თარიღი: 9/4/2020
ნომერი: 10250/2/20
მუხლი: საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო,
კატეგორია: პროცედურა,
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
 

ქ. თბილისი

4.09.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №10250/2/2020

მომჩივანი: შპს „ს...ა“ (ს/ნ ...)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, ზ. ძნელაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბოლოთაშვილის, დ. გახარიას, შ. გვენეტაძის, შ. კომლაძის, დ. ლაშხიას, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 4.09.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ს...ის“ 26.03.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №10250/2/2020).

დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 25.12.2019 წლის №EL106177 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 25.02.2020 წლის №5102 ბრძანება.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 6 000 ლარი.

ფაქტების აღწერა
საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 18 დეკემბერს განხორციელდა შპს „ს...ის“ კუთვნილ საბაჟო საწყობისათვის (სანებრათვო მოწმობა №000295) სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი, რა დროსაც დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანიის მიერ დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლი, კერძოდ კომპანიის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სანებართვო პირობებით განსაზღვრული ვიდეოკამერებით განხორციელებული გარკვეული პერიოდის ჩანაწერები.
გამოვლენილ საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტზე საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილია 25.12.2019 წლის №EL106177 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადამხდელს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი 7.02.2020 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.02.2020 წლის №5102 ბრძანებით საჩივარი, მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძვლით დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 25.02.2020 წლის №5102 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. თუმცა, საქმეზე დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება გადამხდელს ჩაბარდა 25.02.2020 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 16.03.2020 წელი, საჩივარი დავების განხილვის საბჭოში, შემოსავლების სამსახურის მეშვეობით, წარმოდგენილია 24.03.2020 წელს.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეზე არსებული მასალებით დგინდება, რომ 2019 წლის 25 დეკემბრის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი საბაჟო ორგანის მიერ პირისათვის, მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით, გაგზავნილია 2019 წლის 25 დეკემბერს. აღნიშნული დოკუმენტი მომჩივანს ჩაბარდა იმავე დღეს, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული სისტემის ინფორმაციით.
შესაბამისად, მომჩივანი სადავო აქტს გაეცნო 2019 წლის 25 დეკემბერს. საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2020 წლის 24 იანვარი, საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2020 წლის 7 თებერვალს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველი.

მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის ბრძანების გასაჩივრების ვადის შესაძლო დარღვევაზე, მომჩივანი ითხოვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ გაითვალისწინოს ის გარემოება, რაც გამოწვეულია კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებით და იმ როლით, რომელიც დაეკისრა ს...ს, როგორ სახელმწიფო საწარმოს კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით.
რაც შეეხება, სადავო სამართალდარღვევას, აღნიშნული ფაქტი გამოწვეულია იმით, რომ ამ პერიოდში შპს „ს...ს“ ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემას შეექმნა გარკვეული ტექნიკური ხარვეზი და ტექნიკური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა იმ შეტყობინების გაგზავნა, რომელზეც ხდება აპელირება შემოწმების აქტში და მოხდა სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელსაც ევალებოდა ამ სამართალდარღვევის ოქმზე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ინფორმირება, იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე და ვერ ასრულებდა ფუნქცია-მოვალეობებს.
გარდა ამისა, დავების განხილვის საბჭოს ყურადღება გასამახვილებელია შემდეგ გარემოებებზე და დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-222-219(კ-14) საქმეზე მიღებული განჩინების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე. განსახილველ შემთხვევაში საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი გადასახადის გადამხდელის სანქციისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საგადასახადო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.
შპს „ს...ა“ ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს და ყოველთვის RS.GE-ს პორტალის საშუალებით ან/და მატერიალური სახით ატყობინებს შემოსავლების სამსახურს ვიდეო მონიტორინგთან დაკავშირებული რაიმე ხარვეზის გამო.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის შესაბამისად, გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ჩერდება კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები.
დადგენილია, რომ მომჩივანმა, საბაჟო დეპარტამენტის 25.12.2019 წლის №EL106177 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების თაობაზე შემოსავლების სამსახურს, ხოლო შემოსავლების სამსახურის 25.02.2020 წლის №5102 ბრძანების გაუქმების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს მიმართა საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ.
მომჩივანი განმარტავს, რომ აღნიშნული განპირობებულია ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მარტის დასაწყისიდან ქვეყანაში შემოღებული სავალდებული რეკომენდაციების შესრულებით (თანამშრომელთა გარკვეული ნაწილის იზოლაცია (თვითიზოლაცია), მუშაობის საგანგებო რეჟიმი), რამაც გამოიწვია საწარმოს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინაციის მოშლა.
საბჭო აღნიშნავს, რომ მართალია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით იყო გამოცხადებული, თუმცა საგულისხმოა, რომ ქვეყანა მუშაობის საგანგებო (მათ შორის, დისტანციურ) რეჟიმზე ბევრად ადრე გადავიდა და კომპანიებისთვის გარკვეული შეზღუდვები და აკრძალვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დაწესდა. აღნიშნულს ადასტურებს „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაც, ასევე ის რეკომენდაციები, რასაც საქართველოს მთავრობა გასცემდა კომპანიებისთვის. ზოგ შემთხვევაში, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, კომპანიებმა დაიწყეს საქმიანობის თვითშეზღუდვაც და საკუთარი ინიციატივით დაიწყეს თანამშრომელთა დისტანცირება სამუშაო გარემოსგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის დარღვევა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. შესაბამისად, გაშვებული ვადა უნდა აღდგეს. შედეგად, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.02.2020 წლის №5102 ბრძანება და საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.02.2020 წლის №5102 ბრძანება;
3. საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.