თარიღი: 7/22/2020
ნომერი: 9507/2/201
მუხლი: საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობა, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად,
კატეგორია: საბაჟო ჯარიმები, უზრუნველყოფის ღონისძიებები,
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
 

 ქ. თბილისი

22.07.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №9507/2/2019

მომჩივანი: ი/მ ა.კ. (ს/ნ …)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, შ. გვენეტაძის, გ. თინიკაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 22.07.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ა. კ.-ს 31.10.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №9507/2/2019). საჩივრის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია ზ. ძნელაშვილს თვითაცილების გამო.

დავის საგანი:
1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად;
2. დეკლარაციით დარიცხული დღგ და დარიცხული მომსახურების საფასური;
3. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 30.07.2019 წლის №EL096410 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 30.07.2019 წლის №AL013801 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 11.10.2019 წლის №35343 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 10 546 ლარი;
დღგ - 2 032 ლარი;
მომსახურების საფასური - 429 ლარი;
ჯარიმა - 6 995 ლარი;
ადმინისტრაციული სახდელი - 1 090 ლარი.

ფაქტების აღწერა
2019 წლის 29 ივლისს ბათუმის პორტში შემოვიდა თბომავალი „DRUJBA“, რომელზეც განთავსებული იყო მომჩივნის კუთვნილი, საქონლით დატვირთული, №2A14908 ავტოსატრანსპორტო საშუალება. აღნიშნულ საქონელზე ი/მ ა. კ.-ის მიერ წარდგენილია ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია, რის საფუძველზეც დარეგისტრირდა №69604/18045 გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, რომლისთვისაც მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ის მიერ განისაზღვრა „წითელი დერეფანი“.
საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა ზემოაღნიშნული ავტომობილის და მასში განთავსებული საქონლის აწონვა და დათვალიერება. აწონვის შედეგად სატრანსპორტო საშუალების და მასში განთავსებული საქონლის მთლიანმა წონამ შეადგინა 5 180 კგ., რაც 2 180 კგ.-ით აღემატებოდა №2A14908 ავტომობილისთვის ტექნიკური პასპორტით გათვალისწინებულ მაქსიმალურ დასაშვებ წონას 3 000 კგ.-ს.
ამასთან, დათვალიერების შედეგად დეკლარირებულ საქონელთან ერთად აღმოჩნდა არადეკლარირებული საქონელი, 1 510 კგ. მეორადი ავტონაწილები და 10 ცალი (75 კგ.) მეორადი საბურავი. აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით 2019 წლის 30 ივლისს ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზით (დასკვნა №004642/2019) დადგინდა, რომ არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 6 995 ლარს.
ვინაიდან, სამართალდარღვევის საქონლის ღირებულება აღემატებოდა 3 000 ლარს, მომჩივნის ქმედება დაკვალიფიცირდა, როგორც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად და საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტის“ 2019 წლის 30 ივლისის №EL096410 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 6 995 ლარის ოდენობით.
ასევე, სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტზე, 2019 წლის 30 ივლისის №AL013801 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 090 ლარის ოდენობით.
აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმები, ასევე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება და დღგ-ის და მომსახურების საფასურის დარიცხვის შესახებ შეტყობინება 29.08.2019 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.10.2019 წლის №35343 ბრძანებით საჩივარი 2019 წლის 30 ივლისის №AL013801 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ამავე თარიღის №EL096410 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2019 წლის 31 ივლისის №077-2075 შეტყობინების, 2019 წლის 2 აგვისტოს №C18755/11112 დეკლარაციით დარიცხული დღგ-ისა და მომჩივანის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის 300 და 129 ლარის გასაჩივრების ნაწილში დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 11.10.2019 წლის №35343 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საჩივარი 2019 წლის 30 ივლისის №AL013801 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში დაუბრუნდა მომჩივანს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
