თარიღი: 1/28/2021
ნომერი: 10599/2/20
მუხლი: დღგ–ით დაუბეგრავ ოპერაციაზე მიღებული ჩათვლის გაუქმება,
კატეგორია: ჩათვლის გაუქმება,
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
 

ქ. თბილისი 28.01.2021
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №10599/2/2020
მომჩივანი: შპს ს (ს/ნ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, ზ. ძნელაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, ნ. ბაბუხადიას, დ. გაბლიშვილის, შ. გვენეტაძის, შ. კომლაძის, დ. ლაშხიას, დ. მოლოდინის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის, შემადგენლობით, 28.01.2021 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ს-ს 15.06.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №10599/2/2020).

დავის საგანი:
დღგ-სგან გათავისუფლებულ ოპერაციაზე მიღებული ჩათვლის გაუქმება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.11.2019 წლის №065-40 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.03.2020 წლის №6993 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 152 249 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 85 644
ჯარიმა - 42 822
საურავი - 23 783

ფაქტების აღწერა
სადავო დარიცხვა განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 22.11.2019 წლის აქტის შესაბამისად, რომლის საფუძველზე მომჩივანს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 26.11.2019 წლის №065-40 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 10.03.2020 წლის №6993 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით, მოქმედება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
შემოსავლების სამსახურის 17.07.2020 წლის №57121-21-04 წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 10.03.2020 წლის №6993 ბრძანება გაგზავნილია გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე 10.03.2020 წელს, რომელსაც გადამხდელი გაეცნო 11.03.2020 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის 23.03.2020 წლის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 10.03.2020 წლის №6993 ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 1.06.2020 წელს (გასაჩივრების ვადის ბოლო დღე 31.05.2020 წ. ემთხვევა არასამუშაო, კვირა დღეს). ხოლო საჩივარი წარმოდგენილია ელექტრონულად 15.06.2020 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
მომჩივანი განმარტავს, რომ ვადის გაშვება დაკავშირებულია იმ გარემოებებთან, რომ იყო კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პერიოდი და ამავდროულად გარდაიცვალა კომპანიის ბუღალტრის მამამთილი.
საბჭო ვერ გაიზიარებს მომჩივნის პოზიციას, რომ მითითებული გარემოების გამო გასაჩივრების ვადის დარღვევა უნდა ჩაითვალოს მომჩივნისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვეულად.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 10.03.2020 წლის №6993 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.