თარიღი: 9/25/2020
ნომერი: 10591/2/20
მუხლი: საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად,
კატეგორია: საბაჟო ჯარიმები,
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
 

ქ. თბილისი

25.09.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №10591/2/2020

მომჩივანი: ა.დ (ს/ნ)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, ზ. ძნელაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), დ. გაბლიშვილის, დ. გახარიას, შ. გვენეტაძის, შ. კომლაძის, დ. ლაშხიას, დ. მოლოდინის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 25.09.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ა.დ 11.06.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №10591/2/2020).

დავის საგანი:
საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქონლის გადაადგილებისათვის ჯარიმის შეფარდება, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 1.02.2020 წლის №EL საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 6.04.2020 წლის № ბრძანება.

შეფარდებული სანქცია:
ჯარიმა - 1000 ლარი და საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.

ფაქტების აღწერა
საბაჟო დეპარტამენტის 1.02.2020 წლის №EL საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით 2020 წლის 1 თებერვალს საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ა. დ.
მებაჟე-ოფიცრის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას დასადეკლარირებელი საქონელი პიროვნებამ განაცხადა, რომ დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი არ ჰქონდა. მათ შორის არც სიგარეტი, თუმცა ავტომანქანის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის (400 ღერი სიგარეტი) აქციზური მარკის გარეშე მალულად გადმოტანის ფაქტი. საქონელი განთავსებული იყო ავტომანქანის უკანა სავარძლის ქვეშ. ასევე აღმოჩენილ იქნა კუსტარულად დამონტაჟებული, დამატებითი საწვავის ავზი, 65 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავით სავსე.
აღნიშნული ფაქტები ჩაითვალა საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქონლის გადაადგილებად, რაზეც საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ 2020 წლის 1 თებერვლის №EL საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.04.2020 წლის № ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტზე, 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის დ.გ ქვეპუნქტებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები. გამოყენებული სანქციით დაცულია თანაზომიერების პრინციპი, უზრუნველყოფილია იურიდიული თანასწორობა. ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს ადმინისტრაციული ორგანო. ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, შეფარდებული სანქციის გარეშე ვერ იქნება მიღწეული სამართალდარღვევის საქმეთა განხილვის მიზანი.
საქმეში არსებული მასალიდან დგინდება სამართალდამრღვევის მიერ საქართველოს საზღვარზე დეკლარირების გარეშე საქონლის გადმოტანის ფაქტი. შესაბამისად, დასტურდება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის ბრძანება არის უკანონო, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებული ფაქტის გამო უკვე გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, საქმისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის ხასიათიდან გამომდინარე, არ არსებობს სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის წინაპირობა. მომჩივანი სადავოდ ხდის მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ფაქტს, რადგან მიაჩნია, რომ სახელმწიფო უწყება არ იყო უფლებამოსილი მოეხდინა აღნიშნული ავტომანქანის კონფისკაცია.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა არ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე სამართალდამრღვევ პირს დააკისრა უმკაცრესი სანქცია, ანუ შეუფარდა როგორც 1000 ლარიანი ჯარიმა, ასევე მიიღო გადაწყვეტილება მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტო მანქანის ჩამორთმევის შესახებ. ამდენად, გაუგებარია, თუ რა განსაკუთრებულ გარემოებაზე დაყრდნობით, რასაც შეეძლო არსებითი ზიანი გამოეწვია საზოგადოებრივი ან სახელწიფო ინტერესების წინააღმდეგ, მიიღო ადმინისტრაციულმა ორგანომ მსგავსი გადაწყვტილება.
ამავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორცილებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორცილებისას გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
საჩივარში განვრცობილ მსჯელობას ეხმიანება მითითებული მუხლიც, როდესაც საუბარია პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვაზე. კერძოდ გამოცემული საგადასახადო სამართალდარღვევის აქტით დაუსაბუთებლად შეიზღუდა მომჩივნის, როგორც მესაკუთრის კანონიერი უფლებები და ინტერესები. ადმინისტრაციულმა ორგანომ მას დააკისრა კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი სანქცია და არ გაითვალისწინა სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები.
ამ ქმედებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ შელახა საკუთრების კონსტიტუციური უფლება და კანონით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე შეუზღუდა მესაკუთრეს საკუთრების უფლებით სარგებლობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს სთხოვს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლების შესაბამისად, გაუქმდეს 2020 წლის 6 აპრილის № ბრძანება და 2020 წლის 1 თებერვლის № სამართალდარღვევის ოქმი.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს:
ა) პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა;
ბ) პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით ან დავალებით მოქმედებს;
გ) პირმა, რომელმაც საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჭ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად დაკავშირებულ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავის იმპორტი.
ამავე კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე აქციზისაგან გათავისუფლებულია საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების იმ სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 02 კოდით გათვალისწინებული 200 ღერი თამბაქოს ნაწარმის ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდით გათვალისწინებული 10 ცალი კაფსულის და მსგავსი სახის პროდუქტის ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) იმპორტი, ან ამ ქვეპუნქტში მითითებული თამბაქოს ნაწარმის სახეობათა ნაკრების იმპორტი, თუ მასში შემავალი თითოეული სახეობის თამბაქოს ნაწარმის წილის პროცენტულ მაჩვენებელთა (პროცენტული მაჩვენებელი შესაბამის ზღვრულ ოდენობასთან მიმართებით) ჯამი 100-ს არ აღემატება, ან საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული 50 მლ საქონლის იმპორტი, რომელიც მგზავრის გადაყვანისას ბარგით ან/და ხელბარგით გადაიზიდება და რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
მხარეთა განმარტებებისა და საქმეში არსებული მასალების ანალიზის საფუძველზე საბჭოს დადგენილად მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქონლის გადაადგილების ფაქტს, რაც ასევე დასტურდება სადავო ფაქტის ამსახველი ფოტომასალით.
საბჭოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს თითოეულ იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მომჩივანი აცნობიერებდა, რომ ახორციელებდა კანონით ნებადაურთველ საქმიანობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ცდილობდა სადავო საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. ასევე აღსანიშნავია, რომ მომჩივნის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ. მსგავსი სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენება მართლზომიერად და პროპორციულად უნდა იქნეს მიჩნეული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციების მომჩივნის მიმართ სრულად გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.