თარიღი: 6/17/2021
ნომერი: 12566/2/20
მუხლი: სასაქონლო ოპერაციების პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება,
კატეგორია: საბაჟო ჯარიმები,
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
 

ქ. თბილისი

17.06.2021

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №12566/2/2021

მომჩივანი: შპს „ს...ო“ (ს/ნ …)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, ზ. ძნელაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, შ. გვენეტაძის, შ. კომლაძის, დ. ლაშხიას, გ. მაისურაძის, დ. მოლოდინის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 17.06.2021 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ს....ს“ 22.03.2021 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №12566/2/2021).

დავის საგანი:
უარი დარიცხული ჯარიმისგან გათავისუფლებაზე.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 13.11.2020 წლის №EL121004 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. საბაჟო დეპარტამენტის 13.11.2020 წლის №EL121031 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
3. საბაჟო დეპარტამენტის 13.11.2020 წლის №EL121032 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
4. საბაჟო დეპარტამენტის 13.11.2020 წლის №EL121034 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
5. საბაჟო დეპარტამენტის 13.11.2020 წლის №EL121036 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
6. შემოსავლების სამსახურის 18.01.2021 წლის №132 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 14 379 ლარი.
მათ შორის:
ჯარიმა - 826
ჯარიმა - 74
ჯარიმა - 299
ჯარიმა - 97
ჯარიმა - 13 083

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანმა №11111/C104754 (15.11.2017); №11111/C96354 (24.11.2017); №11111/C106193 (20.11.2017); №11111/C121622 (28.12.2017); №11111/C25353 (24/03/2018) საქონლის საბაჟო დეკლარაციებით შიდა გადამუშავების საბაჟო პროცედურაში მოაქცია სახვადასხვა დასახელების საქონელი.
აღნიშნული საქონლის ნაწილი №11111/C60945 (28.06.2018), №11111/C85972 (31.08.2018) და №11111/C85986 (01.09.2018) საქონლის საბაჟო დეკლარაციებით მოექცა ექსპორტში, ხოლო საქონლის ნაწილზე ... დაირღვა შიდა გადამუშავების პროცედურის ვადა.
აღნიშნულ ფაქტზე მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 24.09.2020 წლის №EL118484, №EL118485, №EL118486, №EL118487 და №EL118490 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით 500 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმები კომპანიას გაეგზავნა 25.09.2020 წლის №21-10-21/117574 შეტყობინებით და ეცნობა, რომ შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა განეხორციელებინა საბაჟო პროცედურის დასრულებითვის აუცილებელი ღონისძიებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ქმედება ჩაითვლებოდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განკარგვად, დაკარგვად ან განადგურებად.
შეტყობინება ადრესატს ჩაბარდა 6.10.2020 წელს. შეტყობინებით განსაზღვრული ვადა ისე ამოიწურა, რომ კომპანიის მიერ შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა ან რეექსპორტი და არც საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი ფორმალობები.
13.11.2020 წელს საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილია №EL121004, №EL121031, №EL121032, №EL121034 და №EL121036 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც კომპანიას დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა ჯამში 14 379 ლარის ოდენობით.
ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოიცა ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნები (№EL11111/210; №EL11111/211; №EL11111/212; №EL11111/213; №EL11111/214) და კომპანიას დაერიცხა ჯამში 18 124,40 ლარი (მათ შორის დღგ - 3 439 ლარი, აქციზი - 9 090 ლარი, იმპორტის გადასახადი - 1 850 ლარი და საურავი - 3 745,40 ლარი).
საბაჟო დეპარტამენტის 13.11.2020 წლის №EL121004, №EL121031, №EL121032, №EL121034 და №EL121036 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები 4.12.2020 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.01.2021 წლის №132 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მომჩივნის მიერ დარღვეულია №11111/C104754 (15.11.2017), №11111/C96354 (24.11.2017), №11111/C106193 (20.11.2017), №11111/C121622 (28.12.2017) და №11111/C25353 (24/03/2018) საბაჟო დეკლარაციებით შიდა გადამუშავების საბაჟო პროცედურაში მოქცეული საქონლის ნაწილის შიდა გადამუშავების ვადა, რამაც გამოიწვია შიდა გადამუშავების საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა. შიდა გადამუშავების საბაჟო პროცედურის დასრულებისთვის და საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის მიზნით საბაჟო ორგანოს მიერ მომჩივანს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც მას აღნიშნული ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 30 დღიანი ვადა. ვინაიდან აღნიშნული ვადის გასვლის მიუხედავად, მომჩივნის მიერ შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ არ განსაზღვრულა საბაჟო პროცედურა/რეექსპორტი და არც საბაჟო ზედამხედველობის დასრულებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი ფორმალობები, საბაჟო ორგანოს მიერ საქონელი ჩაითვალა უკანონოდ განკარგულად. აღნიშნული ქმედებისთვის კი, პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ქმედების საპატიოდ ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომელიც გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი შეცდა ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია საბაჟო პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ მომჩივანი გასაჩივრებული სამართალდარღვევის ჩადენისას არ მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის ფარგლებში და სახეზე არ არის საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენების საფუძველი.
შემოსავლების სამსახურს დადგენილად მიიჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ფაქტებს, რაც გამოიხატა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევაში, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა.
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მათ შესაბამისად დაკისრებული სანქციები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს რომ, სამართალდარღვევა გამოწვეულია საბაჟო პროცედურების არცოდნით და კომპანიის მიზანს არ წარმოადგენდა საბაჟო გადასახადებისგან თავის არიდება. აღნიშნულიდან გამომდინარე საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით ითხოვს გათავისუფლდეს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული სანქციისგან.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მომჩივანი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას რომ მის მიერ №11111/C104754 (15.11.2017), №11111/C96354 (24.11.2017), №11111/C106193 (20.11.2017), №11111/C121622 (28.12.2017) და №11111/C25353 (24/03/2018) საქონლის საბაჟო დეკლარაციებით შიდა გადამუშავების საბაჟო პროცედურაში მოქცეული საქონლის ნაწილის მიმართ შიდა გადამუშავების ვადა დარღვეულია, რამაც გამოიწვია შიდა გადამუშავების საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა. მისი განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია საბაჟო პროცედურების არცოდნით და კომპანიის მიზანს არ წარმოადგენდა საბაჟო გადასახადებისგან თავის არიდება.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული ჯარიმისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.