თარიღი: 9/3/2021
ნომერი: 14172/2/20
მუხლი: საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო,
კატეგორია: პროცედურა,
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
 

ქ. თბილისი

3.09.2021

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №14172/2/2021

მომჩივანი: შპს „ტ...ო“ (ს/ნ ...)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, გ. მაისურაძის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, გ. ბასილაძის, შ. გვენეტაძის, შ. კომლაძის, დ. ლაშხიას, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 3.09.2021 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „ტ...ს“ 2.08..2021 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №14172/2/2021).

დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2021 წლის №001-72 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23368 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 195 920 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 115 072
ჯარიმა - 57 636
საურავი - 23 212

ფაქტების აღწერა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 4.03.2019 წლიდან 1.12.2020 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმები. შემოწმების შედეგები აისახა 30.03.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2021 წლის №9876 ბრძანება და ამავე თარიღის №001-72 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 17.06.2021 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახური, რომლის 19.07.2021 წლის №23368 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს „ტ...ს“ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2.04.2021 წლის №9876 ბრძანება და ამავე თარიღის №001-72 საგადასახადო მოთხოვნა, 2.04.2021 წელს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ ვებ-გვერდზე rs.ge-ზე, რომელსაც გაეცნო 7.04.2021 წელს.
შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 17.06.2021 წელს.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივნის მიერ სათანადოდ არ არის დასაბუთებული წარდგენილი პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საჩივარი 2.04.2021 წლის №001-72 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა გათვალისწინებული დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რამდენადაც აქვს ქრონიკული დაავადებები, იმ პერიოდში გამწვავებული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ მოახერხე საჩივრის წარდგენა საგადასახადო კოდექსით დადგენილ 30 დღიან ვადაში.
ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 2021 წლის პირველ მარტს, როდესაც მიმართა კლინიკას, რამდენადაც აქვს ნევროლოგიური დარღვევები, რადიკულოპათია, დისმეტაბოლური ენცეფალოპათია, დიაბეტური პოლინეიროპათია, ძილის დარღვევები. ასევე, აქვს ქრონიკული დაავადება შაქრიანი დიაბეტი. მიუხედავად იმ გარემოებისა რომ არ ეთანხმებოდა საგადასახადო შემოწმების აქტსა და საგადასახადო მოთხოვნას, მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო დაუქვეითდა შრომისუნარიანობა, უჭირდა სიარული, აწუხებდა უძილობა და წონასწორობის დარღვევა, ასევე, მუდმივად განიცდიდი დიდ ტკივილებს. დანიშნული მკურნალობის პერიოდში, ნევროლოგიური პრობლემების, უძილობის, ძლიერი ტკივილებისა და ცნობიერების არევის დასტაბილურების მიზნით იღებდა ძლიერმოქმედ მედიკამენტებს, მათ შორის ტკივილგამაყუჩებელს და სედატიურ პრეპარატებს, რის გამოც აშლილი ჰქონდა დროის დინების შეგრძნება. დღეისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავაც მძიმეა, მაგრამ დასტაბილურდა, მეტ-ნაკლებად დაუბრუნდა ცნობიერების შეგრძნება, თუმცა კვლავაც არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ითხოვს მისი მდგომარეობის გათვალისწინებას, რამდენადაც გასაჩივრების ვადის დარღვევა მოხდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ითხოვს მიეცეს საშუალება წარადგინოს მისი პოზიცია შემოსავლების სამსახურის 30.03.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტისა და 2.04.2021 წლის №001-72 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით. მომჩივანი არგუმენტებს წარმოადგენს დავის არსთან დაკავშირებითაც.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ბაზაზე დაყრდნობით მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2.04.2021 წლის №9876 ბრძანება და ამავე თარიღის №001-72 საგადასახადო მოთხოვნა 2.04.2021 წელს გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელსაც გაეცნო 7.04.2021 წელს. შესაბამისად, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 13.05.2020 წელი (30-ე დღე 7.05.2021 წელი, ემთხვევა საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის №175 დადგენილებით განსაზღვრულ უქმე დღეს), საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 17.06.2021 წელს, გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. ამდენად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
მომჩივანი არ უარყოფს გასაჩივრების ვადის დარღვევის ფაქტს, თუმცა მომჩივნის არგუმენტაციით და მითითებული გარემოებით ვერ დასტურდება, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 19.07.2021 წლის №23368 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.