2019 წლის 30 ივლისის №EL096410 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დასტურდება მომჩივნის მხრიდან საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ არადეკლარირებული საქონლის გადაადგილებაში, აღნიშნული სამართალდარღვევა კი გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილით. სამართალდამრღვევის მიმართ შედგენილი სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და შეფარდებული სანქცია კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მომჩივანს უფიქსირდება საქართველოს საბაჟო საზღვრის 11 კვეთა, შესაბამისად მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოქმედი საბაჟო პროცედურები.
2019 წლის 2 აგვისტოს №C18755/11112 დეკლარაციით დარიცხული დღგ-ის გასაჩივრების ნაწილში შემოსავლების სამსახური უთითებს იმ გარემოებაზე, რომ №C18755/11112 დეკლარაციაში გაცხადებული მონაცემების ნამდვილობა დადასტურებულია თავად მომჩივნის მიერ. ამდენად, №C18755/11112 გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელი (დღგ - 2 032 ლარი) წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას, ხოლო საქმის ირგვლივ არსებული მასალებიდან და შემოსავლების სამსახურის ერთიანი საინფორმაციო ბაზის მონაცემებიდან ირკვევა, რომ სადავო საკითხთან მიმართებაში მომჩივნის მიმართ არ არსებობს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება.
ვინაიდან, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განმხილველი ორგანოს განსჯადი საკითხებია საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო მომჩივნის მოთხოვნის საფუძველი არ არის კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება და ამასთან, №C18755/11112 საბაჟო დეკლარაციით დარიცხული თანხა არის აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაბამისად სახეზეა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველი.
საჩივარი აღნიშნულ ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ და „ლ“ პუნქტების საფუძველზე დატოვებული უნდა იქნას განუხილველად.
მომჩივანის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის 300 და 129 ლარის გასაჩივრების ნაწილში, შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულია შემდეგი: საქმეში წარდგენილი მასალებით დგინდება, რომ მომჩივანს გადახდილი აქვს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სასაქონლო ოპერაციების განხორციელებისა და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით შერეული საქონლის სატარიფო ღირებულების დადგენის საფასური, რაც არ წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებას - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, შესაბამისად სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისიწინებული საფუძველი.
2019 წლის 31 ივლისის №077-2075 შეტყობინების „საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ გასაჩივრების ნაწილში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით გადამხდელს 2019 წლის 31 ივლისის მდგომარეობით ერიცხებოდა აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება.
შესაბამისად, ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გამოიცა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 31.07.2019 წლის №077-2075 შეტყობინება. რამდენადაც 2019 წლის 3 აგვისტოს მდგომარეობით, გადამხდელს სალდირებულად საგადასახადო დავალიანება არ ერიცხებოდა, მის მიმართ გამოიცა 3.08.2019 წლის №2106 შეტყობინება, რომლითაც გაუქმდა 31.07.2019 წლის №077-2075 შეტყობინებით გადამხდელის ქონებაზე რეგისტრირებული გირავნობის/იპოთეკის უფლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა საჩივრის აღნიშნულ ნაწილში განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

