თარიღი: 8/12/2021
ნომერი: 14026/2/20
მუხლი: პირის მიერ საქონლის ან სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების ან/და გამოცხადების ვადის დარღვევა,
კატეგორია: საბაჟო ჯარიმები,
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
 

ქ. თბილისი

12.08.2021


გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №14026/2/2021


მომჩივანი: ბ. ნ. (ს/ნ)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი


საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, გ. მაისურაძის (სხდომის თავმჯდომარე), გ. ბასილაძის, შ. გვენეტაძის, შ. კომლაძის, დ. ლაშხიას, დ. მოლოდინის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 12.08.2021 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ბ. ნ. 16.07.2021 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №14026/2/2021; №14118/2/2021).
დავის საგანი:
1. საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა;
2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 29.04.2021 წლის №ELC08011 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 29.04.2021 წლის №ELC08010 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 29.04.2021 წლის №EL7777/3741 (053-3741) საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22033 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 5355.95 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 2125
აქციზის გადასახადი - 2000
იმპორტის გადასახადი - 125
ჯარიმა - 1000
ჯარიმა - 2125
საურავი - 105,95

ფაქტების აღწერა
2020 წლის 22 ოქტომბერს, ვ ს-ის (პასპორტის №) წარმომადგენლის ბ. ნ-ის (პ/ნ) მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ №) №69605/01877001 ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით დადეკლარირდა რეექსპორტში და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა – 2020 წლის 5 დეკემბერი.
ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტორიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით, ხსენებულ სატრანსპორტო საშუალებას არ ჰქონდა დატოვებული საქართველოს ტერიტორია, ჩაითვალა, რომ ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევას და საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
შედეგად, საბაჟო დეპარტამენტის 29.04.2021 წლის №ELC08011 და №ELC08010 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმები 1 000 ლარის და 2 125 ლარის (სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
ამასთან, 29.04.2021 წელს გამოიცა №EL7777/3741 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც ბიძინა ნადირაძის უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა გადასახდელი 2 125 ლარის (აქციზი – 2 000 ლარი; იმპორტის გადასახადი – 125 ლარი) ოდენობით, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად – საურავი 105,95 ლარის ოდენობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის №194261910 მიხედვით ზემოაღნიშნული ავტომობილი (ს/ნ №) 2021 წლის 11 ივნისს №69050/1994498 ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.07.2021 წლის №22033 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეზე არსებული მასალიდან დგინდება, რომ მომჩივანს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადად განისაზღვრა 45 კალენდარული დღე, თუმცა სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევას და საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა. აღნიშნული სამართალდარღვევებისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165 მუხლი და 172-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს პირის პასუხისმგებლობას.
გარდა ზემოაღნიშნული ინფორმაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახვისა, მომჩივნის წარმომადგენლობა დასტურდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მოწმობაში არსებული ინფორმაციით, რომლის პირველ გრაფაში (იმპორტიორი/ექსპორტიორი) მითითებულია საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, ხოლო მეორე გრაფაში (წარმომადგენელი) - მომჩივანი. ამასთან, აღნიშნული მოწმობის მე-8 გრაფაში (ხელმოწერა) ფიქსირდება მომჩივნის ხელმოწერა. კანონმდებელი სწორედ მას ავალდებულებს ავტოსატრანსპორტო საშუალება დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარუდგინოს საბაჟო ორგანოს, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. ამდენად, მომჩივანზე დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული სატრანსპორტო საშუალების მიმართ არ დარღვეულა გამოცხადების ვადა და არ განხორციელებულა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება, რამაც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

მომჩივნის არგუმენტაცია
ვინაიდან ავტომანქანამ ვერ დატოვა საქართველოს საზღვარი, როგორც მინდობილი პირი დაჯარიმდა ამ ავტომანქანის უკანონო განაკრგვისთვის. მისი მხრიდან მანქანის უკანონო განკარგვა არ მომხდარა. როცა შეიტყო ჯარიმების თაობაზე ავტომანქანა მოაქცია საწყობის პროცედურაში.
პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო მეპატრონემ ავტომანქანის რეექსპორტში მოქცევა ვერ შეძლო და ამიტომ მიიღო გადაწყვტილება, რომ ავტომანქანა დარჩეს საქართველოს ტერიტორიაზე. ითხოვს მოეხსნას ჯარიმები და მიეცეს ავტომანქანის კანონის შესაბამისად გაფორმების საშუალება.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „რეექსპორტის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №16) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის რეექსპორტის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ სათანადოდ გაფორმებული რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების კონტროლიდან მოხსნით.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას. შესაბამისად მისთვის ამავე მუხლით განსაზღვრული სანქციის შეფარდება მართლზომიერია.
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად:
1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
2. საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. ამ კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საბაჟო ზედამხედველობას არ ექვემდებარება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან განადგურებამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
4. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია საბაჟო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ და წარუდგინოს საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში ეს საქონელი საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გატანილად მიიჩნევა.
ამავე კოდექსის 138-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დროებით შემოტანის პროცედურაში საქონლის მოქცევისთვის აუცილებელია დროებით შემოტანილი საქონელი უკან იქნეს გატანილი უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ექსპლუატაციით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ (დანართი №3) ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად:
1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთის, ტრანსპორტირების ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით.
3. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საბჭო განმარტავს, რომ საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება შესაძლებელია, თუ ერთდროულად სახეზეა შემდეგი პირობები:
ა) ადგილი აქვს საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას;
ბ) საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება უკანონოდ განიკარგა, დაიკარგა ან განადგურდა;
გ) „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული შედეგი გამოწვეულია „ა“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებით.
საბაჟო დეპარტამენტის 29.07.2021 წლის №84502-21-10 წერილის და საბჭოს სხდომაზე საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის № თანახმად ზემოაღნიშნული ავტომობილი (ს/ნ №) 2021 წლის 11 ივნისს №69050/1994498 ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით მოექცა საბაჟო საწყობის პროცედურაში.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მართალია ადგილი აქვს საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას, რაც გამოიხატა საქონლის დროებით შემოტანის ვადის დარღვევაში (სსკ-ის 139.1 მუხლი), თუმცა სახეზე არ არის საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის/სატრანსპორტო საშუალების უკანონოდ განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, რაც გამორიცხავს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებას.
საბჭო განმარტავს, რომ საქონლით სარგებლობა, მისი პირადად გამოყენება არ ნიშნავს ამ საქონლის განკარგვას. საქონლის განკარგვა სახეზეა მაშინ, როდესაც ადგილი აქვს ამ საქონლის პირადად მოხმარებას ან ამ საქონლის მიმართ უფლებრივი მდგომარეობის ცვლილებას გარიგების საფუძველზე, მაგალითად, გასხვისება ანუ მესაკუთრის ცვლილება, საქონლის გამოყენება უზრუნველყოფის საშუალებად, საქონლის დროებით სარგებლობაში გადაცემა მესამე პირისთვის და ა.შ.
ამდენად, ზემოთ აღნიშნული გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქონლის განკარგვის ფაქტს და მის მიერ (დადგენილი ვადის დარღვევით, მაგრამ მაინც) განხორციელდა საქონლის წარდგენა საბაჟო კონტროლის ზონაში, საბჭოს მიაჩნია რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემული 29.04.2021 წლის №ELC08010 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი უნდა გაუქმდეს.
ამასთან, საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ დარღვეულია უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან და საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან დაკავშირებული პროცედურები არ არსებობს საბაჟო დეპარტამენტის 29.04.2021 წლის №EL7777/3741 (053-3741) საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22033 ბრძანება;
3. გაუქმდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 29.04.2021 წლის №ELC08010 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.