თარიღი: 9/16/2020
ნომერი: 10082/2/20
მუხლი: საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადატანა ან გადმოტანა კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად,
კატეგორია: საბაჟო ჯარიმები,
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
 

ქ. თბილისი

16.09.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №10082/2/2020

მომჩივანი: გ. ხ. (ს/ნ …)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, შ. გვენეტაძის, შ. კომლაძის, დ. ლაშხიას, დ. მოლოდინის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 16.09.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება გ. ხ.-ის 25.02.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №10082/2/2020). საჩივრის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია ზ. ძნელაშვილს თვითაცილების გამო.

დავის საგანი:
საქონლის (საწვავის) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 23.10.2019 წლის №EL102132 სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 9.12.2019 წლის №42801 ბრძანება.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი

ფაქტების აღწერა
2019 წლის 23 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხის“ კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანა.
აღნიშნული პირი 2019 წლის ოქტომბრის თვეში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხის“ გავლით აზერბაიჯანიდან საქართველოში, ავტომანქანით შემოდიოდა მეოთხედ, ხოლო საწვავის ავზში განთავსებული ჰქონდა დაახლოებით 100 ლიტრი დიზელის საწვავი, რაც ჩაითვალა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ (დანართი №2) ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნების დარღვევად.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხის“ მიერ 2019 წლის 23 ოქტომბერს შედგა №EL102132 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის დაეკისრა ჯარიმა 1 000 ლარი.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი 6.11.2019 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.12.2019 წლის №42801 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის კონკრეტულ ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მომჩივანი პირველად არ გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე და მისთვის კარგად არის ცნობილი მოქმედი საბაჟო პროცედურები, საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი შეღავათები და შეზღუდვები.
მითითებული გარემოებების, სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალის შესწავლის შედეგად შემოსავლების სამსახურს დადასტურებულად მიაჩნია მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, პირის მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და დაკისრებული ჯარიმა კანონშესაბამისია და მისგან გათავისუფლების ან გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივრის მიხედვით, მომჩივანმა იცის საბაჟო პროცედურები და კანონმდებლობა, თუმცა ეგონა, რომ სადავო შემთხვევაში მე-3 საზღვრის კვეთას ახორციელებდა და მასზე შეზღუდვები არ ვრცელდებოდა. რეალურად კი, თურმე საზღვარი მეოთხედ გადაუკვეთავს, რამაც მისი მხრიდან რეგულაციების (ლიმიტების) უნებლიე დარღვევა გამოიწვია.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ (დანართი №2) ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად,
5. საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული, EX/II, EX/III, FL, AT ან MEMU-ს ტიპის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც განკუთვნილია და დაშვებულია ასეთი ტვირთის გადასატანად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“, „ლაგოდეხის“ ან „მტკვრის“ გავლით საქართველოში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ასეთი შემოტანა გადამაადგილებელი ფიზიკური პირის მიერ ან/და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ხორციელდება არაუმეტეს 3-ჯერ კალენდარული თვის განმავლობაში, ან
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – 10 ლიტრს, ხოლო სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – 50 ლიტრს.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მიზნებისათვის ტერმინი „სტანდარტული ავზი“ ნიშნავს ავზს, რომელიც დამამზადებლის მიერ დამონტაჟებულია მოცემული ტიპის ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე და იძლევა შესაძლებლობას საწვავის უწყვეტი მიწოდებისა როგორც გამწევი ძალის შესაქმნელად, ისე ტრანსპორტირებისას საჭიროების შემთხვევაში სამაცივრე ან მსგავსი სისტემის ფუნქციონირებისთვის.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 167-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
დადგენილია, რომ მომჩივანმა 2019 წლის 23 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან სატრანსპორტო საშუალებით, ოქტომბრის თვეში, მეოთხედ გადმოკვეთა საბაჟო საზღვარი. ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის ავზში განთავსებული იყო დაახლოებით 100 ლიტრი დიზელის საწვავი, რითაც დაარღვია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ (დანართი №2) ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნები.
მომჩივანი მიუთითებს, რომ სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია უნებლიე შეცდომით და ითხოვს შეფარდებული ჯარიმის პატიებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, მომჩივნის არგუმენტაციის და იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია პირველად, საბჭოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე შესაძლებლად მიაჩნია, რომ მომჩივნის მიმართ 2019 წლის 23 ოქტომბრის №EL102132 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკისრებული ფულადი ჯარიმის 1 000 ლარის ნაცვლად სანქციის სახით გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. მომჩივანს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის საბაჟო დეპარტამენტის 23.10.2019 წლის №EL102132 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმა შეეცვალოს გაფრთხილებით;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.