თარიღი: 12/3/2020
ნომერი: 10572.2.20
მუხლი: საქონლის, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად,
კატეგორია: საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სანქციები,
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
 

 ქ. თბილისი

3.12.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №10572/2/2020

მომჩივანი: ი/მ ბ რ (ს/ნ 12001014836)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, დ. გაბლიშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, შ. გვენეტაძის, შ. კომლაძის, დ. ლაშხიას, დ. მოლოდინის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 3.12.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ბ რ 8.06.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №10572/2/2020). საჩივრის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია ზ. ძნელაშვილს, თვითაცილების გამო.

დავის საგანი:
საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებულ საქონელზე დარიცხული დღგ და უარი შეფარდებული ჯარიმისგან გათავისუფლებაზე.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 27.11.2019 წლის №EL104294 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 26.11.2019 წლის №69604/18873 „საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4“;
3. შემოსავლების სამსახურის 20.02.2020 წლის №4225 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 1 695 ლარი;
დღგ - 693 ლარი;
იმპორტი - 2 ლარი;
ჯარიმა - 1 000 ლარი.

ფაქტების აღწერა
2019 წლის 27 ნოემბერს, ბათუმის პორტის მეშვეობით, საქართველოში შემოვიდა, სხვადსხვა საქონლით დატვირთული, მომჩივნის კუთვნილი, სატვირთო ავტომანქანა მერსედესი, სანომრე ნიშნით 1.
აღნიშნულზე მომჩივანმა წარადგინა ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია. რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა 2 305,7 ლარის საბაჟო ღირებულების, ძირითადად მეორადი მოხმარების საქონელი: ავტომობილის ნაწილები, ტანსაცმელი, ერთი ერთეული მანეჟი.
საქონლის ფიზიკური დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ დეკლარირებულ მეორადი მოხმარების საქონელთან ერთად, ავტომანქანაში განთავსებული იყო სხვა (ახალი) საქონელიც, რომელიც დეკლარაციაში მითითებული არ იყო.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენის მიზნით, ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც საქონლის საბაჟო ღირებულებამ 1 542,5 ლარი შეადგინა (ექსპერტის დასკვნა №007348/2019).
მომჩივანს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 3 000 ლარამდე ღირებულების საბაჟო კონტროლისგან მალულად საქონლის გადაადგილებისათვის, 27.11.2019 წლის №EL104294 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარი, ხოლო არადეკლარირებულ საქონელზე მომჩივანს ასევე დაერიცხა იმპორტის გადასახადი და დღგ.
აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 20.02.2020 წლის №4225 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად საქონლის გადაადგილების ფაქტს და ვინაიდან არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 1542,5 ლარი შეადგინა, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საბაჟო სამართალდარღვევას და იწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მომჩივანი სისტემატიურად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი მოქმედი საბაჟო პროცედურები (მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და შეღავათები).
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. განსახილველ შემთხვევაში არ არის საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენების საფუძველი.

მომჩივნის არგუმენტაცია
რამდენიმე წელია ევროპის ქვეყნიდან ახორციელებს ავტომობილების იმპორტს და შემდგომ რეალიზაციას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე.
2019 წლის 25 ნოემბერს საბაჟო საზღვარზე შემოიყვანა სატვირთო ავტომობილი, რომელშიც ჰქონდა, როგორც პირადი მოხმარებისთვის, მათ შორის ჰიგიენის და სხვა საგნები, ისე მეორადი საქონელი ოჯახის წევრებისთვის, (ჰყავს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი ტყუპი ვაჟი), ასევე, საჩუქრად გამოტანებული ტანსაცმელი, რომელიც ერთად ჰქონდა შეფუთულ მდგომარეობაში, დასახელებული ნივთები და ტანსაცმელი საბაჟოზე დაადეკლარირა ერთად, როგორც მეორადი საქონელი, ხოლო რაოდენობაში მიუთითა - 100 კგ, საქონლის ღირებულება განსაზღვრა - 655 ლარი, ასევე, ჰქონდა ავტომანქანის მეორადი ნაწილები წონით - 350 კგ, ღირებულებით - 1 578 ლარი, რომელიც ასევე დაადეკლარირა კანონით დადგენილი წესით.
ექსპერტიზის შედეგად საბაჟო ორგანომ დაადგინა, რომ გარკვეული საქონელი (ტანსაცმელი) არ წარმოდგენდა მეორადს და მოახდინა მათი გამიჯვნა, ახალი ტანსაცმლის სტატუსის მინიჭება და თითოეულზე საბაჟო ღირებულების განსაზღვრა. საბაჟო ორგანომ აღნიშნული საქონელი (მათ შორის პირადი ჰიგიენის საშუალებები) ჩათვალა არადეკლარირებულად და დამატებით დაარიცხა დღგ, ისე, რომ მის მიერ დეკლარირებული საქონლის რაოდენობა არ შეუმცირებია და დატოვა იგივე.
გაუგებარია, საბაჟო ორგანომ საიდან დაადგინა, რომ შემოტანილი საქონლის ნაწილი წარმოადგენდა ახალს და არა მეორადს, ვინაიდან სრულიად შესაძლებელია ტანსაცმელზე იარლიყის არ არსებობის შემთხვევაშიც მოხდეს აღნიშნული საქონელი მეორად საქონელში.
საბაჟო ორგანოს ქმედებით გამოდის, რომ დეკლარირებულის გარდა კიდევ ჰქონდა სხვა საქონელი შემოტანილი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ვინაიდან საერთო ოდენობის გაზრდა მათი მხრიდან არ მომხდარა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმორჩილესად ითხოვს, გათვალისწინებულ იქნას ზემოაღნიშნული გარემოებები და მოხდეს საბაჟო ორგანოს მიერ აღნიშნული არადეკლარირებული საქონლის გამოვლენაზე დარიცხული თანხების შემცირება მის მიერ დეკლარირებული საქონლის გათვალისწინებით.
გარდა ამისა, არადეკლარირებული საქონლის გამოვლენისთვის დააჯარიმდა 1 000 ლარით. პანდემიის გამო საქმიანობა იძულებით შეჩერებული აქვს და ვერ აგრძელებს, დარჩა ყოველგვარი შემოსავლის გარეშე და ისედაც მძიმე ფინანსური მდგომარეობით ვერ შეძლებს აღნიშნული თანხის გადახდას და კიდევ უფრო მძიმედ აისახება მისი ოჯახის სოციალურ მდგომარეობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, გათავისუფლდეს 27.11.2019 წლის №EL104294 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა იმპორტის გადასახადით დასაბეგრი უცხოური საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში მოქცევისას.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირის მიერ 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას.
საგადასახდო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ იმპორტირებული საქონლის ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლინდა არადეკლარირებული საქონელი, რაზეც შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია და დაერიცხა იმპორტის გადასახადი და დღგ.
მომჩივანი ითხოვს არადეკლარირებული საქონლის გამოვლენაზე დარიცხული თანხების შემცირებას, მის მიერ დეკლარირებული საქონლის გათვალისწინებით, ასევე შეფარდებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
საბჭოს მართლზომიერად მიაჩნია არადეკლარირებულ საქონელზე იმპორტის გადასახადისა და დღგ-ის დარიცხვა, ასევე მომჩივანზე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგელობის დაკისრებაც.
ამასთან, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მომჩივნის შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, საბჭოს მიზანშეწონილად მიაჩნია მომჩივნის გათავისუფლდება საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 27 ნოემბრის №EL104294 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი გათავისუფლდეს 27.11.2019 წლის №EL104294 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.