თარიღი: 7/22/2020
ნომერი: 9804/2/201
მუხლი: საქონლის, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად,
კატეგორია: საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სანქციები,
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
 

ქ. თბილისი

22.07.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №9804/2/2019

მომჩივანი: გ. ო. (პას. №...)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, შ. გვენეტაძის, გ. თინიკაშვილის, შ. კომლაძის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 22.07.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება გ. ო.-ს 18.12.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №9804/2/2019). საჩივრის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია ზ. ძნელაშვილს თვითაცილების გამო.

დავის საგანი:
საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 6.11.2019 წლის №EL103061 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 11.12.2019 წლის №43272 ბრძანება.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა – 18 406 ლარი.

ფაქტების აღწერა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის 6 ნოემბერს, რეისით ვილნიუსი-ქუთაისი, ჩამოფრინდა საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ. ო., რომელმაც გაიარა საპასპორტო კონტროლი და მწვანე დერეფნის გავლით დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა, რის შემდეგაც საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა შეაჩერა და მის მიმართ განხორციელდა შესაბამისი საბაჟო კონტროლის ღონისძიებები. მომჩივანს აღმოაჩნდა არადეკლარირებული 55 750 ევრო, 100 კანადური დოლარი და 10 პოლონური ზლოტი (ეკვივალენტი 184 058,1 ლარი).
გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტზე, მომჩივანს 6.11.2019 წლის №EL103061 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 18 405,81 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი 7.11.2019 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.12.2019 წლის №43272 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სანქციის გამოყენების არსებით მიზანს წარმოადგენს სამართალდარღვევის თავიდან აცილება.
შემოსავლების სამსახური ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს საბაჟო კოდექსითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით. საქმის ირგვლივ არსებული მასალის შესწალით, მისი ანალიზის შემდგომ დგინდება, რომ სამართალდამრღვევი შეეცადა დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის დეკლარირების გარეშე გადმოტანას საქართველოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-222-219(კ-14) საქმეზე მიღებული განჩინების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ქვეყნის სწორ განვითარებაში განსაკუთრებული როლი ეკისრება კანონიერ ადმინისტრირებას საგადასახადო სისტემაში, რამდენადაც იგი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის საფინანსო- ეკონომიკურ მდგრადობასთან, სამეწარმეო აქტივობის ხარისხთან, იმპორტ-ექსპორტის ინტენსიურობასთან, ინოვაციური პროექტების განხორციელებასთან, გადასახადის გადამხდელთა კულტურის ჩამოყალიბებასთან და სხვა.
საბაჟო და საგადასახადო სანქცია ნორმის ელემენტია, რომელიც ითვალისწინებს უარყოფით შედეგებს საბაჟო და საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან მათი არაჯეროვანი შესრულებისათვის. საბაჟო და საგადასახადო პასუხისმგებლობა არის კონკრეტული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ვალდებულება, საბაჟო და საგადასახადო კოდექსებით დადგენილი საფუძვლებითა და წესით, პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის. საბაჟო და საგადასახადო პასუხისმგებლობა იძულებითი ხასიათის ზემოქმედების ღონისძიებათა კომპლექსია და გამოიყენება კონკრეტული საბაჟო და საგადასახადო სამართალდამრღვევის მიმართ, სანქციის სახით, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით და წესით. საბაჟო და აგადასახადო პასუხისმგებლობის მიზანია ახალი სამართალდარღვევის თავიდან აცილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზიდან გამომდინარე, დასტურდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადმოტანაში. ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის კი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე და რამდენიმე წლის წინ საქართველოს საბაჟო საზღვარზე განახორციელა ფულის დეკლარირება (ფინანსური ანგარიშგება №2364). ასევე, მის სახელზე გაფორმებულია არაერთი საბაჟო დეკლარაცია, ნასარგებლები აქვს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ფიზიკური პირის შეღავათით.
ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია სამართალდარღვევის ფაქტზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამართალდამრღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით დაკისრებული სანქცია კანონშესაბამისია და მისი გაუქმების საფუძველი სახეზე არ არის. შესაბამისად მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ არის საქართველოს და საბერძნეთის ორმაგი მოქალაქე, ამავე დროს შპს „ს...ს“ (ს/ნ ...) დირექტორი. 2019 წლის 29 ოქტომბერს შპს „ს...ს“ მიერ ლიეტუვას რესპუბლიკაში №A30094 საბაჟო დეკლარაციით გადაიტვირთა მეორადი მოხმარების კატალიზატორი ღირებულებით 197 423,44 ლარი.
