თარიღი: 9/16/2020
ნომერი: 9999/2/202
მუხლი: საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, საქონლის, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად,
კატეგორია: საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სანქციები, საბაჟო ჯარიმები,
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
 

ქ. თბილისი

16.09.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №9999/2/2020

მომჩივანი: გ. მ. (ს/ნ ...)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, შ. გვენეტაძის, შ. კომლაძის, დ. ლაშხიას, დ. მოლოდინის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 16.09.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება გ. მ.-ის 30.01.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №9999/2/2020). საჩივრის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია ზ. ძნელაშვილს თვითაცილების გამო.

დავის საგანი:
1. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად;
2. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 14.09.2019 წლის №EL099490 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 14.09.2019 წლის №EL099493 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 13.09.2019 წლის №130919201969002/1 საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი;
4. საბაჟო დეპარტამენტის 13.09.2019 წლის №005644/2019 ექსპერტიზის დასკვნა;
5. ფიზიკური პირის 14.09.2019 წლის №69002/019528/2019 საბაჟო დეკლარაცია;
6. შემოსავლების სამსახურის 1.11.2019 წლის №38081 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 10 103 ლარი;
ჯარიმა - 3 000 ლარი;
ჯარიმა - 7 103 ლარი.

ფაქტების აღწერა
2019 წლის 13 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შევიდა საქართველოში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით №..., რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე გ. მ.
აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, მათ შორის არც ძვირფასეულობა და არც ნაღდი ფული, თუმცა ავტომანქანის დათვალიერებისას საბარგულში არსებულ ხელჩანთაში აღმოჩნდა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ: 1 წყვილი საყურე, 1 ცალი ყელსაბამი, 1 ცალი სამაჯური და 1 ცალი ბეჭედი, საერთო წონით 46,63 გრამი.
საბაჟო დეპარტამენტის 13.09.2019 წლის №005644/2019 ექსპერტის დასკვნის მიხედვით არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 7 102,63 ლარი.
აღნიშნულზე საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2019 წლის 13 სექტემბერს შედგენილია №EL099490 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გ. მ.-ს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დაეკისრა ჯარიმა 7 102,63 ლარი.
მომჩივნის იგივე ხელჩანთის სარჩულის ქვეშ აღმოჩნდა არადეკლარირებული ნაღდი ფული: 10 000 აშშ დოლარი, 100 000 რუსული რუბლი და 600 ევრო, რომლის ნომინალურმა ღირებულებამ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი 2019 წლის 13 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით შეადგინა 36 155,1 ლარი.
აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2019 წლის 13 სექტემბერს შედგენილია №EL099493 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით დაეკისრა ჯარიმა 3 000 ლარი.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი, ექსპერტიზის დასკვნა და ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია 16.09.2019 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.11.2019 წლის №38081 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 30.01.2020 წელს წარმოდგენილ საჩივარზე მითითებულია მომჩივანი გ. მ. და რ. მ. საჩივარს ხელს აწერს ა. კ.
საჩივარს არ ახლდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტის საფუძველზე, ასეთი მინდობილობით ან სხვა დოკუმენტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
საბჭოს სხდომაზე ზეპირი განხილვისას გამოცხადდა ა. კ., რომელსაც საბჭოს ჩატარების დრო და ადგილი ეცნობა საჩივარზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე. მან საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა, თუმცა წარმოადგინა ნოტარიულად დამოწმებული 17.09.2019 წლის მინდობილობა, რომლითაც რ. მ. ანიჭებს უფლებამოსილებას ა. კ.-ს იყოს მისი წარმომადგენელი.
შემოსავლების სამსახურში, საბაჟო დეპარტამენტის 14.09.2019 წლის №EL099490 და №EL099493 სამართალდარღვევის ოქმებზე წარდგენილ საჩივარს ხელს აწერდა თავად გ. მ. და რ.მ. ამ უკანასკნელზე გაცემული მინდობილობა არც შემოსავლების სამსახურში და არც საბჭოში წარმოდგენილი არ არის.
ვინაიდან, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია გ. მ.-ის მიმართ და საქმეში არ არის წარმოდგენილი მის მიერ ან რ. მ.-.ზე ან ა. კ.-ზე გაცემული მინდობილობა, დგინდება, რომ საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა ადრესატს პირადად.
შემოსავლების სამსახურის 3.02.2020 წლის №10858-21-02 წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 1.11.2019 წლის №38081 ბრძანება მომჩივანს პირადად ჩაბარდა 9.01.2020 წელს.
აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 29.01.2020 წელი (ოთხშაბათი), საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 30.01.2020 წელს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
ამასთან, მომჩივანი არ უთითებს რაიმე დაუძლეველი ძალის მოქმედებაზე ან/და გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიო მიზეზზე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ:
გ) საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
ე) გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
შესაბამისად, ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და ამასთან, დარღვეულია შემოსავლების სამსახურის ბრძანების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრების 20 დღიანი ვადა, საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძვლით უნდა დარჩეს განუხილველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.