თარიღი: 11/11/2020
ნომერი: 11452/2/20
მუხლი: საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო,
კატეგორია: პროცედურა,
შემმოწმებელი: შემოსავლების სამსახური
 

ქ. თბილისი

11.11.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №11452/2/2020

მომჩივანი: გ. დ. (ს/ნ ...)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, ზ. ძნელაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, მ. ბოლოთაშვილის, დ. გაბლიშვილის, დ. გახარიას, შ. გვენეტაძის, დ. ლაშხიას, დ. მოლოდინის, დ. რუხაძის, შემადგენლობით, 11.11.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება გ. დ.-ის 13.10.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №11452/2/2020).

დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 15.06.2020 წლის №011-3807 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. მომსახურების დეპარტამენტის 15.06.2020 წლის №011-3808 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
3. შემოსავლების სამსახურის 1.10.2020 წლის №29781 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 2 000 ლარი;
ჯარიმა - 200 ლარი;
ჯარიმა - 1 800 ლარი.

ფაქტების აღწერა
2020 წლის 11 და 14 ივნისს მომჩივანმა საგადასახადო ორგანოში დაგვიანებით წარადგინა საანგარიშო წლის (2017წ.; 2018წ.) და თვის მიხედვით (2018 წლის ივლისის თვიდან 2019 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით) გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაცია.
აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 15.06.2020 წელს შედგა №011-3807 და №011-3808 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 200 და 1 800 ლარის ოდენობით.
აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები 10.09.2020 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.10.2020 წლის №29781 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ მომსახურების დეპარტამენტის 2020 წლის 15 ივნისის №011-3807 და №011-3808 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2020 წლის 3 ივლისს, საჩივარი კი წარდგენილია 2020 წლის 10 სექტემბერს.
სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზის თაობაზე, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

მომჩივნის არგუმენტაცია
არის მცირე მეწარმე და ჰყავს დაქირავებული პირი, რადგან წლიური ხელფასი არ აღემატება 6 000 ლარს, არ ეკუთვნოდა და შესაბამისად მის მიერ არ იყო წარდგენილი განაცემების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულის წარუდგენლობის გამო მისმა დაქირავებულმა პირმა პანდემიასთან დაკავშირებით ვერ მიიღო სახელმწიფოსგან კომპენსაცია. შედეგად გადაწყვიტა წარედგინა აღნიშნული ინფორმაცია, რამაც გამოიწვია ჯარიმის დაკისრება.
ჯარიმის არსებობის შესახებ მისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი და დაუყონებლივ გაასაჩივრა, რის გამოც ჯარიმა, რომელიც არ ეკუთვნოდა გადავიდა აღიარებულ ბარათზე.
ითხოვს გაუქმდეს მასზე დაკისრებული ჯარიმა ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად განახორციელა.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
ამავე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით და მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2020 წლის 3 ივლისს, მათი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2020 წლის 3 აგვისტო (30-ე დღე 2 აგვისტო ემთხვევა არასამუშაო დღეს (კვირა)), ხოლო საჩივარი სადავო ოქმების გაუქმების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2020 წლის 10 სექტემბერს.
ამასთანავე, მომჩივანი არ უთითებს გასაჩივრების ვადის გაშვების რაიმე საპატიო ან მისგან დამოუკიდებელ მიზეზზე, რაც გაშვებული ვადის აღდგენის საფუძველი იქნებოდა.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.