თარიღი: 12/28/2020
ნომერი: 10949/2/20
მუხლი:
კატეგორია: საგადასახადო სანქცია,
შემმოწმებელი: ადმინისტრირების დეპარტამენტი
 

ქ. თბილისი

28.12.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №10949/2/2020

მომჩივანი: ბ. მ. (ს/ნ ...)
მოპასუხე: შემოსავლების სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, ზ. ძნელაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, დ. გაბლიშვილის, შ. გვენეტაძის, შ. კომლაძის, დ. ლაშხიას, დ. მოლოდინის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 28.12.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ბ. მ.-ს 14.08.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №10949/2/2020).

დავის საგანი:
საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. შემოსავლების სამსახურის 14.04.2020 წლის №11090 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 15.07.2020 წლის №19445 ბრძანება.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 610 ლარი.

ფაქტების აღწერა
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 19 თებერვლის №282 განკარგულების საფუძველზე მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის 2019 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით არსებულ საგადასახადო დავალიანებაზე (8 592.7 ლარი) 2020 წლის 11 მარტს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების აქტი №ა42-21.
შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო 2020 წლის 10 აპრილის ჩათვლით. მომჩივანმა არ შეასრულა საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობა, მას არ გადაუხდია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა.
შემოსავლების სამსახურმა 2020 წლის 14 აპრილს გამოსცა №11089 ბრძანება 2020 წლის 11 მარტის №ა42-21 საგადასახადო შეთანხმების აქტის ძალადაკარგულად ჩათვლის შესახებ და ამავე თარიღის №11090 ბრძანება საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებული ჯარიმის 610 ლარის შეფარდების თაობაზე.
ხსენებული ბრძანება 5.06.2020 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 15.07.2020 წლის №19445 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში არ იყო შესრულებული საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 14 აპრილის №11090 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შეთანხმების განსაზღვრული თანხის გადაუხდელობა გამოწვეულია ქვეყანაში შექმნილი პანდემიის, უმუშევრობის, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
2020 წლის 15 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით სტაციონალურ მკურნალობა გაიარა შპს „ახალ კლინიკაში“, ხოლო 2 ივლისიდან 8 ივლისის ჩათვლით სტაციონალურ მკურნალობას გადიოდა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. მკურნალობა ჩაუტარდა გადაუდებელი თერაპიის ფარგლებში, რის საფუძველზეც დაუდგინდა ქმედუნარიანობის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდვა.
ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-3 და მე-9 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში. საგადასახადო შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში უქმდება საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელის ამ შეთანხმების შედეგად წარმოშობილი უფლებები და ვალდებულებები.
დადგენილია რომ მომჩივანს არ გადაუხდია შეთანხმებული თანხა შესაბამისად, მის მიერ დადგენილ ვადაში არ შესრულდა საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება.
საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმება გაუქმებულად ითვლება და გადასახადის გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს მართებულად შეეფარდა ჯარიმა და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
საბჭო ასევე მიუთითებს, რომ მომჩივანს საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება უწევდა საქართველოს მთავრობის 23.03.2020 წლის №181 დადგენილებით შემოღებული საგანგებო წესების მოქმედების პერიოდში, 23.03.2020 წლიდან 22.05.2020 მაისის ჩათვლით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნულის და მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების დამადასტურებელი მტკიცებულებების გათვალისწინებით საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, რის გამოც გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად უნდა გათავისუფლდეს სადავო 14.04.2020 წლის №11090 ბრძანებაში ასახული ჯარიმისგან.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2020 წლის 14 აპრილის № 11090 ბრძანებაში ასახული ჯარიმისგან;
3. დაევალოს ანალიტიკური დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.