-
1. რა ტიპის დავის წარმოებაა შესაძლებელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში?
დავების განხილვის საბჭო არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანო.
-
2. რამდენ ეტაპიანია საგადასახადო/საბაჟო დავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში?
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით, გარდა ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
-
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში რა შემთხვევაში იწყება საგადასახადო დავა შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენის გარეშე?
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 297-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურში არ საჩივრდება. პირს უფლება აქვს, საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინასწარი გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
-
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში რა შემთხვევაში არ საჩივრდება გადასახადის გადამხდელის საჩივრის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება?
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 273-ე (გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევა) და 281-ე (საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევა) მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის საჩივარზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.
-
5. რის საფუძველზე განისაზღვრება საგადასახადო დავის განხილვის წესი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში?
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განხილვის და მომჩივნებთან ურთიერთობის წესი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტით“.
-
6. შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული, მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილება რა ვადაში საჩივრდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში?
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
-
7. რა არის დავის განმხილველი ორგანოების მიერ საჩივრის წარმოებაში მიღების შემაფერხებელი გარემოებები?
საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:
ა) საჩივარში არ არის მითითებული მომჩივნის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
ბ) საჩივარში არ არის მითითებული მომჩივნის საკონტაქტო მონაცემები;
გ) საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი;
დ) საჩივარს არ ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) საჩივრის ან მისთვის დართული დოკუმენტების გვერდები დაუნომრავია;
ვ) საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტაცია არ იკითხება;
ზ) საჩივარი ან მისთვის დართული დოკუმენტი არ არის შედგენილი საქართველოს სახელმწიფო ენაზე;
თ) საჩივარი ხელმოუწერელია;
ი) საჩივარი წარმომადგენლის მიერ არის წარდგენილი და მას არ ერთვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-15 მუხლის 21 პუნქტის თანახმად:
21. იმ შემთხვევაში, თუ საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მომჩივანი ამყარებს თავის მოთხოვნებს, დავის განმხილველი ორგანო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მომჩივანს უდგენს ხარვეზს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
-
8. რა ვადაში ხდება დავის განმხილველი ორგანოებისთვის წარდგენილ საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორება?
თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მომჩივანს წერილობით ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა არანაკლებ 5 დღე საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, მომჩივნის მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში გააგრძელოს ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა.
-
9. დავის განმხილველი ორგანოს მიერ რა შემთხვევაში შეიძლება დარჩეს საჩივარი განუხილველი?
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ:
ა) მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე;
ბ) მოთხოვნის საგანი სცილდება დავის განმხილველი ორგანოს განსჯად საკითხებს;
გ) საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
დ) არ არსებობს დავის საგანი;
ე) გასულია საჩივრის წარდგენის ვადა;
ვ) საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში;
ზ) არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
ი) მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს;
კ) მომჩივანი გარდაიცვალა;
ლ) გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საჩივარი არ განიხილება აღიარებული საგადასახადო დავალიანების ნაწილში;
მ) მომჩივნის მოძიება შეუძლებელია;
ნ) საჩივარი ანონიმურია;
ო) გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
-
10. შესაძლებელია თუ არა საჩივრის განხილვა მომჩივნის დაუსწრებლად?
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, მომჩივანთან დაკავშირების შეუძლებლობის, მისი მოუძიებლობის ან საჩივრის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის გამოუცხადებლობის შემთხვევაში საჩივარი მის დაუსწრებლად განიხილება.
-
11. რა ფორმით ეგზავნება მომჩივანს გადაწყვეტილება?
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება მხარეებს, როგორც წესი, ელექტრონულად ეგზავნებათ.
-
12. რა ვადაში შედის ძალაში დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება?
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში შედის მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 21-ე დღეს, მისი გაუსაჩივრებლობის შემთხვევაში.
-
13. რა შემთხვევაში ითვლება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება ჩაბარებულად?
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-7 და მე-9, ნაწილების თანახმად, წერილობითი დოკუმენტი გადასახადის გადამხდელისათვის (გარდა ფიზიკური პირისა) ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა:
ა) უფლებამოსილ პირს;
ბ) პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს;
გ) სარეგისტრაციო დოკუმენტებით განსაზღვრულ იურიდიულ მისამართზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს;
ე) სარეგისტრაციო დოკუმენტებით იურიდიულ მისამართად განსაზღვრულ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს.
პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
ასევე, გადაწყვეტილება პირს შეიძლება ჩაბარდეს დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესით.
-
14. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება რა შემთხვევაში შეიძლება ჩაბარდეს პირს დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესით?
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
-
15. რა შემთხვევაში, რა ვადაში, ვისი მოთხოვნით და დავის განმხილველ რომელ ორგანოშია დასაშვები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება?
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.
მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.