თარიღი: 9/23/2021
ნომერი: 13796/2/20
მუხლი: სასაქონლო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის ან წარმომადგენლის მიერ,
კატეგორია: საბაჟო ჯარიმები,
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
 

ქ. თბილისი

23.09.2021

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №13796/2/2021

მომჩივანი: ა. გ. (ს/ნ ...)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, გ. მაისურაძის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, შ. კომლაძის, დ. ლაშხიას, დ. მოლოდინის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 23.09.2021 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ა. გ.-ის 22.06.2021 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №13796/2/2021).

დავის საგანი:
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობით იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 5.02.2021 წლის №EL125549 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 9.06.2021 წლის №18319 ბრძანება.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 599 ლარი.

ფაქტების აღწერა
3.02.2021 წელს საფოსტო გადამზიდავი კომპანია შპს „კ...ის“ მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მომჩივნის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, №... საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება საქონლი ღირებულებით - 20 აშშ დოლარი.
გამომდინარე იქიდან, რომ საფოსტო გზავნილი დეკლარირებული იყო 20 აშშ დოლარად, ზოგადი დეკლარირებისას გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელ ამანათთა ნუსხაში. მებაჟე ოფიცრის მიერ ამანათზე (№...) საბაჟო პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა, კერძოდ: 20 აშშ დოლარის ნაცვლად საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 999 აშშ დოლარი, ხოლო ტრანსპორტირების ხარჯმა 3,48 აშშ დოლარი. აღნიშნულმა გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება 598,6 ლარის ოდენობით.
საბაჟო დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემების შეტანის გამო, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 5.02.2021 წლის №EL125549 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 598,6 ლარის ოდენობით.
ხსენებულ საფოსტო გზავნილზე დაიბეჭდა №20010/9587009 საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4, რითაც მოხდა ამანათში მოთავსებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება.
საბაჟო დეპარტამენტის 5.02.2021 წლის №EL125549 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი 21.04.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.06.2021 წლის №18319 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. შემოსავლების სამსახური უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს მომჩივნის არგუმენტებს და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

მომჩივნის არგუმენტაცია
მიმდინარე წლის დასაწყისში შეიძინა ორი ნივთი, რომელთა ღირებულებაც შეადგენდა 20 და 999 აშშ დოლარს, ნივთის დეკლარირებისას შეცდომით მიუთითა მეორე ნივთის ღირებულება, ვინაიდან, ეგონა რომ სწორედ ამ ღირებულების ნივთი უნდა დაედეკლარირებინა. აღნიშნული არ განუხორციელებია განზრახ, მის მიერ დაშვებულია შეცდომა რომელიც მისთვის ცნობილი გახდა როდესაც დაყადაღდა მისი პირადი ანგარიშები და ვინაიდან ამ ქმედებით ილახებოდა მისი კანონიერი ინტერესები იძულებული გახდა ჯარიმა გადაეხადა იმავე დღეს, რომელიც არ გულისხმობს რომ თავს თვლის დამნაშავედ და აღიარებს სამართალდარღვევის განზრახ ჩადენის ფაქტს.
აღსანიშნია, რომ როდესაც ნივთი ჩამოვიდა და შეიტყო რომ ეს იყო ნივთი რომლის ღირებულება შეადგენდა 999 აშშ დოლარს, მის მიერ გადახდილია დღგ 610 ლარის ოდენობით. ლოგიკურია რომ გადასახადისგან თავის არიდება რომ ნდომოდა და განზრახ დაემალა ნივთის ღირებულება, დღგ-ს არ გადაიხდიდა, გამოდის რომ სახელმწიფოს ორჯერ გადაუხადა ნივთისთვის დღგ, მართალია მეორედ ჯარიმის სახით მაგრამ ეს არ ცვლის მითითებულ გარემოებას.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების მიღებასა და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოტანას მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამოკვლეული იქნება საქმის გარშემო არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, სწორედ ამ დანაწესს შეიცავს ამავე კოდექსის 96-ე მუხლი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საბჭომ იხელმძღვანელოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით, გაუქმდეს სადავო აქტები, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისაგან და გადახდილი ჯარიმის თანხა დაუბრუნდეს უკან.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად:
4. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით (შემდგომში – საფოსტო გზავნილი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდავი ავსებს:
ა) საფოსტო გზავნილების დეკლარაციას (დანართი №8-VIII-04) – საფოსტო გზავნილებზე, რომლითაც შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია);
ბ) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, იმპორტის გადასახდელით დაბეგვრას ან/და აკრძალვებსა და შეზღუდვებს დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა №4-ს (დანართი №8-VIII-06).
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადებისას გადამზიდავი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.
საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციასა და თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემების შეტანით მომჩივანმა შეამცირა იმპორტის გადასახდელები. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს მართებულად დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით მომჩივანს არაერთხელ აქვს მოქცეული სხვადასხვა დასახელების საქონელი თავისუფალი მიმოქცევის საბაჟო პროცედურაში (17 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4).
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით. ამგვარად მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციისგან საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.