2019 წლის 6 ნოემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისით ვილნიუსი-ქუთაისი ჩამოფრინდა და თან ჰქონდა შპს „ს...ს“ კუთვნილი თანხა, რომელიც ხსენებული საბაჟო დეკლარაციის შესაბამისად 29 ოქტომბერს გადატვირთული საქონლის სანაცვლოდ, გადაუხადეს ლიეტუვაში. თანხა გამოფრენამდე დაადეკლარირა ლიეტუვაში და აღარ ჩათვალა საჭიროდ საქართველოში მისი დეკლარირება, ვინაიდან კომპანიის ბუღალტრისათვის ცნობილი იყო რომ შემოტანილი თანხიდან მოგების გადასახადი და სხვა ვალდებულებები უნდა დაეფარა, რითაც ნათელი გახდებოდა თანხის ოფიციალურობა.
შესაბამისად, მიაჩნია რომ ქვეყნისათვის ცნობილი იყო ინვოისებითა და საბაჟო დეკლარაციების მიხედვით პროდუქტის გაგზავნის თაობაზე. მომჩივნის მოსაზრებით ის არასწორად დაჯარიმდა რადგან თანხა არ დაუმალავს და არც იცოდა, თუ საქართველოს კანონმდებლობით თანხა საქართველოშიც უნდა დაედეკლარირებინა.
საბაჟო დეპარტამენტის პოზიციაში მოყვანილი არგუმენტაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული პირი სისტემატიურად გადაადგილდება საზღვარზე და რამდენიმე წლის წინ განხორციელებული აქვს ფულის დეკლარირებაც (ფინანსური ანგარიშგება №2364), განმარტავს, რომ მოქალაქე გ. ო.-ს ამ დრომდე არ გააჩნდა ინფორმაცია, რომ ორივე ქვეყნის საზღვარზე უნდა მოეხდინა დეკლარირება და მხოლოდ იმ ქვეყანაში ახდენდა საიდანაც თანხა მოჰქონდა. №2364 ფინანსურ ანგარიშგებაშიც ადგილი ჰქონდა საქართველოდან თანხის გატანას და არა შემოტანას. მისი განცხადებით სხვა ქვეყნებში გაფრენისას დეკლარირებას აკეთებს მხოლოდ იმ ქვეყანაში, საიდანაც თანხა გააქვს და სხვა ქვეყანაში ჩაფრენისას არასდროს არ დაუდეკლარირებია.
ვინაიდან, არასდროს ჰქონია განზრახვა გადასახდელი გადასახადის შემცირებისა და გადახდისაგან თავის არიდების, აღნიშნული დარღვევა გამოწვეულია მისი გამოუცდელობისა და არცოდნის გამო, ასევე აღნიშნული პირველი შემთხვევაა და ზემოთ მითითებულის გათვალისწინებით ითხოვს გაუქმდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სრულად მოეხსნას ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული ჯარიმის თანხა.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი ან/და გამგზავნი/მიმღები პირის (პირების) იდენტიფიკაცია.
ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში, თუ ნაღდი ფულის ოდენობა ან ფასიანი ქაღალდების ღირებულება 30 000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში 30 000 ლარის ეკვივალენტს აღემატება.
ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შემოსავლების სამსახური ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება 30 000 ლარზე ან უცხოურ ვალუტაში 30 000 ლარის ეკვივალენტზე მეტი ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების შესახებ. სამსახურს უნდა წარედგინოს აგრეთვე ანგარიშგება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების გადაადგილების შესახებ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ თუ ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტის), ჩეკებისა ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების ჯამური ოდენობა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, მას დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე 100 000 ლარზე ან სხვა ვალუტაში მის ეკვივალენტზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით იწვევს დაჯარიმებას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით გადატანილი ან გადმოტანილი ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდის ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით ან ამ საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საჩივარს ახლავს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის თანახმად შპს „ს...ს“ დირექტორია გ. ო., ორმაგი მოქალაქე საქართველოსი და საბერძნეთის. ასევე, 29.10.2019 წლის ექსპორტის დეკლარაცია.
საბაჟო დეპარტამენტის 30.12.2019 წლის №165542-21-10 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, აღნიშნულმა მგზავრმა, რომელიც გადააადგილებდა ორ ერთეულ ხელბარგს, გაირა საპასპორტო კონტროლი და მწვანე დერეფნის გავლით დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა, რის შემდეგაც შეჩერდა საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. მას მიეცა მითითება ხელბარგის რენტგენსკანერზე გატარების თაობაზე, თუმცა მან დაასკანერა მხოლოდ ერთი ერთეული ხელბარგი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოიშვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ გ. ო. გადააადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, რის გამოც მგზავრს მეორედ ეთხოვა დანარჩენი ხელბარგის წარდგენაც საბაჟო ორგანოსათვის. განხორციელებული შესაბამისი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აღმოჩნდა არადეკლარირებული 55 750 ევრო, 100 კანადური დოლარი და 10 პოლონური ზლოტი.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ გ. ო. საქართველოს საბაჟო საზღვარზე სისტემატიურად გადაადგილდება, ამასთან, რამდენიმე წლის წინ განხორციელებული აქვს ფულის დეკლარირებაც (ფინანსური ანგარიშგება №2364) და, შესაბამისად, მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროცედურები.
ზემოთ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მომჩივნის მიმართ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციიდან ერთ-ერთის (ჯარიმის შეფარდება) გამოყენება კანონშესაბამისია და პროპორციული.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.