თარიღი: 9/16/2020
ნომერი: 9481/2/201
მუხლი: საჩივრის განუხილველად დატოვება, იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს,
კატეგორია: პროცედურა,
შემმოწმებელი: ადმინისტრირების დეპარტამენტი
 

ქ. თბილისი

16.09.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №9481/2/2019

მომჩივანი: ე. მ. (ს/ნ ...)
მოპასუხე: ანალიტიკური დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, შ. გვენეტაძის, შ. კომლაძის, დ. ლაშხიას, დ. მოლოდინის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 16.09.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ე. მ.-ის 25.10.2019 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №9481/2/2019). საჩივრის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია ზ. ძნელაშვილს თვითაცილების გამო.

დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხს.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურის 20.09.2019 წლის №32539 ბრძანება.

ფაქტების აღწერა
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.10.2013 წლის №2/1772-13 გადაწყვეტილებით ე. მ.-ს და შპს „მ...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის (შემოსავლების სამსახურის) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6 579 742 ლარის და სახელმწიფო ბაჟის 3 000 ლარის გადახდა. 2014 წლის 6 თებერვალს გაიცა სააღსრულებლო ფურცელი.
მომჩივანმა 10.09.2018 წელს მიმართა შემოსავლების სამსახურს სააღსრულებლო წარმოების შეწყვეტაზე და მიუთითა, რომ რადგან 2016 წლის 10 ოქტომბრიდან შპს „მ...ს“ საბიუჯეტო დავალიანება არ გააჩნია, მის მიმართაც აღარ არსებობდა დავალიანება.
შემოსავლების სამსახურის 8.10.2018 წლის №28382 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 21.06.2019 წლის №7163/2/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 20.09.2019 წლის №32539 ბრძანებით, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის №2/1772-13 გადაწყვეტილებით ე. მ.-ს და შპს „მ...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6 579 742 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის თანახმად, ე. მ.-ს და შპს „მ...ს“ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 3 000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე შპს „მ...ს“ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 2 000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ“.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ ფ/პ ე. მ.-ს თანხები დაკისრებული აქვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის №2/1772-13 გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, აღნიშნული თანხა არ წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე დაკისრებულ თანხას, რის გამოც აღნიშნული საკითხი სცდება შემოსავლების სამსახურის კომპეტენციას.

მომჩივნის არგუმენტაცია
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენდა შპს „მ....ს“ დარიცხული საგადასახადო დავალიანება და დავალიანების გადაუხდელობის გამო შესაბამისი ჯარიმის დარიცხვა. შპს „მ...ა“ და ე. მ.-ის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანი გამოიხატება მათ მიერ გადასახადების განზრახ თავის არიდებაში.
უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 6 579 742 ლარი, როგორც გადაუხდელი გადასახადი შპს „მ...ს“ განხორციელებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე სრულად ჩამოეწერა და 2016 წლის 10 ოქტომბრიდან შპს „მ...ს“ არ გააჩნია საბიუჯეტო დავალიანება.
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 2016 წლის 10 ოქტომბრიდან შპს „მ...ს“ არ გააჩნია საბიუჯეტო დავალიანება, ე. მ.-ის მიმართ კვლავ მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები და პირის ვალდებულება შეადგენს 6 579 742 ლარს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.
იძულებითი ღონისძიებების წარმოების მომთხოვნ პირს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახური, შესაბამისად, სწორედ ამიტომ ე. მ.-მ მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს 2018 წლის 10 სექტემბერს შესაბამისი წერილობითი განაცხადით და მოითხოვა იძულებითი სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა, ვინაიდან, დავალიანება აღარ არსებობს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მისი დასაბუთება არსებითად მცდარია, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დგინდება განხორციელდა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, რაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნიშნავს მოვალისათვის ვალის პატიებას.
2013 წლის 23 ოქტომბრის №2/1772-13 ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შპს „მ...ს“ და ე. მ.-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებული 6 579 742 ლარის გადახდა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 449-ე მუხლის შესაბამისად, ვალის პატიება ერთ-ერთი სოლიდარული მოვალისათვის ათავისუფლებს სხვა სოლიდარულ მოვალეებსაც. ამ სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე სსიპ შემოსავლების სამსახურის მხრიდან შპს „მ...ის“ საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე „ვალის პატიებით“ (მისი სრულად ჩამოწერით) სოლიდარულ მოვალეს ე. მ.-ს არანაირი დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არ გააჩნია, ხოლო კანონის მოთხოვნათა დარღვევით ე. მ.-ის მიმართ კვლავ მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო ღონისძიებები და მას კვლავ აქვს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ე. მ.-ის 2018 წლის 10 სექტემბრის შესაბამისი წერილობითი განაცხადი უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მას აღარ გააჩნია ფულადი დავალიანება და უნდა გამოცემულიყო შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი.
ითხოვს დაკმაყოფილდეს მისი განაცხადი და ჩამოეწეროს აღნიშნული დავალიანება, ასევე, მოეხსნას ყველანაირი შეზღუდვები და შეწყდეს მის მიმართ იძულების ღონისძიებები.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემდეგ გარემოებათა გამო:
ანალიტიკური დეპარტამენტის 5.12.2018 წლის №134843-21-05 წერილის და საბჭოს სხდომაზე ზეპირი განხილვისას ამ დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ე. მ.-ს და შპს „მ..ს“ 2018 წლის 26 ნოემბრის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება და მათ მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ მიმდინარეობს.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ე. მ.-მ 2018 წლის 10 სექტემბერს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა მოვალეთა რეესტრიდან ამოღება. აღნიშნული განცხადება სააღსრულებო ფურცელთან ერთად შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 18 სექტემბრის №21-05/118100 წერილით, კომპეტენციის ფარგლებში, გაეგზავნა აღსრულების ეროვნულ ბიუროს
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების მიხედვით, ე. მ.-ს თანხები დაკისრებული აქვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის №2/1772-13 გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, შესაბამისად დარიცხული თანხები არ წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით დაკისრებულს, რის გამოც აღნიშნული საკითხი სცდება შემოსავლების სამსახურის კომპეტენციას.
ზემოთ აღნიშნული მსჯელობა საბჭოს მართებულად მიაჩნია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვებაზე სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამდენად, დადგენილია, რომ მომჩივანს საგადასახადო დავალიანება პირადი აღრიცხვის ბარათზე არ ერიცხება, მის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ მიმდინარეობს და საგადასახადო ორგანოს მიერ არ არის გამოცემული რაიმე აქტი.
რაც შეეხება მომჩივნის მიმართ იძულებითი ღონისძიებების მიმდინარეობის საკითხს, საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ღონისძიებები მიმდინარეობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ფარგლებში, აღსრულების ორგანოს მხრიდან, რისთვისაც გასაჩივრების სხვა წესია დადგენილი კანონმდებლობით.
ამასთან, საბჭო მომჩივნის ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 122-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება, ხოლო საგადასახადო დავალიანების ჩამოწერამდე აღნიშნული გადასახადისა და სანქციის თანხის გადახდა, მათ შორის, ზიანის ანაზღაურების სახით, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს ამავე გადასახადის გადამხდელს ან/და ამ გადასახადის გადამხდელის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს ან/და დამფუძნებელს სახელმწიფოს/სახელმწიფო ბიუჯეტის/საგადასახადო ორგანოს სასარგებლოდ, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შემდეგ გაუქმებულად მიიჩნევა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული და შეუსრულებელი ვალდებულება და წყდება მის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.