქონლო პოზიციას: კვების პროდუქტები სხვა ადგილას დაუსახელებელი. სეს ესნ-ის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად და საქონლის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით საქონელი კლასიფიცირდება სეს ესნ-ის 2106 90 980 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
ვინაიდან შემოწმებული დეკლარაციების რეგისტრაციის პერიოდისათვის (2016 წლის მაისი – 2017 წლის დეკემბერი) 2106 90 980 09 სასაქონლო კოდით კლასიფიცირებულ საქონელზე მინიჭებული იყო არასწორი, 1901 10 000 00 სასაქონლო კოდი, რომელიც გათავისუფლებული იყო დღგ-საგან, სახეზეა ამ პერიოდში აღნიშნული საქონლის იმპორტზე რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციებში იმპორტის გადასახდელების შემცირება.
საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმებისას მოქმედი საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ანალოგიური შინაარსისაა მოქმედი საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილიც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნისთვის, ამ პერიოდში განხორციელებული იმპორტის შესაბამისი გადასახადებით დამატებით დაბეგვრა და იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირებისთვის, სამართალდარღვევის გამოვლენისას მოქმედი საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად მომჩივანი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 7.08.2019 წლის №006-724 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციებისგან (ჯარიმისა და საურავისგან).

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 7.08.2019 წლის №006-724 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან და საურავისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.