თარიღი: 9/17/2021
ნომერი: 13936/2/20
მუხლი: პირის მიერ საქონლის ან სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების ან/და გამოცხადების ვადის დარღვევა,
კატეგორია: საბაჟო ჯარიმები,
შემმოწმებელი: საბაჟო დეპარტამენტი
 

ქ. თბილისი

17.09.2021

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა № 13936/2/2021

მომჩივანი: ვ. ბ (პ/ნ)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი


საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, გ. მაისურაძის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, გ. ბასილაძის, შ. გვენეტაძის, შ. კომლაძის, დ. ლაშხიას, დ. მოლოდინის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის შემადგენლობით, 17.09.2021 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ვ. ბ. 7.07.2021 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №13936/2/2021).

დავის საგანი:
საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 1.06.2021 წლის №EL137624 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 30.06.2021 წლის №21271 ბრძანება.

დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი.

ფაქტების აღწერა
მომჩივანმა ოპელის მარკის მსუბუქი ავტომანქანა სომხეთის სახელმწიფო ნომრით ... საქართველოში შემოყვანა 2.02.2020 წელს. საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ვადად განესაზღვრა 60 კალენდარული დღე. აღნიშნული ავტომობილი ს.გ.პ „სადახლო-საავტომობილოს“ კონტროლის ზონაში გამოცხადდა აღნიშნული ვადის დარღვევით, 1.06.2021 წელს. შესაბამისად, საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადა დაირღვა 425 კალენდარული დღით.
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევის გამო მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 1.06.2021 წლის №EL137624 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.06.2021 წლის №21271 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების/ გამოცხადების ვადის დარღვევაში. ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის კი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლი.
საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული სატრანსპორტო საშუალების მიმართ არ დარღვეულა გამოცხადების ვადა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის კონკრეტულ ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. შემოსავლების სამსახური ვერ გაიზიარებს მომჩივნის არგუმენტებს უსაფუძვლობის გამო და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

მომჩივნის არგუმენტაცია
ავტომანქანა რეგისტრირებულია სომხეთში (სომხეთის სახელმწიფო ნომრით .....) და საზღვარზე შემოყვანილია 2020 წლის 2 თებერვალს. კანონმდებლობის მიხედვით, აპირებდა 60 დღის განმავლობაში სომხეთის საზღვრის გადაკვეთას.
პირველად 2020 წლის მარტში გამოცხადებული მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით, ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებით დამტკიცებულ წესში რამდენიმეჯერ შევიდა ცვლილება, რომელთა მიხედვითაც 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილ ავტომობილებზე გავრცელდა შეღავათი და განბაჟების ვადა გახანგრძლივდა ჯერ პირველ სექტემბრამდე, შემდეგ 2021 წლის პირველ მარტამდე, ხოლო შემდეგ 2021 წლის პირველ ივნისამდე.
სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მივიდა 2021 წლის 1 ივნისს, საზღვრის გახსნის პირველივე დღეს, სადაც საბაჟო გამშვებ პუნქტში დააჯარიმეს 1000 (ათასი) ლარით. აღნიშნული ჯარიმა 2021 წლის 7 ივნისს გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მიაჩნია, რომ აღნიშნული ჯარიმა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის არის უსამართლო, შემდეგი მიზეზების გამო:
სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ავტომანქანაზე დაფიქსირდა დეკლარირების ვადის დარღვევა 425 კალენდარული დღე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ავტომანქანა შემოყვანილ იყო 2020 წლის 2 თებერვალს, შესაბამისად დეკლარირების 60-დღიანი ვადა იწურებოდა 2020 წლის 2 აპრილს.
2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ ავტომობილებზე დეკლარირების ვადის გახანგრძლივების შესახებ ბრძანება გამოიცა და ძალაში შევიდა 2020 წლის 17 მარტს ანუ მაშინ, როდესაც დეკლარირების ვადა დარღვეული არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ამ ბრძანებით გათვალიწინებული შეღავათი და ვადების გადაწევა უნდა გავრცელდეს აღნიშნულ ავტომობილზეც.
პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო სომხეთთან საზღვარი ჩაკეტილი იყო 2021 წლის 1 ივნისამდე, შესაბამისად შეუძლებელი იყო 1 ივნისამდე მოეხერხებინა სომხეთის საზღვრის კვეთა.
იმავე პერიოდში კომუნიკაცია ჰქონდა სამთავრობო ცხელ ხაზთან და მათ დაუდასტურეს, რომ 1 ივნისს საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში მომჩივნის მიერ კანონი არ დაირღვეოდა.
ზემოთ ხსენებულ საკანონმდებლო ცვლილებებში აღნიშნული იყო, რომ სატრანსპორტო საშუალების მფლობელი აგრეთვე თავისუფლდება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან. შესაბამისად თუ სამართალდარღვევად ჩაითვლება ის, რომ გამოცხადება/დეკლარირების ვადა ამოეწურა 31 მაისს და არა 1 ივნისს, მაშინ მის მიერ დაგვიანებული იყო მხოლოდ 1 დღე და შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა უნდა ყოფილიყო 50 ლარი ნაცვლად 1000 ლარისა.
შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული №21271 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი, დასაბუთებაში სრულიად არის იგნორირებული და არც ერთხელ არ არის ნახსენები ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილი რამდენიმე ცვლილება, რომლითაც ავტომობილების დეკლარირების ვადა გახანგრძლივდა 2021 წლის 1 ივნისამდე. მომჩივანი აღნიშნავს, რომ ეს ცვლილება ეხებოდა 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ ავტომობილებს, ხოლო ეს ავტომობილი შემოყვანილი იყო 2020 წლის 2 თებერვალს, შესაბამისად აღნიშნული შეღავათი უნდა გავრცელებულიყო მომჩივნის ავტომობილზეც.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვს მისთვის დაკისრებული ჯარიმის სრულად გაუქმებას ან ფულადი ჯარიმის 50 ლარამდე შემცირებას.

დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1 000 ლარისა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტების თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-7-მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ (დანართი №8) ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებით დამტკიცებული საქმის წარმოების წესის (დანართი №1) მე-5 მუხლის ბრძანებით დამტკიცებული საქმის წარმოების წესის (დანართი №1) მე-5 მუხლის თანახმად, „იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ კორონავირუსული ინფექციის ეპიდაფეთქებები გამოცხადდა პანდემიად, რაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას და აღნიშნული გარემოება კი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მიიჩნევა დაუძლველ ძალად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სესესნ) 8701, 8702, 8703, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში - მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), აგრეთვე 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის მფლობელი თავისუფლდება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, აგრეთვე აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადამხდელი თანხის გადაუხდელობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით განსაზღვრული საურავისაგან, თუ იგი 2021 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოფს ამ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევას ან რეექსპორტში მის დეკლარირება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დარღვეულია რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა).“
მომჩივანმა ავტომანქანა შემოიყვანა 2020 წლის 2 თებერვალს ხოლო, დოკუმენტების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ავტომანქანას დაუფიქსირდა დეკლარირების ვადის დარღვევა 425 კალენდარული დღე.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სატრანსპორტო საშუალების წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისათვის, მომჩივანი ვალდებული იყო 2021 წლის 1 ივნისამდე მოეხდინა სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, თუმცა აღნიშნული ავტომობილი ს.გ.პ „სადახლო-საავტომობილოს“ კონტროლის ზონაში გამოცხადდა აღნიშნული ვადის დარღვევით, 1.06.2021 წელს.
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო საპატიო სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედების ფარგლებში, განსახილველ შემთხვევაში, მომჩივანი არასწორად აფასებდა ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. შესაბამისად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მომჩივანი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს სადავო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული საბაჟო სანქციისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაჟო ორგანოს მიერ სანქცია სწორად არის შეფარდებული, თუმცა მომჩივანი თავისუფლდება ამ სანქციის - ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს 1.06.2021 წლის №EL137624 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.