მომჩივნის არგუმენტაცია
ბათუმის პორტში საბაჟო გამშვებ პუნქტში დაათვალიერეს და აწონეს ავტომანქანები, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ტვირთის წონა აღემატებოდა ავტომანქანის ტექ. პასპორტში მითითებულ ტვირთამწეობას, რის გამოც საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი, დაჯარიმდა და მის მიმართ წარმოიშვა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შეტყობინებით ეცნობა, რომ დეკლარაციით გადასახდელი თანხის, დღგ 2 032 ლარის, მომსახურების საფასურის - გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სასაქონლო ოპერაციების განხორციელებისათვის 300 ლარის და შერეული საქონლის სატარიფო ღირებულების დადგენისათვის 129 ლარის, სულ 429 ლარის, გადახდის ბოლო ვადად განესაზღვრა მიმდინარე წლის 2 აგვისტო.
არის უმუშევარი, ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე სესხად აღებული თანხით შეიძინა სატვირთო ავტომანქანა და მასზე დატვირთული ავტონაწილები და საბურავები, რომელიც არის მეორადი და ესაჭიროებოდა პირადი მოხმარებისათვის, დაკისრებული სახდელის გადახდა მის შესაძლებლობებს აღემატება. ავტომანქანა კი საბაჟო გამშვებ პუნქტზე იყო გაჩერებული, შექმნილი მდგომარეობის გამო, კრედიტი აიღო და სრულად გადაიხადა შეფარდებული ჯარიმა 1 090 ლარი, საბაჟო ღირებულება 6 995 ლარი, მომსახურების საფასური 429 ლარი, დღგ 2 032 ლარი, სულ 10 546 ლარი რაც ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
გასათვალისწინებელია, რომ სატვირთო ავტომანქანაც და მასზე დატვირთული ნაწილებიც იყო ახლად შეძენილი, მისთვის ავტომანქანის ტვირთამწეობაც და ტვირთის წონაც იყო უცნობი, ამდენად სამართალდარღვევა განზრახ არ ჩაუდენია, რის გამოც ითხოვს სნქციისგან გათავისუფლებას.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი 30.07.2019 წლის №EL096410 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის (ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა) დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, ან ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას.
ანალოგიური შინაარსისაა მოქმედი საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლი.
სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ.-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელებისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საბაჟო დეპარტამენტის 6.11.2019 წლის №136694-21-10 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ ავტომობილის აწონვის შედეგად გამოვლინდა, რომ სატრანსპორტო საშუალების და მასში განთავსებული საქონლის მთლიანი წონა 2180 კგ.-ით აღემატებოდა ავტომობილისთვის ტექნიკური პასპორტით გათვალისწინებულ მაქსიმალურ დასაშვებ წონას. დათვალიერების შედეგად კი დეკლარირებულ საქონელთან ერთად აღმოჩნდა 6 995 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული საქონელი, 1 510 კგ. მეორადი ავტონაწილები და 10 ცალი (75 კგ.) მეორადი საბურავი.
აღნიშნული წერილით ასევე, წარმოდგენილია ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია, რომელშიც მითითებულია საქონლის დასახელება მეორადი ავტონაწილები 750, მეორადი ბალახის სათიბი 5 ცალი, მეორადი საბურავები დისკებით 5 ცალი.
ასევე, წარმოდგენილია საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტის“ 30.07.2019 წლის აქტი, რომლის მიხედვით, 2019 წლის 29 ივლისს საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტში“ თ/მ DRUJBA-ით შემოვიდა ი/მ ა. კ.-ის კუთვნილი ა/მ ტრანზიტული ნომრით 2A14908, რომელსაც თან ჰქონდა სხვადასხვა სახის საქონელი. აღნიშნულ ტვირთზე გამოიწერა ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია 69604/18045. შეფასების დროს დეკლარაციას განესაზღვრა წითელი დერეფანი, კრიტერიუმი საქონლის დათვალიერება. დათვალიერებისას აღმოაჩნდა არადეკლარირებული მეორადი ავტონაწილები 1 510 კგ. და მეორადი საბურავები უდისკო 10 ცალი.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 30.07.2019 წლის №004642/2019 საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, განხორციელდა აღნიშნული საქონლის დათვალიერება ღირებულების დადგენის მიზნით, კერძოდ დადგინა, რომ ავტონაწილების 1 510 კგ. საბაჟო ღირებულებაა 6 795 ლარი და საბურავის 10 ცალი, წონა 75 კგ., საბაჟო ღირებულებაა 200 ლარი. წარდგენილი საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება შეადგენს 6 995 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ჩადენის მომენტისათვის მოქმედი საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია.
ამასთან, საბჭო თვლის, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
რაც შეეხება, მომჩივნის მოთხოვნას, მომსახურების საფასურის („გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სასაქონლო ოპერაციების განხორციელება“ – 300 ლარი და „შერეული საქონლის სატარიფო ღირებულების დადგენა“ – 129 ლარი), №C18755/11112 გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით დარიცხულ იმპორტის გადასახდელის (დღგ 2 032 ლარი) და 31.07.2019 წლის №077-2075 შეტყობინებით გადამხდელის ქონებაზე რეგისტრირებულ გირავნობის/იპოთეკის ნაწილში, საბჭო ამ ნაწილში იზიარებს შემოსვლების სამსახურის პოზიციას და მიაჩნია, რომ შემოსავლების სდამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს 30.07.2019 წლის №EL096410 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.