თარიღი: 10/29/2020
ნომერი: 11351/2/20
მუხლი: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, ზედნადების გაუცემლობა ან მის მიღებაზე უარის თქმა,
კატეგორია: საგადასახადო სანქცია,
შემმოწმებელი: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
 

 ქ. თბილისი

29.10.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №11351/2/2020

მომჩივანი: შპს ჯ.ჯ. ჯ (ს/ნ )
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი


საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, ზ. ძნელაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის დ. გაბლიშვილის დ. გახარიას, შ. გვენეტაძის, დ. ლაშხიას, დ. მოლოდინის, დ. რუხაძის, შემადგენლობით, 29.10.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ჯ.ჯ. ჯს 1.10.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №11351/2/2020).

დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.07.2020 წლის №CB1100070 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 23.09.2020 წლის №28735 ბრძანება.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 5 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.

ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.07.2020 წლის №CB1100070 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, შპს ჯ.ჯ. ჯ მიერ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების გადამოწმების დროს (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, გადამოწმების დრო: 28.07.2020 წ. 19:26 სთ) გამოვლინდა 2 470 ლარის საბაზრო ღირებულების „დახერხილი წიწვოვანი ხის მასალა ფიცრის“ (3.8 მ3 x 650.00 ლარი) ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 23.09.2020 წლის №28735 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 286-ე მუხლის 12 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებზე. საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. კერძოდ, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 2 470 ლარის ღირებულების 3.8 მ3 ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის, დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის (ფიცარი) ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წლის 30 ივლისის №CB1100070 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

მომჩივნის არგუმენტაცია
2020 წლის 27 ივლისს კომპანიამ მოახდინა 4 მ3 დახერხილი ხე-ტყის მასალის რეალიზაცია, შპს კ თ სასაქონლო ზედნადები №0537120658. მეორე დღეს დაუკავშირდა კომპანიის წარმომადგენელი მომჩივანს, რომელმაც მოითხოვა მიწოდებული ფიცრის შეცვლა, რადგან არ მოეწონა. კომპანიამ ხის მასალის შეცვლის მიზნით გამოწერა შიდა გადაზიდვის ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები 2020 წლის 28 ივლისს 16:23 საათზე, რომლის შენიშვნაშიც მითითებული ქონდა, რომ პროდუქციის ტრანსპორტირება ხდებოდა მიწოდებული ფიცრის შეცვლის მიზნით.
ავტომობილის უკან კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე დაბრუნებისას, ახალი შიდა გადაზიდვის ზედნადების ატვირთვა არ მომხდარა, ვინაიდან ჩათვალეს, რომ შიდა გადაზიდვის დოკუმენტში, ზემოთ აღნიშნული კომენტარი იძლეოდა ტრანსპორტირების უფლებას. საყურადღებოა ის გარემოება, რომ შიდა გადაზიდვის ზედნადები მცხეთის რაიონი სოფ. ნ სოფ. წ მიმართულებით აიტვირთა 16:23 საათზე ,ხოლო უკვე სოფ. წ სოფ. ნ მიმართულებით მოძრაობისას გადამოწმება მოხდა 19:26 საათზე.
ტრანსპორტირებას, დაცლას, ისევ დატვირთვას და უკან დაბრუნებას მოანდომა გონივრული ვადა 3:03 საათი. ამით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ უკან ტრანსპორტირების შიდა გადაზიდვის ზედნადების არ გამოწერა მოხდა უცოდინრობით ან რატომ არ უნდა გამოეწერა. ასევე დროის ის მონაკვეთი რაც დასჭირდათ გადამოწმებამდე იძლევა იმის საფუძველს, რომ კომპანია ახდენდა ნამდვილად გამოცვლილი ხის, მასალის ტრანსპორტირებას.
ითხოვს გაუქმდეს 2020 წლის №1100070 ოქმი და შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 23 სექტემბრის №28735 ბრძანება.
მომჩივნის წარმომადგენელი მის მიერ წარმოდგენილი განცხადებით ითხოვს გათვალისწინებულ იქნას როგორც ფაქტობრივი ასევე ქვეყანაში არსებული პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით მოეხსნას მხოლოდ ჯარიმა 5000 ლარი.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე.
ამავე ინსტრუქციის 252 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების შევსება სავალდებულოა ფიცარზე – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი;
ამავე ინსტრუქციის 251 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სხვადასხვა მიზეზით საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში, საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ ზედნადების მე-6 სტრიქონში იწერება – ,,უკან დაბრუნება“, მე-7 სტრიქონში, უკან დასაბრუნებელი საქონლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, მე-8 სტრიქონში კი – უკან დასაბრუნებელი საქონლის საბოლოო დასაწყობების ადგილი. ზედნადების ცხრილში იწერება უკან დასაბრუნებელი საქონლის ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.
დადგენილია, რომ მომჩივანს სანქცია შეეფარდა მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის.
მომჩივანი არ უარყოფს ზედნადების უქონლობის ფაქტს, მიაჩნია, რომ რადგან ადგილი ჰქონდა რეალიზებული პროდუქციის დაბრუნებას, არ აუტვირთია ახალი ზედნადები.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 9.10.2020 წელით №107393-21-12 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით სოფ. წ სოფელი ნ მ/ტ მდე დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირება განხორციელდა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულ გადაზიდვაზე უნდა გამოწერილიყო უკან დაბრუნების ან შიდა გადაზიდვის ოპერაციის ამსახველი ზედნადები.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. ვინაიდან გადამხდელის ქმედება გამოწვეულია დაუდევრობით ან უხეში გაუფრთხილებლობით, აღნიშნული ვერ იქნება სანქციისგან გათავისუფლების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.